მზია ამაღლობელის დაკავებაზე 20-მდე საერთაშორისო პარტნიორსა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს მივწერეთ – გიგაური

2 days ago 4

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” (TI) მზია ამაღლობელის დაკავებისა და მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი დევნის შესახებ 20-მდე საერთაშორისო პარტნიორს, მათ შორის, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს შეატყობინა. ამის შესახებ TI-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა განაცხადა.

“ეს არის განსაკუთრებული შემთხვევა. ქალბატონი მზიას უფლებები იყო დარღვეული. იცით, რომ იგი პირველად იყო ადმინისტრაციული წესით დაკავებული. შემდეგ უკვე, საუბარი არის იმაზე, რომ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყება მის წინააღმდეგ. მის საქმესთან დაკავშირებით ინფორმაცია ჩვენ უკვე მივაწოდეთ 20-მდე საერთაშორისო ორგანიზაციას, რომლებიც უშუალოდ მუშაობენ ჟურნალისტების უფლებებს დაცვაზე. მის პროცესს ჩვენ დავაკვირდებით და ინფორმაციას მივაწვდით საერთაშორისო საზოგადოებას”, – განაცხადა ეკა გიგაურმა.

მან, კოალიცია “ჩემი ხმის” სახელით გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა ბოლო ორი დღის განმავლობაში ბათუმსა და თბილისში გამართული საპროტესტო აქციების დროს დაკავებულ ადამიანებზე.

“12 იანვარს პოლიციის მხრიდან უკანონო დაკავებები ხდებოდა როგორც თბილისში, ასევე ბათუმში. სულ დღის მანძილზე დააკავეს 16 ადამიანი – 7 ბათუმში და 9 თბილისში. მათგან გამოუშვეს მხოლოდ ელენე ხოშტარია და გიორგი კირთაძე, რადგან მათ დეპუტატის სტატუსი აქვთ, დანარჩენები გადაყვანილები არიან დროებით მოთავსების იზოლატორებში.

11 იანვარს ბათუმში ადმინისტრაციული წესით 10-ზე მეტი პირი, ხოლო სისხლის სამართლის წესით 1 პირი დააკავეს, ხოლო თბილისში კი ადმინისტრაციული წესით დააკავეს 1 პირი. სულ არჩევნების შემდგომ დღემდე სახელმწიფომ ადმინისტრაციული წესით 480-ზე მეტი, ხოლო სისხლის სამართლის წესით – 43  პირი დააკავა

[…] დაკავებულები ადვოკატებთან კომუნიკაციისას უთითებენ პოლიციელთა მხრიდან ძალის მიზანმიმართულ უკანონო გამოყენებაზე. საჯაროდ გავრცელებული კადრებისა და დაკავებულთა უფლებადამცველების განცხადებების შესაბამისად, ნათელია, რომ საპოლიციო ძალების მხრიდან გრძელდება მათი უფლებების შელახვისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტები. კერძოდ, საპოლიციო ძალების მხრიდან მიმდინარე დაკავებებს არ გააჩნდა რაიმე კანონიერი საფუძველი. პოლიციელები მოქალაქეებს  აკავებდნენ  მხოლოდ სტიკერების გაკვრისა და კითხვის დასმის გამო. ადვოკატებს არ მიეცათ საშუალება დროულად მოენახულებინათ მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირები. დაკავებულთა ნაწილი დაექვემდებარა პოლიციელთა მხრიდან არასათანადო მოპყრობას, რაც გამოიხატა ფიზიკური და ფსიქოლოგიურ ძალადობასა და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებაში”, – განაცხადა გიგაურმა.

მისი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციები გააგრძელებენ პროევროპული აქციების მონაწილეთა დაკავებების მონიტორინგს და პერიოდულად, ინფორმაციას მიაწვდიან როგორც საზოგადოებას, ისე საერთაშორისო პარტნიორებს.

წაიკითხეთ, ასევე:

სრულად წაკითხვა