მზია ამაღლობელს დაზარალებულის სტატუსს არ ანიჭებენ; მოწმის სახით მხოლოდ დგებუაძის თანამშრომლებს კითხავენ – საია საგამოძიებოს მხრიდან დარღვევებზე

6 hours ago 3

მზია ამაღლობელს დაზარალებულის სტატუსს ამ დრომდე არ ანიჭებენ – აცხადებს საია და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარე გამოძიება არაეფექტიანია.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც შეეხება 2025 წლის 12 იანვარს, ბათუმის საქალაქო სამმართველოს უფროსისა და ამავე სამმართველოს თანამშრომელთა მხრიდან მზია ამაღლობელის მიმართ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას.

მზია ამაღლობელს, არაერთი მიმართვის მიუხედავად, ამ დრომდე მინიჭებული არ აქვს დაზარალებულის სტატუსი. საიას ადვოკატის ყველა წერილობითი მიმართვა დაზარალებულის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებამ უპასუხოდ დატოვა, რის შემდგომაც პროკურატურის უმოქმედობა გასაჩივრდა სასამართლოში. სასამართლომ არ დააკმაყოფილა საჩივარი და ამდენად, უარი განაცხადა მზია ამაღლობელისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე.

საიას განცხადებით, საქმის მასალების სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გაცნობის შედეგად გამოიკვეთა, რომ გამოძიება მიმდინარეობს არაეფექტიანად და არაა დაკმაყოფილებული ობიექტური გამოძიების სტანდარტი.

“კერძოდ, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ამ დრომდე მოწმის სახით მხოლოდ სამართალდამცავი პირები არიან გამოკითხულნი, რომლებიც ირაკლი დგებუაძესთან სამსახურებრივად არიან დაკავშირებულნი ან დაქვემდებარებულნი, რის გამოც არიან სუბიექტურები და მათ მიერ მიწოდებულ ინფორმაციაში გამოძიების შედეგით დაინტერესება იკვეთება.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს დღემდე არ გამოუკითხავს სახალხო დამცველის წარმომადგენელი, რომელიც დაკავებიდან რამდენიმე წუთში შეხვდა მზია ამაღლობელს. მას შესაძლოა ჰქონდეს საქმისთვის მნიშვნელოვან გარემოებებზე ინფორმაცია. აღნიშნული პირი მზია ამაღლობელს შეხვდა იმ პერიოდში, როდესაც მის ადვოკატებს რამდენიმე საათის განმავლობაში სრულიად უკანონოდ არ ეძლეოდათ მასთან გასაუბრების შესაძლებლობა.

საქმეში დღეის მდგომარეობით მხოლოდ ორი კამერის ჩანაწერია, რომელთა დაფარვის არეალშიც ხვდება დეპარტამენტის ის შესასვლელი, რომლიდანაც, მოწმეთა ჩვენებების თანახმად, მზია ამაღლობელი არ შეუყვანიათ. შესაბამისად, აღნიშნულ ჩანაწერებში მზია ამაღლობელის არათუ უფლებადარღვევის, არამედ დეპარტამენტში შეყვანის კადრებიც კი არ ჩანს.” ნათქვამია “საიას” განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, საქმის მასალებში დღემდე არ მოიპოვება 20 იანვარს, მზია ამაღლობელისთვის ჩატარებული სამედიცინო, ხოლო 21 იანვარს, მისი ტანსაცმლისთვის ჩატარებული ბიოლოგიურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნები.

“სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელმა, რომელმაც დაათვალიერა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის საგუშაგოს მიმდებარე ტერიტორია, იქვე არსებულ ბოძზე მან აღმოაჩინა გარე სათვალთვალო კამერა და მას შემდეგ, რაც ბათუმის მერიას მოსთხოვა კამერის ჩანაწერები, ეცნობა, რომ კამერა დამონტაჟდა მზია ამაღლობელის დაკავების შემდგომ. ამ ეტაპზე საქმეში არ მოიპოვება კამერის მოგვიანებით დამონტაჟების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.” – აცხადებს “საია”

როგორც ირკვევა, გამოძიება ამ დრომდე არ დაინტერესებულა, რატომ ედო მზია ამაღლობელს ხელბორკილები რამდენიმე საათის განმავლობაში აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შენობაში, მაშინ, როდესაც ოთახში მასთან ერთად არაერთი პოლიციელი იმყოფებოდა, რატომ უტარდებოდა მას საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები ბორკილებდადებულს, მაშინ როდესაც პოლიციელებისვე ჩვენებით, მზია ამაღლობელი მათთან თანამშრომლობდა და არანაირ საფრთხე მისგან არ მომდინარეობდა.

“საქმის მასალების გაცნობისას ასევე გამოვლინდა, რომ ამ დრომდე საქმის მასალებს არ ერთვოდა მზია ამაღლობელის საიას ადვოკატების მიერ გაგზავნილი მთელი რიგი მტკიცებულებები, რომლებიც სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში ასახავს საქმისთვის მნიშვნელოვან გარემოებებს. მასალების გაცნობისას აღნიშნულ საკითხზე პრეტენზიის დაფიქსირების შემდეგ, გამომძიებელმა ადვოკატს აღნიშნული მასალები მატერიალური სახით წარუდგინა, თუმცა ფორმალური და პროცედურული თვალსაზრისით კვლავ უცნობია, რატომ არ არის ეს მტკიცებულებები დართული საქმეზე სხვა მასალების მსგავსად.

აღნიშნული გარემოებები მიანიშნებს იმაზე, რომ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში წარმოებული გამოძიება არ არის ეფექტიანი და უგულებელყოფილია გამოძიების ყოველმხრივ სრულად და ობიექტურად წარმოების საკანონმდებლო სტანდარტი.” აცხადებს “საია”.

შეგახსენებთ, ორგანიზაციამ, რომელიც პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტის ინტერესებს იცავს, ჯერ კიდევ თებერვალში გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამაღლობელის დაკავების პროცესს თან ახლდა ფიზიკური ძალადობა, რის გამოც ჟურნალისტმა მიიღო დაზიანებები.

გარდა ამისა ირაკლი დგებუაძემ პოლიციის განყოფილებაში მზია ამაღლობელს შეაფურთხა და რამდენჯერმე შეეცადა ფიზიკურად გასწორებოდა. ამავე დგებუაძის მითითებით, ჟურნალისტ ქალს არ უშვებდნენ არც საპირფარეშოში.

სრულად წაკითხვა