"მზია ამაღლობელის ქმედებით ბოროტად ისარგებლეს და მის სამაგალითო დასჯას ცდილობენ" - "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო"

1 day ago 3

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" "ბათუმელების" და "ნეტგაზეთის" დირექტორის, მზია ამაღლობელის დაკავების, პატიმრობისა და ბრალდების კანონიერების საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ორგანიზაციის დასკვნით, "რეჟიმის პოლიციამ" და პროკურატურამ ბოროტად ისარგებლეს მზია ამაღლობელის ქმედებით და ცდილობენ მის სამაგალითო დასჯას.

"აშკარაა, რომ მზია ამაღლობელი ისჯება არა იმისთვის, რომ რაიმე მნიშვნელოვანი საშიშროების შემცველი ქმედება ჩაიდინა, არამედ იმისთვის, რომ იგი წლების განმავლობაში ამხელდა რეჟიმს კორუფციასა და სხვა უკანონო ქმედებებში ჩაბმულობის გამო. მაშასადამე, შეიძლება ითქვას, რომ მზია ამაღლობელი არის პოლიტიკური პატიმარი იმ განმარტებიდან გამომდინარე, რომელიც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას აქვს დადგენილი", - ვკითხულობთ განცხადებაში.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" მზია ამაღლობელის ბრალდების კანონიერების შეფასებისას აღნიშნავს, რომ პროკურატურას მზია ამაღლობელის საქციელი დანაშაულადაც რომ მიეჩნია, მათი მხრიდან მის მიმართ ადგილი ჰქონდა "განსხვავებულ მოპყრობას".

მათივე შეფასებით, არსებობს "დიდი ალბათობა" იმისა, რომ ეს განსხვავებული მოპყრობა დისკრიმინაციული ხასიათისაა და მზია ამაღლობელის ჟურნალისტურ საქმიანობას და რეჟიმის მიმართ მის დამოკიდებულებას უკავშირდება.

"სამართლებრივ სახელმწიფოში, რომელიც ჩვენ არ გვაქვს, პროკურატურა აღწერდა ბრალდების შესახებ დადგენილებაში გარემოებებს, რომლებიც წინ უძღოდა მზია ამაღლობელის ქმედებას, იმსჯელებდა, ხომ არ იყო სავარაუდო ქმედება პასუხი ე.წ. „დაზარალებულის“ პროვოკაციულ ქმედებაზე, რა იყო ქმედების მოტივი და სუბიექტური მხარის სხვა ასპექტები, რამდენად ასრულებდა იმ კონკრეტულ მომენტში სამსახურებრივ მოვალეობას „დაზარალებული“, რამდენად უკავშირდებოდა მზია ამაღლობელის სავარაუდო ქმედება „დაზარალებულის“ სამსახურებრივ საქმიანობას და სხვ. ბუნებრივია, რომ პროკურატურა ამ საკითხების დადგენას არც შეეცადა".

ორგანიზაცია, ასევე უთითებს, რომ "მზია ამაღლობელის ქმედება საერთოდ არ არის დანაშაული".

"სსკ-ის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, “დანაშაულს არ წარმოადგენს ისეთი ქმედება, რომელიც, თუმცა ფორმალურად შეიცავს ამ კოდექსით გათვალისწინებული რომელიმე ქმედების ნიშნებს, მაგრამ მცირე მნიშვნელობის გამო არ გამოუწვევია ისეთი ზიანი, რომელიც აუცილებელს გახდიდა მისი ჩამდენის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, ან არ შეუქმნია ასეთი ზიანის საფრთხე.”

სილის გაწნა, რომელსაც არ შეიძლება ტკივილი გამოეწვია, მხოლოდ მცირე მნიშვნელობისაა და რაიმე სერიოზულ ზიანს ვერ გამოიწვევდა", - წერია ორგანიზაციის შეფასებაში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ შეფასებით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ისე შეუფარდა პატიმრობა მზია ამაღლობელს, რომ არც დაინტერესებულა, რა მტკიცებულებითი საფუძველი გააჩნდა პროკურატურას, როდესაც მზია ამაღლობელის პატიმრობის საფუძვლად მიმალვის და სასამართლოში არგამოცხადების, საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის განადგურების ან ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეებით ხსნიდა.

სრულად წაკითხვა