მე-11 მოწვევის პარლამენტი ერთპარტიული იქნება? ივანიშვილი მანდატს ტოვებს, ცნობილია მთავრობის განახლებული შემადგენლობა

3 weeks ago 14

დღეს, 25 ნოემბერს, 12:00 საათზე საქართველოს პარლამენტის მე-11 მოწვევის პირველი სხდომა ჩატარდა. ის არ დაუნიშნავს და არც ესწრებოდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რადგან იგი, როგორც ცნობილია, არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ამასთან დაკავშირებით სარჩელი აქვს შეტანილი საკონსტიტუციო სასამართლოში. სალომე ზურაბიშვილმა 25 ნოემბერს „შავი ორშაბათი“ უწოდა პლატფორმა X-ზე (ყოფილი ტვიტერი) გამოქვეყნებულ თავის პოსტში.

პირველი სხდომის ჩატარებას არალეგიტიმურად და კონსტიტუციის დარღვევად აფასებენ ოპოზიციური გაერთიანებების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. აღსანიშნავია, რომ მას არ ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც, რომლებიც „ოცნებამ“ სხდომაზე არ მიიწვია.

„ქართული ოცნების“ წევრები პარლამენტში 11 საათიდან მივიდნენ, რუსთაველის გამზირზე პარალელურად მიმდინარე საპროტესტო აქციის ფონზე. დემონსტრანტების ნაწილმა პარლამენტთან ღამე გაათია, ნაწილი კი დილის 9 საათიდან შეუერთდა მომიტინგეებს.

პარლამენტის პირველი სხდომა უხუცესმა წევრმა, ლადო კახაძემ გახსნა.

რეგისტრაცია გაიარა 88-მა დეპუტატმა (როგორც ცნობილია, ცესკოს საბოლოო შედეგების თანახმად, „ოცნებას“ 89 მანდატი აქვს, ერთი დეპუტატი პირველ სხდომას ჯანმრთელობის პრობლემის გამო არ ესწრებოდა).

პარლამენტმა 150 დეპუტატის უფლებამოსილება ცნო 88 ხმით, თუმცა ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების 61 დეპუტატიდან სხდომათა დარბაზში არცერთი ყოფილა. დანარჩენმა 88-მ უფლებამოსილების ცნობის შემდეგ ქვეყნისადმი ერთგულების ფიცი დადო.

61 მანდატი „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობას“, „ძლიერ საქართველოსა“ და „გახარია საქართველოსთვის“ შორის გადანაწილდა, თუმცა ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პარლამენტში შესვლას არ აპირებენ და გააგრძელებენ მშვიდობიან ბრძოლას მიზნის მისაღწევად – მიზანი კი არის ახალი არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო კომისია ჩაატარებს.

სადეპუტატო მანდატის გაუქმების თაობაზე, მათივე თქმით, პარლამენტს უკვე მიმართეს გიორგი ვაშაძემ („სტრატეგია აღმაშენებელი“), ელენე ხოშტარიამ („დროა“), ზურა ჯაფარიძემ („გირჩი – მეტი თავისუფლება“), ნიკა გვარამიამ („ახალი“)  და ნიკა მელიამ („ახალი“). ჯერჯერობით უცნობია, რამდენი განაცხადი აქვს მიღებული საკანონმდებლო ორგანოს ოპოზიციონერი დეპუტატების უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე. თუ ოპოზიციის დეპუტატებიდან ყველა უარს იტყვის საპარლამენტო მანდატებზე, მაშინ გამოდის, რომ მე-11 მოწვევის პარლამენტი ერთპარტიული იქნება.

პირველ სხდომაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ ისევ შალვა პაპუაშვილი აირჩიეს, მის მოადგილეებად კი – გიორგი ვოლსკი, თეა წულუკიანი და ნინო წილოსანი.

ცნობილი გახდა, რომ ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე და ირაკლი ღარიბაშვილი საპარლამენტო მანდატებს დატოვებენ. ირაკლი კობახიძე კვლავ პრემიერ-მინისტრი იქნება.

პარლამენტის სხდომის შემდეგ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტისთვის წარსადგენად მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა, რომელშიც 3 მინისტრი იცვლება.

სამთავრობო გუნდში აღარ იქნებიან: ილია დარჩიაშვილი (საგარეო საქმეთა მინისტრი), რატი ბრეგაძე (იუსტიციის მინისტრი) და ოთარ შამუგია (სოფლის მეურნეობის მინისტრი).

მთავრობის განახლებული შემადგენლობა ასეთია:

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი – მაკა ბოჭორიშვილი;

საქართველოს იუსტიციის მინისტრი – ანრი ოხანაშვილი;

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – დავით სონღულაშვილი;

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – ლევან დავითაშვილი;

საქართველოს თავდაცვის მინისტრი – ირაკლი ჩიქოვანი;

საქართველოს ფინანსთა მინისტრი – ლაშა ხუციშვილი;

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – ირაკლი ქარსელაძე;

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი – ვახტანგ გომელაური;

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი – ალექსანდრე წულაძე;

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – მიხეილ სარჯველაძე;

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი – თეა ახვლედიანი;

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი – თინათინ რუხაძე.

პარლამენტი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცესს ხვალიდან, 26 ნოემბრიდან დაიწყებს. ხვალ გაიმართება ბიუროს სხდომა, რომელსაც პრემიერმინისტრობის კანდიდატი ირაკლი კობახიძე მთავრობის განახლებულ შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას ოფიციალურად წარუდგენს.

რეგლამენტის მიხედვით, მინისტრობის კანდიდატებს დარგების შესაბამისად მოუსმენენ საპარლამენტო კომიტეტები, პრემიერმინისტრობის კანდიდატი სამთავრობო გუნდთან ერთად პარლამენტის წინაშე პლენარულ სხდომაზე წარდგება.

მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებას პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის – 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე წლის 26 ნოემბრიდან საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს, რომლის დროსაც ვიზიტორებს პარლამენტის სასახლეში შესვლა ეზღუდებათ. დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მიწვეული პირები.

უსაფრთხოების ყვითელი დონე ძალაში იქნება მის გაუქმებამდე.

„საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად, მიმდინარე წლის 26 ნოემბრიდან მის გაუქმებამდე საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე – ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა. დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის კომიტეტის და პლენარულ სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები. შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან, საპარლამენტო ღონისძიებების დასრულებამდე. აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მოამზადა ნანა ძნელაძემ

სრულად წაკითხვა