მეცოლა: პრეზიდენტი ზურაბიშვილი ევროპარლამენტში გამოსვლისთვის მოვიწვიეთ

4 days ago 2

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ 16 დეკემბერს სტრასბურგში სხდომის გახსნაზე საქართველოში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროპარლამენტის სოლიდარობა ქართველ ხალხის  იმართ, კიდევ ერთხელ დაგმო დემონსტრანტების მიმართ ძალადობა და განაცხადა, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის ერთ-ერთ მომდევნო სესიაზე მიიწვიეს.

„ევროპარლამენტი სოლიდარობას უცხადებს საქართველოს ხალხს, რომლებიც უკვე ორი კვირაა გამოდიან თბილისის ქუჩებში და მთელი ქვეყნის მასშტაბით, მშვიდობიანად და დაჟინებით ითხოვენ ევროპულ მომავალს, აფრიალებენ ევროკავშირის დროშებს, როცა მათ მიმართ წყლის ჭავლს იყენებენ. მივმართავ ქართველ ხალხს – ჩვენ გხედავთ, ჩვენ გისმენთ და თქვენს გვერდით ვდგავართ“, – განაცხადა მან.

„ეს პარლამენტი მტკიცედ გმობს ქართული ოპოზიციის მიმართ რეპრესიებს და ძალის გამოყენებას მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ“, – განაცხადა მან.

პრეზიდენტმა მეცოლამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ქმედებები „შეუთავსებელია საქართველოს ევროპულ გზასთან“ და განაცხადა, რომ ევროპარლამენტი მოუწოდებს „გადამწყვეტი ქმედებებისკენ, მათ შორის სანქციების დაწესებისკენ მათ მიმართ, ვინც პასუხისმგებელია დარღვევებზე“. მან ასევე მოუწოდა 27-ივე წევრ სახელმწიფოს „გაერთიანდნენ და შეთანხმებას მიაღწიონ ამ ზომებზე“.

პრეზიდენტმა მეცოლამ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს გაეგზავნა მოწვევა და დასძინა, რომ მიმდინარეობს დისკუსიები, თუ როგორ და რა ფორმატში ისაუბრებს იგი პარლამენტის წინაშე. მან ამ კუთხით მადლობა გადაუხადა საქართველოში ვიზიტით მყოფ ევროპარლამენტარებს და დასძინა, რომ ევროკავშირის კარი საქართველოსთვის „ყოველთვის ღია დარჩება“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური)

სრულად წაკითხვა