მთავრობა ძირს უთხრის საქართველოს ევროპულ პერსპექტივას – ლიეტუვის პრეზიდენტი

7 months ago 4

ლიეტუვის პრეზიდენტის გიტანას ნაუსედას განცხადებით, საქართველოს მთავრობა ქვეყანას უკუსვლისკენ უბიძგებს და ძირს უთხრის მის ევროპულ პერსპექტივას.

„მე მკაცრად ვგმობ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან პროევროპელ მომიტინგეებზე ძალადობრივ თავდასხმებს. საქართველოს მთავრობა ქვეყანას უკუსვლისკენ უბიძგებს და ძირს უთხრის მის ევროპულ პერსპექტივას.

საქართველო ევროპას ეკუთვნის. ხალხმა აირჩია ევროპული მომავალი და არავის აქვს უფლება წაართვას იგი“, – წერს ლიეტუვის პრეზიდენტი X-ზე.

I strongly condemn violent attacks on pro-European protesters by Georgian authorities.🇬🇪 government is pushing the country into a backslide& undermining its 🇪🇺 perspective. #Georgia belongs in Europe.🇬🇪 people chose European future& nobody has the right to take it away from them.

— Gitanas Nausėda (@GitanasNauseda) May 2, 2024

რა ხდება

საზოგადოებისთვის „რუსული კანონის“ სახელით ცნობილი დოკუმენტი საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე 83 ხმით, უკვე მეორე მოსმენითაც მიიღო პირველ მაისს. ამის შემდეგ პროცედურით გათვალისწინებულია იურიდიულ კომიტეტზე მესამე მოსმენით კენჭისყრა, შემდეგ კი კვლავ სესიაზე — მესამე მოსმენით. აღნიშნულის შემდეგ კანონის ძალაში შესასვლელად საჭიროა პრეზიდენტის ხელმოწერა, რომელმაც თქვა, რომ კანონს ვეტოს დაადებს. ამის შემდეგ, დიდი ალბათობით, „ოცნების“ უმრავლესობა ვეტოს დაძლევას შეეცდება, რის შემდეგაც საბოლოოდ შევა ძალაში.

რამდენიმე კვირაა, მოქალაქეები პარლამენტის შენობასთან რუსული კანონის გასაპროტესტებლად იკრიბებიან და მრავალათასიან აქციებსა და მსვლელობებს აწყობენ. საქართველოში მიმდინარე საპროტესტო ტალღას უერთდებიან ქართველი ემიგრანტები სხვადასხვა ქვეყანაში.

დასავლელი პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებენ, რომ კანონის მიღება ხელს შეუშლის საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში.

მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდავი რუსული კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“, ხოლო ფონდებს, მათ შორის, აშშ-ის, ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის“ სტატუსებს ანიჭებს.

მსგავსი კანონის რუსეთში მიღების შემდეგ ქვეყანაში ფაქტობრივად გაქრა დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი. ამ რეგულაციას აქტიურად იყენებენ კერძო პირების დასასჯელადაც, რის გამოც ათასობით ადამიანი ემიგრაციაში წავიდა.

სრულად წაკითხვა