„მთავარი არხის“ ჟურნალისტები ტელეკომპანიის მაუწყებლობის დასრულების შესახებ იტყობინებიან

1 week ago 7

კრიტიკულად განწყობილი „მთავარი არხი“ ფუნქციონირებას არ განაახლებს, განაცხადეს არხის ჟურნალისტებმა სოციალურ მედიაში 28 აპრილს. არხი მაუწყებლობას მთლიანად 1 მაისიდან შეწყვეტს.

ოპოზიციურად განწყობილი ტელეკომპანია 15 თებერვლიდან გათიშულია და მხოლოდ სერიალებსა და განმეორებით გადაცემებს უშვებდა იმ იმედით, რომ ერთ დღეს სრულად განაახლებდა მაუწყებლობას.

მაგრამ „დღეს ბოლო იმედიც ჩაქრა“, – დაწერა არხის ჟურნალისტმა, თათია წოწონავამ, სოციალურ ქსელში 28 აპრილს.

„ეს დღეც დადგა.. იძულებით ვტოვებ სახლს, რომლის წევრიც შექმნის პირველი დღიდან ვიყავი“, – დაწერა ჟურნალისტმა ირაკლი ბახტაძემ.

„დაიხურება მთავარი არხი, გაიხსნება ახალი. სხვანაირად არ და ვერ იქნება, მჯერა და ვიცი“, – განაცხადა არხის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ.

არხს ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია.

აპრილის დასაწყისიდან „მთავარი არხის“ რამდენიმე წამყვანმა YouTube-ზე გადაინაცვლა, მათ შორის ნათია გოგსაძემ და თეა ადეიშვილმა გადაცემა On Time შექმნეს. „მთავარი არხის“ კიდევ ერთმა წამყვანმა, ეკა კვესიტაძემ, YouTube-ზე გადაცემა „მისმინეს“ ფარგლებში „საერთაშორისო აქცენტები“ დააარსა.

„მთავარ არხში“ ბოლო თვეების განმავლობაში დაძაბულობამ იჩინა თავი. არხმა და მისმა გენერალურმა დირექტორმა, გიორგი გაბუნიამ, მთავარის ერთ-ერთი თანადამფუძნებელი, ზაზა ოქუაშვილი, არხის დახურვის მცდელობასა და „ქართული ოცნების“ ინტერესების გატარებაში დაადანაშაულეს. არხმა ასევე განაცხადა, რომ ოქუაშვილის მიერ დანიშნულმა დირექტორმა, გოგი ქურდაძემ, ოქუაშვილის დავალებით სხვადასხვა მომსახურების მიმწოდებლისთვის გადახდები შეაჩერა.

ოქუაშვილმა, თავის მხრივ, გაბუნია და გვარამია „ფინანსურ მანიპულაციებში“ დაადანაშაულა, რამაც, მისი თქმით, ტელეკომპანია „ხელოვნურ გაკოტრებამდე“ მიიყვანა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური)

სრულად წაკითხვა