მესამე დღეა რაც ქართული მედია აბუ-დაბიში, სასტუმრო "რედისონში", მომხდარი სკანდალის შესახებ წერს. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილსა და და "ქართული ოცნების" დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება, სავარაუდოდ, მას შემდეგ დაიწყო, რაც ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე საუზმობისას ლაშა გაბიტაშვილს თავს დაესხნენ. კადრებში ასევე ჩანს, რომ ადგილზე იმყოფებოდა "ქართული ოცნების" კიდევ ერთი დეპუტატი გელა სამხარაული.
შემთხვევას წინ უძღოდა ინციდენტი, რომელიც ერთი დღით ადრე სასტუმროს ტერიტორიაზე მოხდა. მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილის ცნობით, აბუ-დაბიში ირაკლი ზარქუას შეხვდა და გადაწყვიტა, რომ ბათუმში განვითარებულ მოვლენებზე მოეყოლა, თუმცა როგორც გაბიტაშვილი აღნიშნავს, ზარქუამ მის ტელეფონს ხელი გაარტყა და შეურაცხყოფა მიაყენა.
მეორე დღეს მომხდარი ჩხუბის დროს, სასტუმროს კაფის ტერიტორიაზე იმყოფებოდა მარიამ ბაგრატიონი შვილთან ერთად. მოქალაქის მიერ გადაღებულ ვიდეოში, ქალი მარიამ ბაგრატიონს მიმართავს და ეუბნება, რომ ყველგან ასე უნდა დახვდნენ ქვეყნის მოღალატეებს.
გავრცელებულ ვიდეოში ბაგრატიონზე წერენ: "ცოლებიც მოყვნენ "პრიკუპში". მედიაში გავრცელებულ სიუჟეტში ასევე ჟურნალისტი ამბობს, რომ ადგილზე ის ყველაფერს აკეთებდა "ოცნების" დეპუტატების დასაცავად.
იმერეთის ბაგრატოვანთა შტოს წარმომადგენელი, პროფესიით მუსიკოსია და წლების წინ, „ერთსულოვნებაზე" საავტორო გადაცემა მიჰყავდა. მარიამი ამბობს, რომ გაუგებრობაში მოხვდა და იქ მყოფი დეპუტატებიდან არავისი ცოლი არ არის და 14 წლის შვილთან ერთად აბუ-დაბიში ისიც „ქოლდფლეის" კონცერტზე დასასწრებად ჩავიდა. მომხდარს კი შემთხვევით შეესწრო...
„არავის ოჯახის წევრი არ ვარ, არც კი ვიცნობ არცერთს. უბრალოდ ამ ფაქტს შევესწარი როგორც დამსვენებელი. ამ ადამიანმა (ლაშა გაბიტაშვილი) ჯერ კიდევ წინა დღეს ლანძღა და აგინა ყველას. მეორე დღესაც უბრალოდ ის გადაიღეს და დადეს, რაც თავად უნდოდათ და აწყობდათ.
მეც მლანძღეს და გავეცი პასუხი. საერთოდ არაფერ შუაში არ ვიყავი. ჩემი შვილი ჩამოვიყვანე კონცერტზე. მომხდარის დროს შვილთან ერთად კაფეში ვიჯექი და მივირთმევდით, როდესაც ეს ამბავი დაიწყო. შევესწარი და უბრალოდ ჩავერიე როგორც დამსვენებელი და ქართველი. მოვალედ ჩავთვალე თავი. მთელი სასტუმრო გააგიჟეს, ისე იქცეოდნენ და იგინებოდნენ, ყვიროდნენ მთავრობის წევრების მისამართით. ეს არის სიმართლე. მე საერთოდ რა შუაში ვიყავი, პროვოკატორმა ქალმა რომ გადამიღო. ცხოვრებაში არავისთვის მიმიყენებია შეურაცხყოფა, წყობიდან გამომიყვანეს.
მათ თუ აქვთ დასვენებისა და კონცერტზე წასვლის უფლება, მე რატომ არ მაქვს. რატომ ვარ მოღალატე ვერ გავიგე. რატომ უნდა შემავიწროონ და დამაბულინგონ, თავად რატომ არიან მაშინ აქ? - რატომ ისვენებს თუ ასეთი პატრიოტია ქვეყნის, რა ეკონცერტება, რუსი ცოლი მაგას ჰყავს მე კი არა (საუბარია ლაშა გაბიტაშვილზე ავტ.)
მე არავისი ცოლი და ნაშა არ ვარ, არც კი ვიცნობ დეპუტატებს, ორ შვილს გეფიცებით. ტყუილად გავილანძღე და ჩემი შვილიც ვანერვიულე.
წინა დღესაც შევესწარი ეს ბიჭი როგორ ლანძღავდა და აგინებდა საქვეყნოდ პარლამენტარებს, მთელი სასტუმროს წინ. გავოცდი... ეს მეორე დღე იყო, რაც ყველამ ნახეთ, ის რატომ არ დადეს. მე არ ვარ ინტრიგანი ადამიანი და არ გადამიღია არაფერი.
ტყუილად მცხებენ ჩირქს, უდანაშაულო, არაფერ შუაში მყოფ ადამიანს. მე ვარ აბსოლუტურად აპოლიტიკური ადამიანი. არცერთ პარტიას არ მივეკუთვნები და არცერთისგან არ მაქვს არანაირი სარგებელი. არავისთვის არაფერი დამიშავებია და არც წამირთმევია. ვისვენებდი უბრალოდ და ჩემთვის და უსამართლობას და ძალადობას არ მივესალმები არასოდეს. პროტესტი შეუძლიათ მიტინგზე და არა აქ, სასტუმროში სადაც ხალხი ისვენებს.
კიდევ ერთხელ ვამბობ, მე არცერთი მხარე არ ვარ, არ ვერევი პოლიტიკაში. მე რომ ვზივარ იქ, პატარა შვილთან ერთად, კონცერტებს არ უნდა მაყურებინებდნენ და არ უნდა მსტრესავდნენ თავიანთი პოლიტიკური შეხედულებების გამო", - ამბობს მარიამი.
წყარო: ambebi.ge