1
მედიაორგანიზაციები “პუბლიკის” მიმართ შალვა პაპუაშვილის მუქარას გმობენ და ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ამასთან, განცხადებით მედიაორგანიზაციები საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდებენ, ადეკვატური შეფასება მისცენ ამ ყოველივეს და ყველა ღონე იხმარონ საქართველოში დამოუკიდებელი მედიაორგანიზაციების დევნის შესაჩერებლად.
“1 თებერვალს “ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საჯაროდ თავს დაესხა დამოუკიდებელ ონლაინ გამოცემა “პუბლიკას” მას შემდეგ, რაც გამოცემამ 2 თებერვალს “თბილისი მოლთან” დაგეგმილი საპროტესტო აქციის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.
პაპუაშვილმა ფეისბუკ პოსტში დაწერა, რომ ”პუბლიკა” ამ ინფორმაციის გავრცელებით “სისხლის სამართლის დანაშაულს აანონსებს” და “რეკლამირებას უწევს”. ის ასევე პასუხისმგებლობით დაემუქრა ევროკავშირს, რომელიც, მისივე თქმით, აფინანსებს “პუბლიკას”.
მედიაორგანიზაციების წარმომადგენლები მივიჩნევთ, რომ შალვა პაპუაშვილის ეს განცხადება არის დამოუკიდებელი მედიასაშუალების სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მცდელობა და ემსახურება მისი საქმიანობის შეზღუდვას.
ამასთან, მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილის რეჟიმმა უკვე დააპატიმრა დამოუკიდებელი ონლაინ გამოცემების – “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული იმ ბრალდებით, რომელიც მას არ ჩაუდენია, პაპუაშვილის ეს განცხადება “პუბლიკის” მიერ “სისხლის სამართლის დანაშაულის დაანონსებაზე” შეიცავს აშკარა მუქარას ამ მედიაორგანიზაციის მიმართ.
კატეგორიულად ვგმობთ შალვა პაპუაშვილის ამ განცხადებას და მოვუწოდებთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, ადეკვატური შეფასება მისცენ ამ ყოველივეს და ყველა ღონე იხმარონ საქართველოში დამოუკიდებელი მედიაორგანიზაციების დევნის შესაჩერებლად. ამასთან სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ “პუბლიკის” სარედაქციო გუნდს, რომელიც დაარსების დღიდან სიღრმისეულად და მიუკერძოებლად აშუქებს ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე პროცესებს”, – წერია ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:
ბათუმელები
ნეტგაზეთი
სამხრეთის კარიბჭე
სტუდია მონიტორი
მთის ამბები
ჯემნიუსი
მედია აპრილი
ინდიგო
მედიაჩეკერი
მოზაიკა
ქუთაისიპოსტი
მაუწყებელი
აქცენტი
OC Media
Chai Khana
Civil.ge
პროექტი 64
TV პირველი
“ფორმულა”
JRC/
ჟურნალისტიკის რესურსცენტრი
TOK TV
კავკასია
კახეთის ხმა
ტაბულა
ექსპრესნიუსი
ჩემი ხარაგაული
მედიაჰოლდინგი „ქრონიკა+“
CNews.ge
Tv9News
აი,ფაქტი
გურია ნიუსი
BMG
გურიაTV
ქართლის ამბები
მთავარი არხი
On.ge
გაზეთი ალიონი
რადიო WW
რადიო ათინათი