მზია ამაღლობელი სახაროვის პრემიის ლაურეატი გახდა ბელარუს ანდჟეი პოჩობუტთან ერთად

6 hours ago 6

ევროპარლამენტმა ოთხშაბათს, 22 ოქტომბერს ანდრეი სახაროვის სახელობის პრემიის „აზრის თავისუფლებისთვის“ ლაურეატები დაასახელა – ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში ევროკავშირის ეს უმაღლესი ჯილდო წელს ორ პატიმარ ჟურნალისტს მიენიჭა: 50 წლის მზია ამაღლობელს საქართველოდან და 52 წლის ანდჟეი პოჩობუტს ბელარუსიდან.

მზია ამაღლობელი სახაროვის პრემიის პირველი ლაურეატია საქართველოდან.

„ორივე ჟურნალისტი ამჟამად ციხეშია ყალბი ბრალდებებით – მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი თავიანთ სამუშაოს ასრულებდნენ და უსამართლობის წინააღმდეგ გამოდიოდნენ, – განაცხადა ევროპარლამენტის თავმჯდომარემ რობერტა მეცოლამ, რომელმაც პლენარულ სესიაზე სახაროვის პრემიის წლევანდელი ლაურეატები დაასახელა. – მათმა სიმამაცემ ისინი თავისუფლებისა და დემოკრატიისათვის ბრძოლის სიმბოლოებად აქცია. ეს პარლამენტი მათ მხარეზეა და ყველა იმ ადამიანის მხარეზე, რომელიც აგრძელებს თავისუფლების მოთხოვნას“.

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და რედაქტორი მზია ამაღლობელი ამჟამად ორწლიან პატიმრობას იხდის რუსთავის ქალთა №5 კოლონიაში აჭარის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნისთვის. ჟურნალისტი თავდაპირველად მიმდინარე წლის 11 იანვრის ღამეს ადმინისტრაციული წესით დააკავეს, შემდეგ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, 12 იანვარს კი ხელმეორედ დააკავეს უკვე სისხლის სამართლის წესით პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რისთვისაც მას 4-იდან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა. დაკავების შემდეგ მზია ამაღლობელი 38 დღე შიმშილობდა. მოგვიანებით მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ბრალდება გადააკვალიფიცირა და 6 აგვისტოს ჟურნალისტს ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯა 353-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას გულისხმობს.

საპროცესო შეთანხმებაზე მზია ამაღლობელმა უარი განაცხადა: „უსამართლობასთან შერიგება ჩემთვის ცოცხლად დამარხვის ტოლფასია“, – წერდა იგი წერილში, რომელშიც ევროპას საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერისკენ მოუწოდებდა.

ეს ამაღლობელისთვის პირველი საერთაშორისო ჯილდო არ არის. იგი 2025 წელს „მსოფლიოში პრესის თავისუფლების გმირად“ დასახელდა. ოქტომბრის დასაწყისში მან პრაღაში მიიღო Forum 2000-ის საერთაშორისო ჯილდო გამბედაობისა და პასუხისმგებლობისთვის, ხოლო უფრო ადრე – პრესტიჟული „თავისუფალი მედიის ჯილდო“, რომელსაც ნორვეგიული ორგანიზაცია The Fritt Ord Foundation-ი ანიჭებს.

ჯილდოს გადაცემის ცერემონია, რომელიც 50 000 ევროს (($58,000) ოდენობის ფულად პრიზსაც მოიცავს, 16 დეკემბერს გაიმართება სტრასბურგში, ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე. ვინაიდან მზია ამაღლობელი და ანდჟეი პოჩობუტი ამჟამად ციხეში იმყოფებიან, პრიზს, სავარაუდოდ, მათი სახელით მათი რომელიმე ახლობელი ან ნათესავი მიიღებს.

ევროკავშირის უმაღლესი პრემია ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში 1988 წელს დაარსდა საბჭოთა მეცნიერისა და დისიდენტის, ანდრეი სახაროვის პატივსაცემად. ჯილდო ყოველწლიურად გადაეცემათ ფიზიკურ პირებს ან ორგანიზაციებს ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის სფეროში შეტანილი წვლილისთვის.

სახაროვის პრემიის ლაურეატობის კანდიდატებს წარადგენენ ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფები, აგრეთვე, ცალკეული ევროპარლამენტარები. მზია ამაღლობელი პრემიაზე „ევროპის სახალხო პარტიის“ წევრმა, ლიტველმა ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ და კიდევ 60-მა ევროპარლამენტარმა წარადგინეს, ანდჟეი პოჩობუტი კი ევროპარლამენტარების – „ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების“ ჯგუფმა, რომელშიც სხვებთან ერთად შედის პოლონური პარტია „კანონი და სამართლიანობა“.

ნანა ძნელაძე

სრულად წაკითხვა