„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ გიორგი გახარია პირველი დაესხა თავს დიმიტრი სამხარაძეს, რაც შესაძლოა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმად დაკვალიფიცირდეს.
დიმიტრი სამხარაძეს, ისევე როგორც გიორგი გახარიას დეპუტატის, ე.ი. სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის სტატუსი აქვთ. სისხლის სამართლის კოდექსით, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმა მის სახელმწიფოებრივ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ისჯება 7-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობით.
ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის მუქარა ისჯება 6-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.
„ჩვენ უნდა ჩამოვყალიბდეთ, ვინ ვის დაესხა თავს. იყო სიტყვიერი კამათი და არსებობს კადრი, რომლის მიხედვითაც გახარიამ სახეში ჭიქა ჩაარტყა დიმიტრი სამხარაძეს. ხომ იყო ასე? დიმიტრი სამხარაძის რეაქცია საპასუხო იყო თუ არ იყო? თუ საპასუხო რეაქცია იყო, თავდასხმა როგორაა?“ — განაცხადა მდინარაძემ.
მისი თქმით, „იმედის“ მიერ გავრცელებული ვიდეოკადრები აღწერს ინციდენტის დაწყებას და დასრულებას, ხოლო თუ სხვა ვიდეო არ იქნება, შუაში რა არის ჩვენებებით დადგინდება.
„მე რაზეც ვლაპარაკობ, სრული ვიდეო არ სჭირდება. დაწყება ხომ ნამდვილად არის? გახარია უნდა დაფიქრდეს იმაზე, ხომ არ აქვს ადგილი სახელმწიფო თანამდებობის პირზე თავდასხმის მცდელობას, რაც საკმაოდ მძიმე მუხლია. ფიზიკური ძალადობა პირველი გახარიას მხრიდან იყო. ახლა გამოსაძიებელია მხოლოდ ის, ამას პოლიტიკური სარჩული ედო თუ არა. თუ ასე იყო უმძიმესი მუხლია, 325-ე თუ არ ვცდები“, — განაცხადა მდინარაძემ და დასძინა, რომ თავდასხმაზე პასუხის ყველა მიიღებს.
გასულ ღამით ბათუმში, სასტუმრო „შერატონში” ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერ გიორგი გახარიას სცემეს. მანამდე იმავე სასტუმროში თავს დაესხნენ ჟურნალისტ ზვიად ქორიძეს. მომხდარზე ინფორმაცია თავდაპირველად ჟურნალისტმა გელა მთივლიშვილმა გაავრცელა. მისი ინფორმაციით, რასაც ქორიძეც ადასტურებს, თავდასხმაში „ქართული ოცნების“ დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი მანველიძე მონაწილეობდნენ.
გიორგი გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობით და ტვინის შერყევით კლინიკაში გადაიყვანეს.
შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 120-დან 180 საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე. გიორგი გახარია დეპუტატის სტატუსი აქვს, თუმცა გამოძიება არ დაწყებულა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმის გაცილებით მძიმე მუხლით, რაც 7-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით ისჯება და არც ძალადობით ჩადენილი პოლიტიკური დევნის მუხლით, როგორც ალეკო ელისაშვილის შემთხვევაში, რაც ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. მამუკა მდინარაძის კომენტარიდან გამომდინარე, გამორიცხული არ არის საქმეში დაზარალებულად არა გახარია, არამედ დიმიტრი სამხარაძე ცნონ.