მახაშვილის აზრით, „ოცნებისთვის“ მიწვევის გაუქმება „პოლონეთის გეოპოლიტიკურ ლიდერობას“ აზიანებს

1 day ago 2

“ქართული ოცნების” პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი პასუხობს პოლონელ კოლეგებს, რომლებმაც საქართველოს დელეგაციას COSAC-ის კონფერენციაზე მიწვევა გაუუქმეს.

„თქვენმა ასეთმა დასანანმა გადაწყვეტილებებმა შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს აღმოსავლეთ პარტნიორობაზე და ძირი გამოუთხაროს პოლონეთის გეოპოლიტიკურ ლიდერობას“, — წერს მახაშვილი პოლონეთის სეიმისა და სენატის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეებს, აგნიეშკა პომასკასა და ტომაშ გროდსკის.

ლევან მახაშვილის 6 იანვრით დათარიღებულ წერილს, რომელშიც ის ღრმა შეშფოთებას გამოხატავს საქართველოს დელეგაციისთვის მიწვევის გაუქმებაზე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი აქვეყნებს.

მახაშვილი ამბობს, რომ 2014 წლიდან, ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, საქართველოს პარლამენტს აქვს COSAC-ში კონსტრუქციული მონაწილეობის გამოცდილება, რაც დადებითად აისახებოდა როგორც რეგიონზე, ისე მთლიანად ევროკავშირზე. ამასთან, ირწმუნება, რომ საქართველო რჩება კანონის უზენაესობის, საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფისა და მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების დაცვის ერთგული, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ევროკავშირის წევრი ან კანდიდატი ქვეყანა.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შეიძლება არ ვთანხმდებოდეთ საქართველოში მიმდინარე მოვლენების შეფასებაზე, COSAC კონფერენცია წარმოადგენს დიალოგის და არა დაყოფის ღირებულ შესაძლებლობას. ჩვენი, როგორც პარლამენტარების მოვალეობა ხომ დიალოგისა და ურთიერთგაგების ხიდების მშენებლობაა მაშინ, როცა ეს შეიძლება სხვა დონეებზე გამოწვევად ჩანდეს. პოლონეთი ოდესღაც იყო აღმოსავლეთის პარტნიორობის გამორჩეული მხარდამჭერი. თქვენმა ასეთმა დასანანმა გადაწყვეტილებებმა შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს აღმოსავლეთ პარტნიორობაზე და ძირი გამოუთხაროს პოლონეთის გეოპოლიტიკურ ლიდერობას. თქვენი გადაწყვეტილება რისკის ქვეშ აყენებს კონსტრუქციულ დიალოგს და უფრო მეტად ამწვავებს არსებულ სიტუაციას, ასევე, უარყოფითად მოქმედებს თავმჯდომარე ქვეყნის — პოლონეთის — ავტორიტეტზე, სანდოობასა და ლიდერობაზე. ის ასევე შეიძლება გახდეს პრობლემური პრეცედენტი COSAC-ის მომავალი საქმიანობისთვის. ამ შესაძლებლობების გაწყვეტა მხოლოდ მეტ დაბრკოლებებს უქმნის თანამშრომლობას და COSAC-ის ინსტიტუციურ განვითარებას“, — ნათქვამია ლევან მახაშვილის წერილში.

COSAC არის ევროკავშირის პარლამენტების ევროკავშირის საქმეთა კომიტეტების კონფერენცია, რომელიც აერთიანებს ევროპარლამენტარებს და ბლოკის წევრი ქვეყნების ეროვნული პარლამენტების ევროკავშირის საკითხთა კომიტეტებს. ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების ეროვნული პარლამენტები კონფერენციაზე მიწვეული არიან სამი დამკვირვებელი წევრით.

COSAC-ის პლენარული შეხვედრები წელიწადში ორჯერ ტარდება და ჩვეულებრივ იმართება ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის დედაქალაქში. შესაბამისად, COSAC-ის მომდევნო პლენარული სესია დაგეგმილია 26-27 იანვარს, ვარშავაში.

კონფერენციაზე მიწვევა საქართველომ 2024 წლის 6 დეკემბრის წერილით მიიღო, თუმცა ერთ კვირაში გაუქმდა. პოლონეთის სეიმის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე აგნიეშკა პომასკასა და სენატის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ტომაშ გროდსკის 23 დეკემბრით დათარიღებულ წერილში შეშფოთებაა გამოთქმული საქართველოში ბოლოდროინდელი დემოკრატიული უკუსვლისა და ევროპული ინტეგრაციის გზიდან გადახვევის გამო. მითითებაა ევროპარლამენტის რეზოლუციაზე, რომელიც საქართველოს ოფიციალურ პირებთან კონტაქტების შემცირებისკენ მოუწოდებს.

„ჩვენ ვაცნობიერებთ იმ ფაქტს, რომ მოლაპარაკებების პროცესის 2028 წლამდე შეჩერების და საქართველოს ხელისუფლების მიერ დემოკრატიული სტანდარტების დარღვევის მიუხედავად, საქართველო ფორმალურად რჩევა ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნად და უფლება აქვს, ორი დამკვირვებელი წევრი ჰყავდეს COSAC-ის შეხვედრაზე. პოლონეთის პარლამენტი პატივს სცემს წესებს და რეგისტრაციის პროცესი ღია რჩება ყველა მონაწილისთვის. მიუხედავად ამისა, გვინდა პატივისცემით შეგატყობინოთ, რომ ზემოაღნიშნული მიზეზების გამო, როგორც COSAC-ის თავმჯდომარეების შეხვედრის მასპინძლები, ჩვენ აღარ ვუჭერთ მხარს თქვენი პარლამენტისთვის გამოგზავნილ მიწვევას“, — ნათქვამია კონფერენციის პოლონელი მასპინძლების წერილში.

🇪🇺🇬🇪Together with the Senate Chairman @profGrodzki we have decided to withdraw the invitation to the Conference of Parliamentary Committees for Union Affairs of the EU (COSAC) for the Georgian Chairman. The representatives of the Georgian authorities decided to break the EU… pic.twitter.com/W5tTj644aX

— Agnieszka Pomaska (@pomaska) December 13, 2024

სრულად წაკითხვა