მზია ამაღლობელის 2-წლიანი განაჩენი სააპელაციოში გაასაჩივრეს

11 hours ago 2

დღეს, 2025 წლის 4 სექტემბერს, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს.

ამაღლობელის ადვოკატებმა სააპელაციო საჩივარი დღეს შეიტანეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში.

დაცვის მხარე ასაჩივრებს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილის მიერ 6 აგვისტოს გამოცხადებულ განაჩენს, რომლითაც მზია ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა - პოლიციის უფროსისათვის სილის გაწვნის გამო.

ამაღლობელის დაფუძნებული გამოცემა „ბათუმელები“ იუწყება, რომ საჩივარში ადვოკატები წერენ:

„გასაჩივრებული განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, უკიდურესად შაბლონური, რომელიც სრულებით არ ასახავს არც სასამართლო სხდომებზე მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგებს, ასევე არ პასუხობს დაცვის მხარის არათუ რომელიმე არგუმენტს, არამედ არ პასუხობს დაცვის მხარის არცერთ არგუმენტს და არ აფასებს დაცვის მხარის არცერთ მტკიცებულებას“.

მისი ადვოკატები არიან:

  • მაია მწარიაშვილი;
  • ჯუმბერ ქათამაძე და
  • რაჟდენ ხიმშიაშვილი.

„განაჩენი იმდენად დაუსაბუთებელია, როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით, რომ იქმნება აღქმა, რომ ის დაწერილია იმ პირის მიერ, ვინც არ ესწრებოდა სასამართლო სხდომებს 5 თვის განმავლობაში, ან ესწრებოდა, მაგრამ არ მოუსმენია“, - წერენ ისინი.

„გასაჩივრებული განაჩენი დასტურია იმის, რომ მზია ამაღლობელს არ უსარგებლია სამართლიანი სასამართლოს კონსტიტუციური უფლებით“, – „ბათუმელების“ ცნობით, ნათქვამია სააპელაციო საჩივარში.

მზია ამაღლობელის საქმე

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელს ორი წლით პატიმრობა მიუსაჯა.

  • მოსამართლემ გადააკვალიფიცირა ბრალდების მუხლი და საპატიმრო სასჯელი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის ნაცვლად, 353-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად გამოიტანა.
  • მზია ამაღლობელს ბრალი წარდგენილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, რაც გულისხმობს პოლიციელზე თავდასხმას და ითვალისწინებს თავისუფლების 4-დან 7 წლამდე აღკვეთას.
  • მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ეს მუხლი გადააკვალიფიცირა შედარებით მსუბუქი 353-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის მიმართ და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.
  • მოსამართლის გადაწყვეტილებას სასამართლოსთან შეკრებილები პროტესტით და შეძახილებით შეხვდნენ: „მონებო!“
  • ევროკავშირმა მკაცრად დაგმო ეს განაჩენი და ხელისუფლებას ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

ირაკლი დგებუაძე, - პოლიციის მაღალჩინოსანი, რომელიც ფიგურირებდა ამაღლობელის საქმეში და რომელსაც ამაღლობელმა სილა გააწნა, - ბათუმის პოლიციის უფროსის პოსტს აღარ იკავებს.

შსს-ის ცნობით, დგებუაძე „მუშაობას აგრძელებს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის უფროსის პოზიციაზე“.

  • მზია ამაღლობელი მიუთითებდა, რომ დაკავების შემდეგ დგებუაძე მას არაადამიანურად მოექცა ბათუმის პოლიციის შენობაში, არაერთი პოლიციელის თანდასწრებით.
  • კერძოდ, ამაღლობელის ჩვენების თანახმად, დგებუაძემ მას სახეში შეაფურთხა და არ აძლევდა წყლის დალევის და ტუალეტით სარგებლობის საშუალებას.
  • დგებუაძის წინააღმდეგ გამოძიება არ დაწყებულა.
სრულად წაკითხვა