გურჯაანის მერიასთან, საქართველოს დროშებითა და ტრანსპარანტებით მისულ ახალგაზრდების ჯგუფს ადგილზე მერი, მერის მოადგილე, საკრებულოს თავმჯდომარე და მათი მზარდამჭერები დახვდნენ – შესაბამის კადრებსა და ინფორმაციას სოციალურ ქსელში აქციის მონაწილე, ანი მოსემღვდლიშვილი ავრცელებს. “ოცნების” რეჟიმის წარმომადგენლებმა ახალგაზრდები ოპოზიციასთან კავშირში დაადანაშაულეს:
“ხალხო, ახლა კარგად უყურეთ ამ ვიდეოებს და დარწმუნდებით, რომ უკვე რუსეთში ვართ, აქ უკვე კითხვის ნიშნებიც აღარ არის, პირდაპირ რუსული მეთოდებით გაგვისწორდნენ.
მოგვიწყეს კარგად დადგმული სცენარი, მთელი ხუთი დღე რომ არ გაჩერდა პროტესტი გურჯაანში, იფიქრეს და ეს მოიფიქრეს.
ჯერ დავიწყოთ იქიდან, რომ სუსის თანამშრომლები და ტიტუშკები დაგვდევენ მთელი ოთხი დღე. ამ ტიტუშკებმა დღეს გვაგინეს და ბავშვები აატირეს. დილიდან როგორც ჩანს დაიწყეს დარეკვები აქციის მონაწილეებთან და სცადეს დაშინება. ჩემ მიმართაც იყო დაშინების მცდელობები შეფარულად.
ახალგაზრდები 6 საათზე მაინც შევგროვდით პაპას ბაღში, რომელიც ისევ ჩაბნელებული დაგვხვდა და გავაგრძელეთ მსვლელობა მერიისკენ. ჩვენთან ერთად იყო პროტესტის უხუცესი მონაწილე მევლუდი პაპა, რომელსაც საშინლად მოექცნენ. მერიასთან კიბეებზე დაგვხვდნენ ჩალაგებულები, გურჯაანის მერი, მერის მოადგილე, საკრებულოს თავმჯდომარე და სხვა თანამშრომლები, რომლებიც წლებია ოცნების და რუსული რეჟიმს ნერგავენ გურჯაანში. ვიდეოში კარგად ჩანს როგორი მშვიდობიანად მივედით და როგორ გვეტყობა გაოცება მათი დახვედრის გამო. ჩვენ ჩვეულებრივ მივედით და დავიწყეთ საპროტესტო აქცია, დაგვიწყეს დამცინავი კომენტარების კეთება და წინასწარ შეთანხმებული სცენარის მიხედვით მოიყვანეს პროვოკატორი ტიტუშკა და ცადეს სიტუაციის დაძაბვა, ვიდეოში კარგად ხედავთ ბატონი მევლუდი როგორ ამშვიდებს ამ შემოგზავნილ ტიტუშკას. ჩვენთან რომ ვერაფერს გახდნენ შემდეგ გაიყვანეს მევლუდი პაპა და ქურდული გარჩევები მოუწყეს. მერის მოადგილე ლერი გელენავა ხელითაც შემეხო ვიდეოს გადაღებისას. ეს იმ დროს მოხდა , როცა გამოვიჭირეთ გაუნათლებლობაში, ცდილობდა შეერცხვინა ის გოგონა , რომელსაც აკაკი წერეთელის სიტყვები ეწერა ბანერზე. როგორ აგინებთ რუსებსო დაგვიწუნა.
ტიტუშკამ წამართვა ტელეფონი და ვიდეოს წაშლა მომთხოვა, რა თქმა უნდა დავეწიე და წავართვი და აგერ გიზიარებთ ყველაფერს დეტალურად.
საწადელი ვერ აისრულეს მაინც, ბოლოს მაინც ჩვენ მაინც გავაგრძელეთ პროტესტი და ლამის სახლის კარამდე გვსდია სუსმაც და პოლიციამაც. ისეთი დაძაბულობა შეგვიქმნეს იმდენი ხალხი აგვადევნეს კამერებით ბოლოს ცრემლებს ვეღარ იკავებდნენ შეშინებული ბავშვები და ახალგაზრდები.უბრალოდ გაბრაზებული კი არ ვარ, ცეცხლებს ვყრი.”