მთავრობა ევროკავშირისგან არჩევნების ლეგიტიმურობის აღიარებას ელოდება

2 weeks ago 5

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ადასტურებს, რომ ევროპელ პარტნიორებს ქვეყანაში ჩატარებული არჩევნები ლეგიტიმურად არ უცნიათ. მთავრობის მეთაურმა მათთან კომუნიკაციის დასაწყებად ეს წინაპირობა დაასახელა.

დღეს, 5 დეკემბერს ერთი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ მთავრობას ნდობა გამოუცხადა. სწორედ ამიტომ რადიო თავისუფლებამ პრემიერ-მინისტრს ბრიფინგზე ჰკითხა, მთავრობის დამტკიცების შემდეგ თუ შედგა რომელიმე ევროპელ პარტნიორთან წერილობითი, სატელეფონო ან ნებისმიერი სხვა სახის კომუნიკაცია.

„ჩვენ დაველოდებით არჩევნების ლეგიტიმურობის აღიარებას თითოეული ქვეყნის მხრიდან და რა თქმა უნდა, ეს მოგვცემს იმის საშუალებას, რომ გავააქტიუროთ ორმხრივი ურთიერთობები. ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი – ყველამ უნდა აღიაროს ეუთო/ოდირის დასკვნა. დაველოდებით ასეთ აღიარებას და ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, ვიაქტიურებთ ნებისმიერ ქვეყანასთან“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები 16 ნოემბერს შეაჯამა. ცესკოს მონაცემების თანახმად, მე-11 მოწვევის პარლამენტში “ქართულ ოცნებას” 150-დან 89 მანდატი ექნება, ხოლო ოთხ ოპოზიციურ პლატფორმას - ჯამში 61 მანდატი.

შემაჯამებელ ოქმში ასახულ მაჩვენებლებს მხოლოდ “ქართული ოცნება” ეთანხმება. ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი და პრეზიდენტი 26 ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ.

საერთაშორისო თანამეგობრობა თბილისს არჩევნების სადავო შედეგების ობიექტური გამოძიებისკენ მოუწოდებს, რათა გადამოწმდეს გაყალბებასთან დაკავშირებული „სერიოზული ეჭვები“.

სრულად წაკითხვა