ამერიკის შეერთებული შტატების და ჩინეთის ლიდერებმა, დონალდ ტრამპმა და სი ძინპინმა თავიანთ ქვეყნებს წამყვანი სახელმწიფოები უწოდეს და თანამშრომლობისა და პატიოსანი კონკურენციის აუცილებლობაზე ილაპარაკეს.
დონალდ ტრამპმა 24 სექტემბერს თეთრ სახლში უმასპინძლა სი ძინპინს, რომელიც აშშ-ში ბოლო ათი წლის განმავლობაში პირველი სახელმწიფო ვიზიტით იმყოფება. სამდღიანი ვიზიტი სხვადასხვა ფორმატის შეხვედრებს მოიცავს.
დახურულ კარს მიღმა პირველი შეხვედრის დაწყებამდე აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ჩინეთის მეთაურთან აქვს „შესანიშნავი მეგობრობა“, რომელიც ეფუძნება ურთიერთპატივისცემას და თავიანთი ხალხების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინტერესებს.
- დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის მეორე ვადაში ვაშინგტონისა და პეკინის დაძაბულ ურთიერთობებში მთავარ პრობლემად იქცა სავაჭრო ომი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის მიერ ჩინურ საქონელზე მაღალი გადასახადების დაწესებამ და ჩინეთის საპასუხო ზომებმა გამოიწვია.
- 24 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ვაშინგტონი და პეკინი შეთანხმდნენ ორმხრივი სავაჭრო ზავის გაგრძელებაზე 2027 წლის 10 იანვრამდე.
„ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობების დიდი გემი“
სი ძინპინმა 24 სექტემბერს თეთრ სახლში განაცხადა, რომ ჩინეთი და აშშ თანამშრომლობით სარგებელს მიიღებენ, კონფრონტაციით კი დანაკარგებს, ორი ქვეყნის კონკურენცია კი ჯანსაღი უნდა იყოს და გარკვეულ ფარგლებს არ უნდა გასცდეს.
დონალდ ტრამპის თანახმად, აშშ და ჩინეთი ცდილობენ უფრო დაბალანსებული სავაჭრო ურთიერთობების დამყარებას, მათ შორის ჩინეთის ბაზარზე ამერიკელი ფერმერების წვდომის გაფართოებას.
ჩინეთის მეთაურმა სი ძინპინმა ილაპარაკა იმაზეც, რომ ჩინეთი და აშშ ვალდებული არიან ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა ჰქონდეთ, რადგან ამაზე დამოკიდებულია დანარჩენი მსოფლიოც.
სი ძინპინის პატივსაცემად დონალდ ტრამპმა 24 სექტემბერს თეთრ სახლში წვეულებაც გამართა.
ჩინეთის სახელმწიფო სააგენტო „სინხუას“ ცნობით, სი ძინპინმა ამ წვეულებაზე განაცხადა, რომ ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობამ ახალ ისტორიულ ეტაპს მიაღწია და მზად არის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ერთად „მდგრადი და გრძელვადიანი კურსით ატაროს ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობების დიდი გემი“.
radiotavisupleba ახალი ამბები