მთავრობის კანცელარიასთან 2 პირია დაკავებული — შსს

1 week ago 13

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მთავრობის კანცელარიასთან მიმდინარე აქციაზე პოლიციამ 2 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავა.

„აქციის მიმდინარეობისას პროტესტის გამომხატველთა მხრიდან არაერთხელ განხორციელდა ძალადობრივი ქმედებები. აქციის რამდენიმე მონაწილე არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას გამოეხატათ პროტესტი მშვიდობიან ფორმაში, რის შედეგად ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 2 პირი.

სამართალდამცველებმა ერთ-ერთი დაკავებული პირისგან ცივი იარაღი ამოიღეს,“ — აცხადებს შსს და დასძენს, რომ უკანონო ქმედებებზე პოლიციას შესაბამისი რეაგირება ექნება.

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები კანცელარიისკენ მას შემდეგ დაიძრნენ, რაც მომიტინგეების მიერ „ოცნებისთვის“ მიცემული ულტიმატუმის ვადა ამოიწურა.

„დღესვე გაიტანონ ეს კანონპროექტი უკან,“ – დემონსტრანტებმა ხელისუფლებას ამ შინაარსის  განცხადებისთვის ერთი საათი მისცეს. ამ დროის გასვლის შემდეგ კი კანცელარიასთან მივიდნენ და პრემიერმინისტრ კობახიძესთან შეხვედრა მოითხოვეს, თუმცა უშედეგოდ.


საქართველოს პარლამენტის 83-მა დეპუტატმა 17 აპრილს, მიუხედავად მრავალათასიანი საპროტესტო აქციებისა, პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა გამჭვირვალობის საფარქვეშ შემუშავებულ რუსულ კანონს. მსგავსი კანონის მიღებამ რუსეთში 2012 წლიდან დღემდე ეტაპობრივად გააქრო დამოუკიდებელი მედიაორგანიზაციები და სამოქალაქო ორგანიზაციები.
სრულად წაკითხვა