მდინარაძე რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ხდება, რეგიონული განვითარების სამინისტრო უქმდება

4 days ago 14

მამუკა მდინარაძე, რომელიც ამჟამად „ქართული ოცნების“ მთავრობაში სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრია, რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გახდება. ამ თანამდებობის შექმნას მისი ამჟამინდელი პოზიციის, ასევე რეგიონული განვითარების სამინისტროს გაუქმება მოყვება.

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დაგეგმილი ცვლილებების შესახებ 29 ივლისს, მთავრობის ადმინისტრაციაში მდინარაძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ცვლილებებს „ქართული ოცნების“ მიერ დომინირებული პარლამენტი, სავარაუდოდ, სექტემბრის დასაწყისში, შემოდგომის სესიის გახსნის შემდეგ უყრის კენჭს.

„რამდენიმე თვის წინ მამუკა მდინარაძემ დაიკავა სამართალდამცავი ორგანოების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, სადაც მან უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინირებული მუშაობის სისტემის ჩამოყალიბებაში“, – განაცხადა კობახიძემ ბრიფინგზე. „ამ დროის განმავლობაში გაწეული სამუშაო გვაძლევს შესაძლებლობას, სამართალდამცავი სტრუქტურების ეფექტიანი კოორდინაცია და მუშაობა მომავალში სახელმწიფო მინისტრის საგანგებო თანამდებობის გარეშე უზრუნველვყოთ“.

„რეგიონული პოლიტიკის გაძლიერება უდიდესი გამოწვევაა. სახელმწიფო მინისტრი რეგიონული პოლიტიკის საკითხებში პასუხისმგებელი იქნება რეგიონებში მართვის ეფექტიანობის უზეუნველყოფაზე. სწორედ ამ მისიის განსაკუთრებული დატვირთვიდან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას დაიკავებს ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე“, – აღნიშნა მან.

კობახიძემ დასძინა, რომ რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღების პირობებში „არსებითად დანიშნულებას კარგავს“ რეგიონული განვითარების სამინისტრო და ის შესაბამისად, სექტემებერში გაუქმდება.

მოქმედი მინისტრი კახა გულედანი, რომელიც ამ პოსტზე 2025 წლის აპრილიდან მსახურობდა, ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას დაიკავებს.

კობახიძემ „ქართული ოცნების“ პარლამენტს სთხოვა, რესტრუქტურიზაციისთვის საჭირო საკანონმდებლო ცვლილებები დაჩქარებული წესით მიიღოს.

მან მდინარაძეს ახალ თანამდებობაზე წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ რეგიონული პოლიტიკის ეფექტური განხორციელება ამჟამად სახელმწიფოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის ამოცანაა.

 „გამოწვევა მიღებულია“, – განაცხადა მდინარაძემ და ახალი თანამდებობა „დიდ პატივად“ და „დიდ გამოწვევად“ შეაფასა.

მდინარაძე, რომელიც აპრილიდან ვიცე-პრემიერისა და სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას იკავებს, 2025 წლის სექტემბრიდან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ხელმძღვანელობდა. მანამდე იგი „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი იყო.

This post is also available in: English

სრულად წაკითხვა