საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა (საია) შეფასებით ბათუმელები/ნეტგაზეთის თანადამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი მისი საქმიანობის გამო ისჯება და არა იმიტომ, რომ კანონი დაარღვია. გარდა ამისა, უფლებადამცველების შეფასებით, ამაღლობელს ბრალი ქმედების შეუსაბამო მუხლით აქვს წარდგენილი.
“მზია ამაღლობელის საქმე კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სასამართლო არ ასრულებს მასზე დაკისრებულ ფუნქციას და იღებს პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებებს. მზია ამაღლობელს სისტემა სჯის მისი საქმიანობის გამო, პოლიტიკური მოტივებით და არა იმიტომ, რომ მან რაიმე კანონდარღვევა ჩაიდინა. მისთვის ბრალის წარდგენა მოხდა სრულიად უკანონოდ, იმ მუხლით, რომლის შემადგენლობასაც არ იძლევა საქმეში არსებული მტკიცებულებები და სახეზე არ არის სისხლის სამართლის ბრალდებისთვის საჭირო დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი. ამ საკითხთან დაკავშირებით საია დამატებით შეფასებას მოგვიანებით გაავრცელებს. რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას – მისი გამოყენება მოხდა ასევე უკანონოდ, შესაბამისი სამართლებრივი დასაბუთების გარეშე”, – ვკითხულობთ საია-ს განცხადებაში.
ორგანიზაციის შეფასებით, დაუსაბუთებელი იყო გადაწყვეტილება აღკვეთის ღონისძიების სახით მისთვის პატიმრობის შეფასების შესახებ. საია-ში აცხადებენ, რომ პატიმრობა, როგორც აღკვეთის ღონისძიების ყველაზე მძიმე ფორმა, მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება იყოს გამოყენებული.
“დღევანდელ სხდომაზე პროკურატურამ წარმოადგინა დაუსაბუთებელი, შაბლონური, ჰიპოთეტური შუამდგომლობა, რომელიც არ ეფუძნებოდა საქმეზე გამოძიების შედეგად გამოვლენილ გარემოებებს. პროკურორი ვალდებულია აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნისას დაასაბუთოს, მის მიერ მოთხოვნილი აღკვეთის ღონისძიების მიზანშეწონილობა და სხვა, ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების მიზანშეუწონლობა. პროკურატურის ერთ-ერთი არგუმენტი, რომელიც სასამართლომ გაიზიარა იყო ის, რომ სისხლის სამართლის წესით დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე ბრალდებული დააკავეს ადმინისტრაციული წესით პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის მოტივით.
სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის მხარის არც ერთი არგუმენტი. პროცესზე უგულებელყოფილი იყო პიროვნული მახასიათებლებიც – ის,რომ მზია ამაღლობელს არასოდეს ჩაუდენია რაიმე სახის გადაცდომა, წარსულში არ ყოფილა ნასამართლევი ან ადმინისტრაციული წესით სახდელდადებული. ამასთან, მისი ადმინისტრაციული წესით დაკავების ფაქტი არ შეიძლებოდა ყოფილიყო არგუმენტი იმის დასასაბუთებლად, რომ გამოკვეთილია ბრალდებულის დამოკიდებულება პოლიციელების მიმართ, ვინაიდან პირის ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობა ხდება სასამართლოს გადაწყვეტილებით და არა მისი დაკავებით. აღნიშნულ საქმეზე კი სასამართლოს დადგენილება არ არსებობს”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.
ორგანიზაციაში ყურადღებას ამახვილებენ იმაზეც, რომ სასამართლოს ამ დრომდე არ უმსჯელია ამაღლობელის ადმინისტრაციულად დაკავების შესახებ.
შეგახსენებთ, რომ 11 იანვარს მზია ამაღლობელი ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა “იფიცება საქართველო”, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებებს მოჰყვა.
დღეს, 14 იანვარს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გამოაცხადა. მან დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებაზე. დაცვის მხარე მზად იყო გირაოს სახით უზრუნველეყო 100 000 ლარის ღირებულების უძრავი ქონების მობილიზება.
ამავე თემაზე: