WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

მწერალი ირაკლი კაკაბაძე ირაკლი კობახიძეს მიმართავს:

,,თქვენ ცდებით, ბატონო პრემიერო

ღრმად პატივცემულო ბატონო პრემიერო,

მე მინდა გითხრათ, რომ ბევრისგან განსხვავებით მე ვაფასებ თქვენს ნიჭს და გონებრივ უნარებს. ნამდვილად ნიჭიერი ახალგაზრდა კაცი ხართ. და სულაც არ მგონია, რომ უჭკუოდ აკეთებთ, რასაც აკეთებთ.
თუმცა, როგორც თქვენზე რამოდენიმე წლით უფრო გამოცდილმა ადამიანმა, მინდა გითხრათ, რომ თქვენ ცდებით ერთ ძირითად საკითხში, რომლის გადააზრებაც მინდა კონსტრუქციულად შემოგთავაზოთ, ყოველგვარი ბოროტი ჩასაფრებულობის გარეშე.
გუშინ, თქვენ დებატებში განაცხადეთ, რომ ეთანხმებით თომას ჰობსის ცნობილ სენტენციას: ‘ადამიანი ადამიანისთვის მგელია’ (“Homo homini lupus est”). მე ვფიქრობ, რომ ზუსტად ეს არის მთავარი პრობლემა და შეცდომა, არა მარტო თქვენთვის, არამედ ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილისათვის. სწორედ ამ პრინციპისადმი ბრმა მიყოლამ მიგვიყვანა ამ მდგომარეობამდე, რომელშიაც დღეს ვართ. თომას ჰობსის ეს პრინციპი უკვე საუკუნეების მანძილზე დაედო საფუძვლად ბევრ არაჰუმანურ აქტს, გენოციდებს, ჰოლოკოსტებს, კონკურენციას, მტრობას და სოციალური და ეროვნული დარვინიზმის გაღვივებას.
ჰობსის ეს სენტენცია ანტი-ქრისტიანული პრინციპია. ძველი აღთქმა ჩვენ გვეუბნება რომ ღმერთმა ადამიანი საკუთარი ხატისა და სახების მიხედვით შექმნა. მართალია, ადამის და ევას შეცოდების მერე, ადამიანი ცოდვის მორევშიაც შევიდა, მაგრამ მისი თავდაპირველი სახე და ხატი არ შეცვლილა. თქვენ ბრძანეთ, რომ ჰობსმა ანტიკურ წარსულში მოიძია თავისი მაკიაველისტური ძირებიო. უთუოდ, იმ დროსაც იყვნენ სოფისტები და ძალმომრეობის მომხრეები. მაგრამ, ანტიკური ფილოსოფია, ისევე როგორც რენესანსი ევროპაში პლატონურ პრინციპებზე დგას, სადაც ‘სულის გადარჩენა’ და ეთიკური ცხოვრება მთავარ პრინციპად არის გამოცხადებული. პლატონური ანამნეზი სწორედ სულიერი (უკვდავი და უცვლელი სიქველის) ღირებულებების ‘გახსენებას’ და გაცნობიერებას გულისხმობს. ამ სამყაროში ყველაფერი იცვლება, გარდა ეთიკური პრინციპებისა. ქრისტიანობამ კიდევ უფრო სრულჰყო ეს პლატონური პრინციპები – ‘ღმერთი არის სიყვარული’ და ‘ღმერთი არის შემოქმედი (სამყაროსი)’ ქრისტიანობის მთავარი პრინციპებია. ჰობსი ამ პრინციპების წინააღმდეგ მიდის, ისევე როგორც მისი ბევრი მიმდევარი – ჰენრი კისინჯერი, ჯორჯ კენანი, მეტერნიხი, და სხვები. მსოფლიოს ბევრი დიქტატორიც სწორედ ჰობსის ‘მგლისებრ’ კანონებს მიჰყვებოდა. საინტერესოა, რომ ჰობსი მგლის ბუნებაშიაც ვერ ერკვეოდა სათანადოდ, რადგან მასში მხოლოდ ძალმომრეობით ბოროტ არსებას ხედავდა.
სოკრატეს და პლატონის (და მათთან ერთად არისტოტელეს, დიოგენე სინოპელის, ანაქსაგორას და სხვების) ანტიკური ფილოსოფიით დაწყებუბული, და შემდეგ უკვე შუასაუკუნეების, რენესანსის და მოდერნის ფილოსოფიით დამთავრებული ბევრი ფილოსოფოსი და მოაზროვნე ლაპარაკობს იმაზე, რომ სიქველე არის ადამიანური ცხოვრების მთავარი არსი. იმას, რომ იმპერიალიზმი, ჩაგვრა, ბატონობა და სიხარბე არასდროს არის პროგრესის საფუძველი. თქვენ საუბრობთ, რომ დიდ იმპერიებს დიდი კულტურა აქვთ შექმნილიო. დიახ, დიდ იმპერიებში მცხოვრებ დიდ მოაზროვნეებს სხვებთან ერთად დიდი ნაწარმოებები აქვთ შექმნილი. მაგრამ, ამ ნაწარმოებების უმრავლესობა სიქველის და სიყვარულის იდეას ემსახურება – თავისუფლებას და თანასწორობას როგორც არ უნდა მოუნდეს ჰობსს ან რომელიმე მის სხვა მიმდევარს ამის გაფორმება.
დიდი გერმანელი განმანათლებელი ფილოსოფოსი, პლატონის და არისტოტელეს ტრადიციის დიდი გამგრძელებელი, იმანუელ კანტი ადამიანური ეთიკის ‘კატეგორიულ იმპერატივს’ მიიჩნევს ჩვენი ამქვეყნიური ცხოვრების მთავარ დასაყრდენად. ‘ეთიკური საწყისების’ დაკარგვას განიცდიდა თეოდორ ადირნო ჰოლოკოსტის მერე, როდესაც ჰობსის მიმდევარმა ნაცისტებმა გადაწყვიტეს ებრაელი ერის გაჟლეტა ვითომდა პრობლემების მოსაგვარებლად. ამაზე წერს უამრავი მოაზროვნე. მაგრამ, თეორიით თავს აღარ მოაგწყენთ, პრაქტიკაზე გადავალ.
რა შედეგი გამოიღო “Homo homini lupus est”-ის პრინციპის მიმდევრობამ უკანასკნელ საუკუნეებში. ჩვენ მე-19 საუკუნიდან ვხედავთ ეგრეთწოდებული Realpolitik-ის პრინციპების მუდმივ მარცხს, რადგან ეს არის მხოლოდ შიშზე დამყარებული ფილოსოფია. მარტო მეოცე საუკუნეში ჩვენ ვნახეთ რამოდენიმე დიდი სისხლისმსმელი ომი, სადაც ბატონობის და იმპერიალიზმის სურვილმა კაცობრიობა დდიი უბედურებებემდე მიგვიყვანა. სწორედ ამან დააწერინა დიდი ამერიკელ პრეზიდენტს, ვუდრო უილსონს, რომ საერთაშორისო წესრიგი უნდა ემყარებოდეს ისეთ პრინციპს, სადაც სუსტი იქნება დაცული და ძლიერი სამართლიანი. ამ პრინციპმა გაამართლა საბოლოო ჯამში. გადავხედოთ უკანსკნელი წლების ისტორიას. ‘ძალის კულტის’ მომხრეები: ლენინი, ჰიტლერი, მაო, პოლ პოტი, პინოჩეტი, ფუხიმორი და სხვები დამარცხდნენ. მეოცე საუკუნის განმავლობაში ყველაზე შთამბეჭდავი პოლიტიკური გამარჯვებები კი არაძალმომრეობითმა ლიდერებმა მოიპოვეს: მაჰათმა განდიმ, მარტინ ლუთერ კინგ ჯუნიორმა, ნელსონ მანდელამ, ვაცლავ ჰაველმა, ზვიად გამსახურდიამ, მერაბ კოსტავამ და სხვებმა. დიახ, მათ შეცვალეს მსოფლიო უკეთესისკენ. დიქტატორებმა უარესობის მეტი არაფერი მოიტანეს. იდეალისტებმა კი მხოლოდ კარგი.
იდეალიზმის პრინციპი ძველი და ახალი აღთქმებიდან მოდის – რეალოლიტიკის პრინციპი კი ძირშივე ათეისტურია. მე არ მინდა ყველა ათეისტი ჩამოვწერო, მათს შორისაც არიან ჰუმანისტები, ისეთები, როგორიც ბერტრან რასსელი იყო. მაგრამ, განა ვაჟა ფშაველას ‘სტუმარ-მასპინძელის’ და ‘გველისმჭამელის’ ფილოსოფია ბევრად უფრო მიმზიდველი არ არის რიგითი ადამიანისათვის, ვიდრე თომას ჰობსის გამოგონილი მგლები? მთელი მსოფლიოსთვისაც ასეა. ადამიანს თუნდაც დამარცხებული დონ კიხოტი ან ჰამლეტი ურჩევნია გამარჯვებულ რიჩარდ მესამეს. ადამიანი სიყვარულისთვის არის გაჩენილი და ამის გაუთვალისწინებლობა არის ‘რეალპოლიტიკოსების’ მთავარი პრობლემა.
განა ჩვენ, რიგით ადამიანებს გვიხარია ის მდგომარეობა, როდესაც ‘ყველა ყველას მტერია’? არა. ჩვენ არ ვართ ამისთვის გაჩენილები. ჩვენ შეიძლება ერთი, ორი და ასი ადამიანის კეთილშობილებაში მოვტყუვდეთ, მაგრამ ადამიანის ‘ღმერთის სახედ და ხატად’ გაჩენის სურათს არასდროს მოვიშლით, რადგან ჩვენ გვწამს ღმერთის და არა ჰობსის.
მესმის, რომ ხალხის მასებზე გაბატონებული ელიტებისათვის ჰობსის მოსაზრება მეტად მოსახერხებელი თავის გამართლებაა: ‘მე კი ვარ ცუდი, მაგრამ რა ვუყოთ, რომ ყველა ცუდია’.. მაგრამ, ეს ხომ ტყუილია. არ არის ყველა ცუდი. ისტორია უამრავ კარგ ადამიანს იცნობს. უფრო მეტიც, გულის სიღრმეში ყველა ადამიანს უნდა იყოს კარგი და ქველი. ზოგს გამოსდის და ზოგსაც არა.
მინდა გითხრათ, რომ რუსეთი და რუსი ხალხი არც მე მძულს. არც ერთი ხალხი არ იმსახურებს სიძულვილს. ჩვენთან არ არის არანაირი რუსოფობია. ჩვენ, ისევე როგორც ყველა ჯანსაღ ადამიანს, სძულს იმპერიალიზმი, ჩაგვრა, ძალმომრეობა, მკვლელობა და არაჰუმანური ქმედებები. ქმედებები და არა ადამიანები. ყველა ადამიანშია კარგი საწყისიც და ცუდიც.. საქმე იმაშია, თუ რომელს ავირჩევთ ჩვენ. ჩვენ არც თვითონ უნდა ავირჩიოთ იმპერიალიზმი და სხვების ჩაგვრა და არც ვინმე სხვას მოვუწონოთ ეს. ეს ანტი-ქრისტიანულია. იმპერიალიზმი არავის მხრიდან არ არის მოსაწონი. იმპერიალიზმის წინააღმდეგ წასვლა კი ყველა პატიოსანი ადამიანის ვალია. ჩვენ ვერ ვიცხოვერბთ ჩაგვრისა და დომინაციის ქვეშ. განა თქვენ ასე არ ფიქრობთ?
როგორ შეიძლება დამყარდეს ნამდვილი მშვიდობა? მე ამ დარგის სპეციალისტი ვარ და პროფესიულად შემიძლია გითხრათ. როდესაც ადამიანებს თავისუფლება და თანასწორობა აქვთ ამ ქვეყნად, მაშინ მათ არ უნდათ ომი და ძალმომრეობა. ეს არის სწორედ ადამიანური ბუნება. ადამიანის ბუნება არ არის ბოროტი, მიუხადავად იმისა თუ რა ამბობს თომას ჰობსი. თომას ჰობსის არგუმენტის საწინააღმდეგოდ ძველი და ახალი აღთქმებიდან ციტირების გარდა, უამრავი ფილოსოფოსის და მოაზროვნის გამონათქვამების მოყვანაა შესაძლებელი. მათს შორის კი ფილოსოფიის მამის და დამფუძნებლის პლატონის.
თქვენ უეჭველად გაგონილი გექნებათ, რომ ქართველი ერი ნეოპლატონისტია – ქრისტიანი ნეოპლატონისტი. შოთა რუსთაველი კარგად და ზუსტად ამბობს: ‘ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია’. დიახ, ბატონო პრემიერო, სიკეთე არის მარადიული ღირებულება – დანარჩენი ყველაფერი, კი სიმდიდრისა და ძალაუფლების მსგავსად, დროებითი.
პოლიტიკა, როგორც სიკეთის იარაღი, არის მარადიული ღირებულება. დროებითი გამარჯვების მიზნით ჭკუის ხმარებას კი ქართველი ერი ეშმაკობას უწოდებს. თომას ჰობსმა შეიძლება ქართული არ იცოდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ თქვენ ეს ენა კარგად იცით და იმასაც ხვდებით თუ რა ძირიდან მოდის სიტყვა ‘ეშმაკობა’.
არ ვიცი, ქალბატონი ქეთინო მიქიაშვილი, ბატონი ზაზა შათირიშვილი ან სხვა ხელისუფლების მომსახურე ადამიანები რას იტყვიან. დარწმუნებული ვარ, ისინი უამრავ არგუმენტს გამონახავენ მაკიაველიზმის, ‘მიზანი ამართლებს საშუალების’, კისინგერისა თუ კენანის გასამართლებლად. შესაძლოა, ოქტავიანე ავგუსტუსის Pax Romana-ს დამცველებიც მოგვევლინონ აქ, ისევე როგორც თანამედროვე პროტაგორები, გორგიები თუ ჰიპიები, რომლებიც იმპერიალიზმსაც გაამართლებენ და ჩაგვრასაც. ასეთები ბევრი გვინახავს მსოფლიოს ისტორიაში. თუმცა, ისიც ფაქტია თუ რა შედეგამდე მოგვიყვანა ამ ‘პრაგმატულმა ფილოსოფიებმა’ – და ისიც ფაქტია თუ როგორი იმედი ჩაუსახა კაცობრიობას მაცხოვრის სიყვარულის ფილოსოფიამ და თუნდავ რუსთაველის ‘სიკეთემ’. დიახ, არჩევანის გაკეთება ამ ხანმოკლე სიცოცხლეში შეიძლება სიკეთის სასარგებლო, გინდაც სიკეთე ამ წუთას არ ჩანდეს სასარგებლოდ.
მე გულწრფელად მინდა გისურვოთ, რომ ხელახლა გაიაზროთ, რომ ‘ადამიანი ადამიანისთვის მგელი’ კი არ არის, არამედ ‘ღმერთმა ადამიანი შექმნა საკუთარი ხატისა და სახის მიხედვით’.