თბილისის საქალაქო სასამართლომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში სამხედრო პოლიციის ყოფილ უფროსს, მეგის ქარდავას, რომელიც უკვე მსჯავრდებულია რამდენიმე გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმეზე, სახელმწიფოს კუთვნილი 768 107 ლარის მითვისების და გაფლანგვის ფაქტებზე 11 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. პროკურატურამ 22 სექტემბერს განაცხადა, რომ 2012 წლის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, დანიშნული სასჯელი განახევრდა და სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
მეგის ქარდავა საქართველოს ხელისუფლების მიერ 2013 წლის თებერვლიდან სხვადასხვა ბრალდებით 11 სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით იძებნებოდა. იგი 2017 წელს უკრაინაში დააკავეს და 2021 წელს მოხდა მისი ექსტრადირება საქართველოში. ქარდავა დამნაშავედ ცნეს რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე, მათ შორის ე.წ. „ციხის ბუნტის“, „ნავთლუღის სპეცოპერაციის“ და „კასრების“, ასევე გადამდგარი პოლკოვნიკის სერგო თეთრაძის წამებისა და სექსუალური ძალადობის საქმეზე, რისთვისაც ქარდავას დაუსწრებლად ცხრაწლიანი პატიმრობა შეეფარდა.
პროკურატურის ინფორმაციით, ბოლო საქმე ეხება 768 107 ლარის მითვისებასა და გაფლანგვას 2011 წლის 16 ნოემბრიდან 2012 წლის აგვისტომდე პერიოდში. თანხები, სავარაუდოდ, ოპერატიული ხარჯების საფარქვეშ, თავდაცვის სამინისტროს სხვა მაღალჩინოსნების დახმარებით იქნა გატანილი.
უწყებამ განაცხადა, რომ 2012 წლის 22 მაისს, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის მაშინდელმა უფროსმა მეგის ქარდავამ, ფარული ხარჯების მუხლით, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტისთვის 330 000 ლარის გამოყოფის მოთხოვნით იმჟამინდელ თავდაცვის მინისტრს ბაჩანა ახალაიას წერილით მიმართა.
„მინისტრის თანხმობით სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ანგარიშზე ჩარიცხული თანხა მეგის ქარდავას დავალებით ერთ-ერთი ბანკიდან გამოიტანეს და მისი კონვერტაცია მოახდინეს, რის შემდეგაც 200 000 აშშ დოლარი მეგის ქარდავამ უკანონოდ მიითვისა“, – აღნიშნა პროკურატურამ.
უწყების ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი თანხების მითვისების და გაფლანგვის ფაქტების დაფარვის მიზნით, მეგის ქარდავას დავალებით შედგა ფიქტიური დოკუმენტაცია, „თითქოსდა ავღანეთის რესპუბლიკაში მივლენილი სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ქვედანაყოფის მიერ, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობისთვის ფულადი სახსრების დახარჯვის შესახებ, რითაც ხსენებული თანხები ჩამოიწერა და ბუღალტრულად გასწორდა“.
ეს ბოლო შემთხვევა თანხები გაფლანგვის საქმეზე ქარდავას მიმართ გამოტანილი პირველი გამამტყუნებელი განაჩენი არ არის. 2023 წლის სექტემბერში იგი დამნაშავედ ცნეს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 60 000 ლარის გაფლანგვაში და რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მოგვიანებით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, სასჯელი ოთხ წლამდე შემცირდა. ამასთან, მას 6 თვის ვადით ჩამოერთვა საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლება.
This post is also available in:
civil ახალი ამბები