მესტიაში უცხოელის განზარახ მკვლელობისთვის დაკავებულ ორ კაცს პატიმრობა შეუფარდეს

9 hours ago 1

ზუგდიდის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა ორ ბრალდებულს, რომლებსაც რუსეთის მოქალაქის განზრახ მკვლელობის მცდელობა ედებათ ბრალად. მათ 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.

მოსამართლე შოთა ბიჭიამ სრულად გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და გამოიყენა ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება.

სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკრასთან უცხო ქვეყნის მოქალაქე კაცსა და მის პარტნიორ ქალს თავს 5 იანვარს დაესხნენ. თავდასხმის შედეგად გაუჩინარებული კაცის ცხედარი კი მდინარე ნაკრაში 6 იანვარს იპოვეს.

გამოძიების ცნობით, დაკავებულებმა უცხო ქვეყნის მოქალაქეს ცეცხლნასროლი ჭრილობა მიაყენეს, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და „დანაშაულის დაფარვის მიზნით“, ცხედარი მოგვიანებით მდინარეში გადააგდეს. პოლიციამ 1986 წელს დაბადებული რევაზ პაკელიანი და 1992 წელს დაბადებული ბეჟან ჭკადუა დააკავა.

„ბრალდებულებმა ზუგდიდიდან მესტიაში მიმავალი უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააყაჩაღეს, გასტაცეს მობილური ტელეფონები და ერთ-ერთ მათგანს, 1986 წელს დაბადებულ ვ.ს.-ს მიაყენეს ცეცხლნასროლი ჭრილობა და უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება. ბრალდებულებმა დანაშაულის დაფარვის მიზნით, ცხედარი მოგვიანებით მდინარეში გადააგდეს და მიიმალნენ“, - ეწერა შინაგან საქმეთა სამინისტროს გავრცელებულ ცნობაში.

დაკავებულებს ბრალი 8 იანვარს წაუყენეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით (დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობა), 179-ე მუხლით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად), 143-ე მუხლითა და 236-ე მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება).

არსებული ინფორმაციით, წყვილი მესტიის მუნიციპალიტეტში მწვერვალ თეთნულდისკენ მიდიოდა. გზად გაუთოვდათ, ავტომობილი გააჩერეს გვირაბთან და ფოტოების გადაღება დაიწყეს. ამ დროს პირველად შენიშნეს „სუბარუს“ მარკის თეთრი ავტომობილი, რომელში მსხდომებმაც ჰკითხეს, დახმარება ხომ არ სჭირდებოდათ, რაზეც მიუგეს, რომ - არა, „მხოლოდ ფოტოებს ვიღებთო“. ამის შემდეგ გზად კიდევ შეხვდათ იგივე ავტომობილი, რომელიც ხან გადაუსწრებდა მათ, ხან ჩამორჩებოდა.

„გზად შეგვხვდა გაჭედილი ავტომობილი, ვიტიამ ის თოკით ამოათრია. ამ დროს თეთრმა Subaru-მ ჩაგვიარა და არ გაჩერებულა. როცა ვიტიამ შორიდან შეამჩნია, რომ შუა გზაზე იდგნენ, მანქანის სათავსოდან დანის მიწოდება მთხოვა. გაჩერდა, გადავიდა და ჰკითხა, რა მოხდა. მათ ნასოსი სთხოვეს, ამოიღო და მისცა, ამის შემდეგ დაიწყო რაღაც კონფლიქტი“, - ასე გაიხსენა მოკლული კაცის პარტნიორმა ქალმა დანაშაულის დეტალები.

სრულად წაკითხვა