ეს ინფორმაცია ადვოკატმა ჯუმბერ ქათამაძემ, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენელმა დაუდასტურა რადიო თავისუფლებას.
5 თებერვალი მზია ამაღლობელის პატიმრობისა და შიმშილობის 25-ე დღეა.
როგორც ადვოკატი ამბობს, იგი დასუსტებულია, უჭირდა გადაადგილებაც, თუმცა ამბობს, რომ კვლავ არ აპირებს შიმშილობის შეწყვეტას.
ადვოკატი „ვივამედიდან“ დაახლოებით დღის პირველ საათზე გამოვიდა.
მისი თქმით, „ვივამედში“ ამაღლობელს გუშინ ჩაუტარდა გარკვეული სახის კვლევები, რისი განმეორებაც დღეს იგეგმება.
ქათამაძის თანახმად, იგი სხვა ექიმებსაც აჩვენებს ანალიზების პასუხებს.
რამდენიმე საათით ადრე, 5 თებერვალს, დილის საათებში, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა განაცხადა, რომ ამაღლობელი „ვივამედში“ გადაყვანილია მისი თანხმობით, ანამნეზის შესაბამისი სამედიცინო კვლევების ჩასატარებლად.
უწყებსი თანახმად, ამაღლობელმა კლინიკაში მოთავსების შემდგომ დამატებით განაცხადა თანხმობა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ექიმ-სპეციალისტების მიერ რეკომენდირებული კვლევებისა და პროცედურის ჩატარებაზე „ამ ეტაპზე, რჩება კლინიკაში დაგეგმილი სხვა ლაბორატულ-ინსტრუმენტული კვლევების ჩასატარებლად“, - წერდა პენიტენციური უწყება.
როგორც ადვოკატი ამბობს, მზია ამაღლობელის სურვილია, რომ დღეს, ხელახალი გამოკვლევების შემდეგ, დააბრუნონ საპატიმროში.
მისი განმარტებით, პატიმრის სურვილი ამ შემთხვევაში უპირატესია, რამეთუ ამჟამად კლინიკაში გადაყვანილია ანალიზებისათვის და არა რაიმე განსაკუთრებული პრობლემებით.
„შეწყვიტონ შიმშილობა“
როგორც ადვოკატი რადიო თავისუფლებას ეუბნება, მზია ამაღლობელი მოუწოდებს ადამიანებს, ვინც მისდამი სოლიდარობის ნიშნად შიმშილობენ, შიმშილობა შეწყვიტონ.
მაგალითად, ბათუმში საპატიმროში შიმშილობს თემურ ქათამაძე, - მან შიმშილობა გამოაცხადა მიმდინარე მოვლენების გამო, მათ შორის მზია ამაღლობელისადმი სოლიდარობის ნიშნად. მან 2 თებერვალს ციხიდან გამოგზავნილ წერილში დაწერა: „მხნედ ვარ, ვაგრძელებ შიმშილობას. სოლიდარობას ვუცხადებ მზია ამაღლობელს. მზია როცა შეწყვეტს შიმშილობას, მე გავაგრძელებ“.
ჯუმბერ ქათამაძის თქმით, მზია ამაღლობელი ხაზს უსვამს, რომ ის შიმშილობს ყველა პოლიტიკური პატიმრისათვის.
„მზია ამაღლობელმა ასევე მითხრა, რომ ის ცინიკური განცხადებები, რაც ისმის „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისგან, უფრო მეტ მოტივაციას სძენს მას, რომ შიმშილობა გააგრძელოს“, - ამბობს ადვოკატი.
მისივე თქმით, ამაღლობელს მანაც სთხოვა, რომ შეწყვიტოს შიმშილობა, - როგორც ამისკენ მას კოლეგები მოუწოდებენ, - თუმცა იგი უარზეა და, ამასთან, მისი სურვილია, რომ მისი შიმშილობის საკითხი არ იყოს წინა პლანზე გამოტანილი.
მზია ამაღლობელის საქმე
მზია ამაღლობელს, - რომელსაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება პოლიციელისათვის სილის გაწვნის გამო, - კოლეგები, უფლებადამცველი ორგანიზაციები, პოლიტიკოსები საქართველოსა და საზღვარგარეთ პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევენ.
ის ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს 11 იანვარს, შემდეგ კი გამოუშვეს და რამდენიმე საათში, - უკვე 12 იანვარს, - ხელახლა დააკავეს, ამჯერად სისხლის სამართლის წესით, - რაც, იურისტების შეფასებით, საქმის გარემოებებთან შეუთავსებელია და მხოლოდ პოლიტიკურ მოტივზე მიანიშნებს.
„მედიის თავისუფლების კოალიციის“ (MFC) წევრი 14 ქვეყნის საელჩოებმა 30 იანვარს გამოქვეყნებული ერთობლივი განცხადებით მოითხოვეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისგან მზია ამაღლობელის გათავისუფლება.
ამ ქვეყნების მთავრობების გარდა, საერთაშორისო და ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაციები, მრავალი უცხოელი და ქართველი პოლიტიკოსი, 300-ზე მეტი ქართველი ჟურნალისტი და რედაქტორი მოუწოდებენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, მზია ამაღლობელი გათავისუფლდეს პატიმრობიდან.