მედია - სპეც-რაზმის სამიზნეში

3 weeks ago 9

საპროტესტო აქციების დროს, ძალოვანი უწყების წარმომადგენლები განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდებიან ჟურნალისტებს. ვიდეო კადრები, რაც მედიის წარმომადგენლებზე ძალადობისა და ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტებს ასახავს, მტკიცებულებაა იმისა, რომ ქმედება მიზანმიმართულია. ჟურნალისტების ამოცნობა აქციაზე მარტივია იმის გამო, რომ ის ატარებს პრესის ნიშანს, უკავია მიკროფონი, კამერა. ასე აღჭურვილ ადამიანზე განხორციელებული ძალადობა ნიშნავს გამიზნულ ქმედებას, რაც სცილდება კანონის ფარგლებს და სამართალდარღვევას წარმოადგენს.

ამ დრომდე ცნობილი ინფორმაციით, 33 ჟურნალისტია ძალოვანი უწყებების მსხვერპლი, ძალადობის ობიექტი.

დღეს გამართულ ბრიფინგზე პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა შს მინისტრს ვახტანგ გომელაურს და განაცხადა, რომ აქციის მონაწილეები ძალადობდნენ პოლიციელებზე. “საქართველოში ვერ შედგება მაიდანი”,- ამბობს კობახიძე. მისი რიტორიკის თანახმად, აქციების გამართვით, საქართველოს მოქალაქეებს სწორედ ეს აქვთ მიზნად.

მარიამ გაფრინდაშვილი, თბილისში, საპროტესტო აქციებზე დაზიანებული ჟურნალისტი.

მარიამ გაფრინდაშვილი, თბილისში, საპროტესტო აქციებზე დაზიანებული ჟურნალისტი.

დაშავებული, ნაცემი, ძვლებდამტვრეული ჟურნალისტების სია მედიის წარმომადგენელმა, თაზო კუპრეიშვილმა შეადგინა და ის ასე გამოიყურება:

1. გურამ როგავა, ტვ ფორმულა — ნიღბიანმა სპეცრაზმელმა პირდაპირ ეთერში თავში ჩაარტყა, დაასისხლიანა და ძირს დააგდო. მას სახისა და კისრის ძვლების მოტეხილობა აქვს, დასჭირდა ოპერაცია;

გურამ როგავა, თბილისში, საპროტესტო აქციებზე დაზიანებული ჟურნალისტი.

გურამ როგავა, თბილისში, საპროტესტო აქციებზე დაზიანებული ჟურნალისტი.

2. ალექსანდრე ქეშელაშვილი, პუბლიკა — დააკავეს, სცემეს სახისა და თავის არეში, წაართვეს სამუშაო აპარატურა, გატეხილი აქვს ცხვირი, დასჭირდა ოპერაცია;

3. დათო ცაგარელი, რადიო თავისუფლება — პირდაპირ ეთერში ნიღბიანმა სპეცრაზმელმა მუცელში ჩაარტყა და ძირს დააგდო;

4. მარიამ ნიკურაძე, OC Media — სპეციალურად მიუშვირეს წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი, დაუზიანდა კამერა, რამდენჯერმე გააგდებინეს ტელეფონი, მიიღო უმძიმესი დაზიანებები;

5. ნანუკა ქაჯაია, ტვ პირველი — წყლის ჭავლი მიუშვირეს პირდაპირი ჩართვის დროს;

6. დავით ბიჭიკაშვილი, ტვ პირველის ოპერატორი;

7. გიორგი შეწირული, ტვ პირველის ოპერატორი - სპეცრაზმელებმა წააქციეს და წიხლებით შედგნენ;

8. ანა მდივანი, ტვ პირველი — სახეში შეასხეს წიწაკის სპრეი;

9. ნიკო კოკაია, ტვ პირველის ოპერატორი— სახეში შეასხეს წიწაკის სპრეი;

10. გივი ავალიანი, ნეტგაზეთი — სახეში შეასხეს წიწაკის სპრეი;

11. ნათია ამირანაშვილი, პუბლიკა — გააგდებინეს ტელეფონი და არ მისცეს მუშაობის საშუალება;

12. გიორგი გოგუა, პროექტი 64 — პოლიციელებმა წიხლები ურტყეს;

13. ირაკლი მანაგაძე, ექსპრესნიუსი — სპეცრაზმელმა წიხლი ჩაარტყა;

14. დავით ბეჟანიშვილი, პირველი არხი;

15. იულია კალაბანი, JAMnews-ის რეპორტიორი — სპეცრაზმელმა ხელი ჰკრა და ფეხში ჩაარტყა;

16. გიორგი კვიჟინაძე, ტვ ფორმულა - 29 ოქტომბერს წიწაკის სპრეი შეასხეს, 30 ოქტომბერს ფიზიკურად გაუსწორდნენ;

17. ხატია სამხარაძე, ტვ ფორმულა - შეასხეს წიწაკის სპრეი;

18. დეა მამისეიშვილი, მთავარი არხი - შეასხეს წიწაკის სპრეი;

19. გიორგი გოგინაშვილი, მთავარი არხი;

20. ნინო შუბითიძე, სტუდია მონიტორი;

21. ნინო წვერავა, სტუდია მონიტორი;

22. მინდია გაბაძე, პუბლიკა;

23. ლიზა ლასარეიშვილი, ტვ პირველი - წიწაკის სპრეი შეასხეს სახეში;

24. სანია დემიანენკო, უკრაინელი ფოტოგრაფი - სპეცრაზმელები გაუსწორდნენ ფიზიკურად;

25. თედო ქვაჩახია, ოპერატორი, ტვ ფორმულა - დაშავდა პროფესიული მოვალეობის შესრულებისას;

26. სალომე ჩადუნელი, რადიო თავისუფლება - დაშავდა პროფესიული მოვალეობის შესრულებისას;

27. მინდია გაბაძე, პუბლიკა - დაშავდა პროფესიული მოვალეობის შესრულებისას;

28. გიორგი ბარამიძე, ოპერატორი, სტუდია „მონიტორი“ - პოლიციამ წიხლი ჩაარტყა;

29. ბასტი მგალობლიშვილი, პუბლიკა - მუშაობაში არაერთხელ შეუშალეს ხელი და დაარტყეს;

30. აკა ზარქუა, „რეალპოლიტიკა“ - პოლიციელები წიხლებით გაუსწორდნენ;

31. მარიამ გაფრინდაშვილი, ტვ პირველი - სპეცრაზმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ;

32. პაპუნა ხაჩიძე, ტვ პირველი - სპეცრაზმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ;

32. ანა მსხალაძე, „პუბლიკა“ - ხელი დაარტყეს და ტელეფონი წაართვეს;

33. დიანა მუსელიანი, „აქცენტი“ - კამერაზე ხელი დაარტყეს და წააქციეს.

ალექსანდრე ქეშელაშვილი, თბილისში, საპროტესტო აქციებზე დაზიანებული ჟურნალისტი.

ალექსანდრე ქეშელაშვილი, თბილისში, საპროტესტო აქციებზე დაზიანებული ჟურნალისტი.

30 ნოემბერს, საქართველოს რამდენიმე ქალაქში, მათ შორის ბათუმში, ქუთაისში, გორში, ზუგდიდში, აქციები გაიმართა, სადაც ჟურნალისტებზე ძალადობა გააპროტესტეს. თბილისში კი, საზოგადოებრივ მაუწყებელთან აქცია გაიმართა, სადაც მივიდნენ მოქალაქეები და ბიუჯეტიდან დაფინანსებულ მედიაში მოითხოვეს პირდაპირი ეთერი.

საზოგადოებრივი მაუწყებლის შესასვლელთან აღშფოთებული მოქალაქეები მოითხოვდნენ მოვლენების სამართლიან გაშუქებას და იმ მდგომარეობის რეალურ ასახვას, რაც ქვეყანაში ხდება. ისმოდა მოთხოვნები მენეჯმენტის გადადგომის თაობაზეც.

მოქალაქეებთან სასაუბროდ გამოვიდნენ მაუწყებლის გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი და სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, ვასილ მაღლაფერიძე. თავდაპირველად, ვასილ მაღლაფერიძე უარს ამბობდა მოქალაქეებისთვის პირდაპირი ეთერის დათმობის მოთხოვნაზე, მოგვიანებით, რაც მაუწყებლის თანამშრომელმა, ნინო ზურიაშვილმა განაცხადა, რომ ეს მდგომარეობა, შესაძლოა გამოუვალ ჩიხამდე მისულიყო და მოვლენებს უმწვავესი განვითარება მისცემოდა, მენეჯმენტი პირდაპირ ეთერში მოქალაქეების შეშვებას დათანხმდა.

შეთანხმების მიხედვით, ეთერი 8 საათზე ნინო ზურიაშვილს უნდა გაეხსნა და რამდენიმე ადამიანი ერთად მიეწვია ეთერში, თუმცა მოგვიანებით, მენეჯმენტმა ამაზე უარი თქვა და პირდაპირ ეთერში მხოლოდ თითო სპიკერის მონაცვლეობით შესვლაზე განაცხადა თანხმობა, ისიც დირექტორის წამყვანობის პირობებში.

სრულად წაკითხვა