“რეჟიმი გადავიდა თავისუფალი მედიის პირდაპირ დაპატიმრებაზე” – გორში მომუშავე მედიის წარმომადგენლები მზია ამაღლობელისთვის პატიმრობის შეფარდებას ეხმაურებიან და ამბობენ, რომ “ქართული ოცნება” კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალებების დაშინებას ცდილობს.
| “რაც მოხდა მზია ამაღლობელის შემთხვევაში, სისტემის მხრიდან ძალადობის განმტკიცებაა”
ჟურნალისტები მზია ამაღლობელს სოლიდარობას უცხადებენ და ამბობენ, რომ მისთვის პატიმრობის შეფარდება საგანგაშო გზავნილი უნდა იყოს ყველა იმ მოქალაქისთვის, ვისთვისაც თავისუფალი სიტყვა მნიშვნელოვანია.
“რეჟიმი გადავიდა თავისუფალი მედიის პირდაპირი მნიშვნელობით დაპატიმრებაზე, ის რაც მოხდა მზია ამაღლობელის შემთხვევაში არამხოლოდ არასამართლებრივი, არამედ სისტემის მხრიდან ძალადობის განმტკიცებაა”, – ამბობს “ფორმულას” ჟურნალისტი ლადო ბიჭაშვილი
| “ცდილობენ გვაჩვენონ, რომ ყველასთან მოვლენ, ყველას შეგვეხებიან, ვინც გავაგრძელებთ მათ კრიტიკას”.
“მთავარის” ჟურნალისტის გიორგი ახალკაცის თქმით, “ქართული ოცნება” დამოუკიდებელი მედიის დაშინებას და იმის ჩვენებას ცდილობს, რომ ვინც მათ არ ეთანხმება, სამაგალითოდ დაისჯება.
“ქართული ოცნება” აგრძელებს მედიის დაშინების მცდელობას. უნდათ, რომ ეს იყოს მაგალითი იმისა, რომ ყველასთან მოვლენ, ყველას შეგვეხებიან, ვინც გავაგრძელებთ მათ კრიტიკას. არ ვაღიარებთ, რომ არიან ხელისუფლების წარმომადგენლები და არ ვეგუებით იმ უსამართლობას რაც ხდება ქვეყანაში”, – ამბობს ახალკაცი.
ჟურნალისტი ფიქრობს, რომ თავისუფალ მედიაზე თავდასხმა დიქტატორული რეჟიმის დასასრულია.
“დღემდე “ნაციონალურ” მოძრაობას ახსენებენ იმას, რომ შტურმი მიიტანა მედიაზე და ეს არის წინა ხელისუფლების აქილევსის ქუსლი. რამდენი დროც არ უნდა გავიდეს, ყოველთვის შეახსენებენ, რომ ის იყო ძალადობრივი ხელისუფლება, რომელმაც იძალადა მედიაზე და დახურა დამოუკიდებელი ტელევიზია. ზუსტად იგივე გზას გადის მოქმედი ე.წ ხელისუფლება. ამ გზას ირჩევენ ხოლმე დიქტატურული რეჟიმები და კარგად ვიცით, როგორც მთავრდება. ეს “ქართული ოცნების” დასასრულია”.
| “უპირისპირდები – ერთს, უპირისპირდები ყველას! – ასეთია ჟურნალისტური სოლიდარობა”.
“TV პირველის” ჟურნალისტი გიორგი დვალიშვილის აზრით, “ქართული ოცნება” ამით ახალი რეპრესიების დაანონსებას ცდილობს და ამბობს, რომ ისინი მედიასთან ომს აუცილებლად შეეწირებიან.
“დამოუკიდებელი, თავისუფალი მედიის ხელმძღვანელის დაკავება რეპრესიების ახალ, უფრო საშიშ დონეზე გადასვლას ნიშნავს. მედიასთან ომი არცერთ ხელისუფლებას არ დაუმთავრებია კარგად. უპირისპირდები ერთს – უპირისპირდები ყველას! – ასეთია ჟურნალისტური სოლიდარობა. დღეს მზია ამაღლობელის ციხეში გამოკეტვა ჩემთვის თავისუფალი აზრის გამოკეტვის ტოლფასია. გზადაგზა რეპრესიების ეს ტალღა ყველას მიაკითხავს, ამიტომ აუცილებელია ცვლილებები, რომელიც “ქართული ოცნების” სახლში წასვლით უნდა დასრულდეს”, – ამბობს ჟურნალისტი.
| “ძალიან ცოტა დრო დარჩა ყველას, ვინც უსამართლობის მსახურია”.
“ნეოტივის” ხელმძღვანელის, ნინო ჩიბჩიურის თქმით, უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლას იქამდე გააგრძელებს, ვიდრე სასურველი შედეგი არ დადგება.
“სოლიდარობა მინდა გამოვუცხადო მზიას. დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი ძალიან მალე დასრულდება. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ამ დაკავებებით ჩვენში რაიმე შიშს და ნიჰილიზმის გააღვივებენ, ძალიან ცდებიან. ამ პროფესიაში ვინც ვართ, კარგად ვიცით, რას ნიშნავს სიმართლისთვის ბრძოლა და მისი გარდაუვალი შედეგი. ძალიან ცოტა დრო დარჩა ყველას, ვინც უსამართლობის მსახურია”, – განმარტავს ის.
“ბათუმელებისა“ და “ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელს სასამართლომ აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდა. ის სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის პირველი ნაწილითაა დაკავებული.
ამაღლობელი პოლიციამ 11 იანვარს ბათუმში აქციის მიმდინარეობისას კედელზე სტიკერის გაკვრის გამო დააკავა.