"სასამართლო პროცესზე გავიგე, რომ გირაოს ითხოვდა პროკურატურა. მანამდე, როცა ადვოკატები შემოვიდნენ იზოლატორში და მითხრეს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე ვიყავი დაკავებული, მზად ვიყავი ყველაფრისთვის. ვფიქრობ, სერიოზული ბრძოლის ფაზაა ახლა და ყველა ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ, თუმცა, როცა შოთამ [შოთა თუთბერიძე - ადვოკატი. რ.თ.] მითხრა, ჩვენთან ერთად მოდიხარო, გამეხარდა. მოსამართლე ხმადაბლა საუბრობდა და არ მესმოდა, რას ამბობდა", - უთხრა მან რადიო თავისუფლებას სასამართლოდან გამოსვლის შემდეგ.
"რადგან ბანერის დაზიანება წარმოადგენს დანაშაულს, რადგან დაზიანებული ნივთის ღირებულება აღემატება 150 ლარს, ბრალდებულის მიმართ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტზე.
მოცემულ შემთხვევაში ბანერი დაზიანებულია ისე, რომ შეუძლებელია მისი პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა, ბანერად გამოყენება არის შეუძლებელი", - უთხრა ჟურნალისტებს სასამართლო სხდომის დაწყებამდე პროკურორმა ნინო ჟვანიამ. მან გამორიცხა ვერსია, თითქოს მეგი დიასამიძის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება კავშირშია "ქართული ოცნების" მხარდამჭერების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებასთან. აქტივისტის დაკავების დღესვე დააკავეს ასევე 8 სექტემბერს მელიქიშვილის გამზირზე ძალადობრივ ინციდენტში მონაწილე ორი კაცი, რომლებიც ხელისუფლების მომხრეები არიან და ანტისამთავრობო მარშის მონაწილეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
"მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება არანაირად არ არის კავშირში სხვა სისხლის საქმეებზე მიღებულ გადაწყვეტილებასთან", - თქვა პროკურორმა. სანამ ის სასამართლოში მივიდოდა, ინფორმაცია იმაზე, რომ მეგი დიასამიძე 2 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდებოდა, შსს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ გაავრცელა ბრიფინგზე.
„მე დიდი ხანია პოლიტიკურ საქმეებზე ვმუშაობ და ასეთი დაბალი სტანდარტი 90-იანების პოლიციას „შეშურდება“... ლევან მაჭავარიანი [ კალაძის შტაბის ხელმძღვანელი და "ქართული ოცნების" დეპუტატი - რ.თ.], რომელიც არის „სეტანტა სპორტის“ მფლობელი, ფლობს ქონებას და არის მილიონერი, გააფორმეს 112-ის ინფორმატორად და წუწუნებს, რომ „ძვირადღირებული ბანერები“ დააზიანეს [ჯამში საუბარია 380 ლარის ზიანზე]“, - თქვა მეგი დიასამიძის ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ სასამართლო სხდომაზე. მან "მაკულატურა უწოდა" პროკურატურის მტკიცებულებებს მეგის წინააღმდეგ და აღნიშნა, რომ საქმეში დევს "ქართული ოცნების" 193 ფოტო და "სამარცხვინო პოლიციელების" ჩვენებები, რომლებიც ამბობენ, რომ „კონფიდენციალურმა წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ ის მეგი დიასამიძე იყო“.
"ოჯახში მივდიოდი ლანჩხუთში. მიკროავტობუსი გააჩერა პატრულმა. პოლიციელი მძღოლს ელაპარაკებოდა, მაგრამ თვალებში მე მიყურებდა და იღიმოდა...
შემდეგ დამაკავეს, ორი ქალი პოლიციელი მოიყვანეს, არ მოიწყინოო. ორი საათის განმავლობაში ვიყავი ისეთ ადგილზე, სადაც... ორი საათის მერე გამომძიებელი მოვიდა - არ მითხრა, რატომ ვიყავი დაკავებული. მუხლები ახსენა, 173-ე და 166-ე“, - ასე მოჰყვა თავად მეგი თავისი დაკავების ამბავს. მეგის დაკავების შესახებ მისმა ოჯახმა დაკავებიდან რამდენიმე საათის შემდეგ გაიგო, თავად მეგის კი დაკავების დროს არ განემარტა, რატომ აკავებდნენ. მას ასევე არ მისცემია ადვოკატთან და ოჯახთან დაკავშირების უფლება.
მეგი დიასამიძის დაკავებისას უფლებების დარღვევებზე სასამართლო სხდომაზე გაამახვილა ყურადღება ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ.
„არ მიეცა ადვოკატის მომსახურების უფლება. მობილური ტელეფონი წაგლიჯეს დაკავებამდე. რეგულარული თხოვნის მიუხედავად, არ მიეცა ოჯახთან ან ადვოკატთან დაკავშირების შესაძლებლობა. ვეძებდით მას, შსს არ გვაძლევდა მისი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციას.
მისი ოჯახი ფიქრობდა, რომ ის შეიძლება ყოფილიყო შსს-ის რომელიმე ჯურღმულში და გამხდარიყო ისეთივე ძალადობის მსხვერპლი, როგორც სხვა ადამიანები.
ის 9 საათი ჩამოჰყავდათ ლანჩხუთიდან თბილისში. მოძრავ ავტომობილში ეკეთა ბორკილები. მე მკეთებია ბორკილები, ის გზაში, მოძრაობის დროს უფრო და უფრო უჭერს ხელს“, - თქვა შოთა თუთბერიძემ.