„მზია არც მაშინ გატყდა, როცა ძმის დაღუპვიდან მალევე მამა მოუკვდა, არც მაშინ, როცა დედამისი, გარდაიცვალა… 4 ობოლი ძმისშვილის მფარველი ანგელოზი იყო…“ – მზია ამაღლობელის ძმისშვილი

3 hours ago 2

„მზია არც მაშინ გატყდა, როცა ძმის დაღუპვიდან მალევე მამა მოუკვდა, არც მაშინ, როცა დედამისი, გარდაიცვალა... 4 ობოლი ძმისშვილის მფარველი ანგელოზი იყო...“ - მზია ამაღლობელის ძმისშვილი„მინდა, გიამბოთ მზიაზე, ისეთ მზიაზე, რომელსაც არავინ იცნობს – სხვა მზიაზე. მზია ამაღლობელი, რომელზეც ახალი ამბების ყველა გამოშვებაში ლაპარაკობენ, ჩემი მამიდაა.

მზია ამაღლობელი უკვე 21 დღეა შიმშილობს და წყლის გარდა არაფერს იღებს. მე პროფესიით ექიმი ვარ და ვიცი, რას ნიშნავს ეს. ვიცი, რომ ყოველდღე შესაძლოა ჯანმრთელობამ უღალატოს. ვიცი, როგორ განვითარდება მოვლენები და ეს სულ უფრო მეტად მაშინებს.

მზია ჩემთვის მარტო მამიდა არაა. მზიას უკავშირდება მთელი ჩემი ცხოვრება, ბავშვობის ყველაზე ტკბილი და ყველაზე მწარე მოგონებები.

6 წლის ვიყავი, როცა 28 წლის მამაჩემი, მზიას ძმა დაიღუპა. იმ დილას მზია თავზე მედგა და მეფერებოდა, მაშინ გამიჩნდა პირველად განცდა, რომ მზია ჩემი მფარველი ანგელოზი იყო, რომელიც ცდილობდა, ჩემთვის ტკივილი აერიდებინა.

დედამ და ბებიამ ვერ შეძლეს, არ გატეხილიყვნენ, მაგრამ შეძლო მზიამ.

ახლა, ამდენი წლის შემდეგ, მიკვირს, როგორ შეძლო პატარა, 21 წლის გოგომ ამხელა ძალის მოკრება და პასუხისმგებლობის აღება ძმისშვილების აღზრდაზე. სწავლაზეც უნდოდა, უარი ეთქვა, ჩვენზე რომ ეზრუნა, მაგრამ გადაარწმუნეს. უთხრეს, რომ მის ძმას უხაროდა, რომ სწავლობდა – მხოლოდ ამით შეძლეს მისი გადარწმუნება.

იმ საშინელ, ბნელ წლებშიც კი ცდილობდა, ჩვენთვის ბედნიერი ბავშვობა შეექმნა და ამისთვის ყველაფერს აკეთებდა.

ჩვენ არ გვყავდა მამა, მაგრამ გვყავდა მზია!

გვყავდა მზია, რომელიც სოფელში, ლამპის შუქზე გვიკითხავდა წიგნებს, გვასწავლიდა გაკვეთილებს, გვიყვებოდა ამბებს, რომ ჩვენ, ბავშვები გავეხალისებინეთ და სახლის კედლებში მხოლოდ ტირილის ხმა არ ყოფილიყო.

ყოველი შაბათ-კვირა ზეიმი იყო ჩვენთვის! მზია, რომელიც მაშინ ბათუმის უნივერსიტეტში სწავლობდა, შაბათ-კვირას სოფელში ჩამოდიოდა და ჩვენს ცხოვრებაში შუქი, იმედი და სიხარული შემოჰქონდა.

მზია ჩვენი, 4 ობოლი ძმისშვილის მფარველი ანგელოზი იყო.

მზია არც მაშინ გატყდა, როცა ძმის დაღუპვიდან მალევე მამა მოუკვდა, რომელმაც შვილის სიკვდილით გამოწვეულ ტკივილს ვერ გაუძლო. არც მაშინ, როცა დედამისი, ჩემი ბებია გარდაიცვალა, რომელზეც სამსახურიდან გვიან დაბრუნებული მზია ისე ზრუნავდა, როგორც პატარა ბავშვზე, ღამეებს უთენებდა და თვალებში უყურებდა, რომ მას არაფერი სტკენოდა, არაფერი გასჭირვებოდა.

მხოლოდ ერთხელ ვნახე, როგორ გატყდა, მაშინ, როცა მისი გაზრდილი ძმისშვილი, 24 წლის თეო გარდაიცვალა.

მაშინ პირველად ვნახე, როგორ გაიბზარა მზია. უზარმაზარმა ტკივილმა გაბზარა, მაგრამ გაუძლო და შეძლო, რომ ეს ტკივილი ჩვენთვის თავზე არ მოეხვია.

ერთხელ მზიამ მითხრა: მამაშენის და თეოს სიკვდილის მერე რამ უნდა გამტეხოსო… სწორედ ამიტომ, ახლა ძალიან მეშინია, მეშინია მისი მტკიცე ხასიათის, მეშინია მისი თავგანწირვის.

11 იანვარს, როცა მზია პოლიციასთან პირველად დააკავეს სტიკერის გაკვრისთვის, სახლში ვიყავი.

გავიგე თუ არა, იმ წუთასვე გავიქეცი და ასე შევესწარი მის მეორედ დაკავებას. მეორე დაკავებამდე იყო დიდი ჭყლეტა, ისეთი, რომ მზიას ფეხსაცმელი გასძვრა და დაკავებისას მხოლოდ ცალი ფეხსაცმელი ეცვა.

პოლიციის ეზოში შეყვანის კადრში, რომელიც ალბათ ნახეთ, მზია ფეხშიშველია. მისი ცალი ფეხსაცმელი ჩემმა ბიძაშვილმა, ივეტამ იპოვა და დაჟინებით ცდილობდა, პოლიციელების დახმარებით გადაეცა მზიასთვის.

12 იანვრის ღამეს ციოდა, არ ვიცოდით, რა მოხდებოდა. ივეტა კი ეძებდა შედარებით გულისხმიერ პოლიციელს, რომელიც მზიას ფეხსაცმელს შენობაში შეუტანდა.

რამდენიმე საათის განმავლობაში ვიდექით პოლიციასთან, მზიასთან ადვოკატს არ უშვებდნენ. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე რთული საათები ჩემს ცხოვრებაში.

მერე, როცა გავიგე, რომ ჩემს ყველაზე კეთილ, ყველაზე ძვირფას მზიას სისხლის სამართლის მუხლით უპირებდნენ გასამართლებას, თითქოს ცა ჩამოიქცა ჩემს თავზე და ეს გრძნობა მაქვს ახლაც.

მზიამ ციხიდან მხოლოდ ერთხელ დამირეკა, დაკავებიდან მე-16 დღეს. მიუხედავად იმისა, რომ მხნედ მესაუბრა, მივხვდი და ვიგრძენი მისი ყველა ტკივილი.

გვითხრა, რომ ძალიან ვუყვარვართ. გვითხრა, რომ არ ვიდარდოთ მასზე და ვიცხოვროთ ისე, როგორც ვცხოვრობდით, მაგრამ ეს ძნელია, ძნელი კი არა, შეუძლებელია.

როგორ არიან ბავშვები? როგორ ხართ თქვენ? – ეს იყო მისი მთავარი კითხვები ციხიდან. გვითხრა, რომ შიმშილობის შეწყვეტაზე არ ველაპარაკოთ, არ ვცადოთ მისი გადარწმუნება. გვითხრა – „არ მინდა, ციხეში მნახოთ და მერე ამაზე ინერვიულოთ, ასე სჯობს თქვენთვის და ჩემთვის.“

ასეთია მზია, სხვანაირად არ შეუძლია. მზია არის ქალი, რომელიც გასცემს და სანაცვლოს არაფერს ითხოვს.

21 დღე გავიდა მზიას დაკავებიდან. დღეში რამდენჯერმე მინდა, ავიღო ხელში ტელეფონი და მივწერო – მა, როგორ ხარ?

თითქოს სული დამიცარიელდა მზიას გარეშე. შუქი დაკარგა ყველაფერმა, მაგრამ ვცდილობ, ძლიერი ვიყო, ისეთი, როგორიც მზიას მოეწონება. მზიას იმედს ვერ გავუცრუებ.

მისი ხასიათი და შემართება არ მაძლევს უფლებას, ხელი ჩავიქნიო.

ჩემი ჯერია, ახლა მე არ უნდა გავტყდე.

ამიტომ, როგორც მზიამ მოგვწერა:

უნდა ვიბრძოლოთ ყველგან, ვიბრძოლოთ, სანამ გვიან არ არის.

გვჭირდები ჯანმრთელი და ციხის გარეთ. მამიდა, მჭირდები,“ – „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ძმისშვილის, მანანა ამაღლობელის სიტყვა „ახალი თეატრის“ საპროტესტო მანიფესტზე ბათუმში.

შეგახსენებთ, რომ მზია ამაღლობელი 22 დღეა, შიმშილობს, თემურ ქათამაძე – 17 დღე, ლაშა ჩხვიმიანი და დედამისი – 4 დღე, ისაკო დევიძე – ერთი დღე.

სრულად წაკითხვა