მთავრობას 20 ივნისის დარბევისას დაზარალებულებისთვის 160 ათასი ევროს გადახდა დაეკისრა

1 week ago 16

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველომ არაეფექტურად გამოიძია 2019 წლის 20 ივნისის დარბევის საქმე.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დღეს გამოიტანა გადაწყვეტილება საქმეზე „ცაავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, რომელიც საქართველოს 26 მოქალაქის 4 საქმეს აერთიანებს. განმცხადებლები არიან აქციის მონაწილეები, ან ჟურნალისტები, რომლებიც აშუქებდნენ საპროტესტო აქციებს.

ეყრდნობოდნენ რა კონვენციის მე-3 მუხლს (არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის აკრძალვა), განმცხადებლები ამტკიცებენ, რომ მათი დაზიანებები ძალის გადამეტებული გამოყენების შედეგი იყო და რომ გამოძიება ამ საკითხზე არ იყო ეფექტური. განმცხადებლები ასევე ეყრდნობიან კონვენციის მე-10 მუხლებს (გამოხატვის თავისუფლება), მე-11 (შეკრების თავისუფლება) და მე-13 (ეფექტური დაცვის უფლება) მუხლებს.

ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-3 მუხლის პროცედურული ასპექტის დარღვევას — არაეფექტურ სისხლის სამართლის გამოძიებას. სასამართლომ თავი შეიკავა გადაწყვეტილების მიღებისგან მე-3, მე-10 და მე-11 მუხლების არსებით ასპექტთან დაკავშირებით.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველომ სამი თვის განმავლობაში უნდა გადაუხადოს კომპენსაცია განმცხადებლებს, კერძოდ:

  • მაკო გომურს, დავით ქურდოვანიძეს, გიორგი სულაშვილს და ლექსო ჩანქსელიანს — თითოეულს 15 000 ევრო;
  • მერაბ ცაავას, ბესლან კმუზოვს, ზაზა სვანაძეს, თამარ ბაღაშვილს, გვანცა ნემსაძეს, ანა ვახტანგაძეს, ნინო ხოზრევანიძეს, თორნიკე კოშკაძეს, გურამ მურადოვს, გიორგი ჭუმბურიძეს, ეკატერინე აბაშიძეს, გიორგი დიასამიძეს, დავით შეყილაძეს, დიმიტრი ფოჩხიძეს, ირაკლი გიორგაძეს, ნიკოლოზ შარვაშიძეს, თეიმურაზ დიდბერაშვილს და ვახტანგ ბერიკაშვილს – თითოეულს 5 000 ევრო;
  • ირაკლი ხვადაგიანსა და ირაკლი ჩიკვილაძეს — 1 800-1 800 ევრო.

სახელმწიფომ ასევე უნდა გადაიხადოს 6 000 ევრო ხარჯებისთვის, პლუს ნებისმიერი გადასახადი, რომელიც შეიძლება განმცხადებლებს დაეკისროს.

2019 წლის 20 ივნისს საქართველოს ხელისუფლებამ ძალის გამოყენებით დაარბია საპროტესტო აქცია, სადაც საქართველოს პარლამენტში რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვის გამოსვლას აპროტესტებდნენ.

პოლიციამ დარბევისას გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, რომლებსაც, თვითმხილველების ცნობით, დამიზნებით ესროდნენ ადამიანებს. შედეგად, დაშავდა 240-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 80 პოლიციელი. დაზიანებები მიიღო მედიის 30-ზე მეტმა წარმომადგენელმა. 2-მა მოქალაქემ დაკარგა თვალი.

სრულად წაკითხვა