მილერი: კანონის გარდა, ანტიდასავლური რიტორიკაც შემაშფოთებელია

1 week ago 28

„ჩვენ წარმოუდგენლად შეშფოთებულნი ვართ არა მხოლოდ განხილული კანონპროექტით, არამედ - „ქართული ოცნების“ ლიდერების ანტიდასავლური რიტორიკითაც“, - განაცხადა მეთიუ მილერმა, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ოთხშაბათს გამართულ ბრიფინგზე.

მილერს შეკითხვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დღევანდელი განცხადების თაობაზე დაუსვეს, რომლის თანახმადაც, სპეციალური მონაცემთა ბაზა შეიქნება. შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, შეიქმნება მონაცემთა ბაზა, სადაც განთავსდება ინფორმაცია ადამიანებზე, „რომლებიც ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არიან ჩართულნი, ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებენ“.

მეთიუ მილერს კონკრეტულად მონაცემთ ბაზის შექმნის იდეა არ შეუფასებია, თუმცა თქვა, რომ მათ აშფოთებთ საქართველოს მთავრობის წარმომადგენელთა მხრიდან ანტიდასავლური განცხადებები.

„როგორც გასული დღეების განმავლობაშიც ვამბობდით, ჩვენ წარმოუდგენლად შეშფოთებულნი ვართ არა მხოლოდ საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი კანონპროექტით, არამედ - „ქართული ოცნების“ ლიდერების იმ ანტიდასავლური რიტორიკითაც, რომელიც ჩვენი აზრით, საქართველოს კურსს ბუნდოვანს ხდის, ძირს უთხრის მის ევრო-ატლანტიკურ გზას და ძალიან მკაფიოდ უთხრის ძირს ჩვენს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას“, - განაცხადა მილერმა ოთხშაბათს, 8 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ეს მონაცემთა ბაზა საჯაროდ განთავსდება სპეციალურ ვებ-გვერდზე და ამ პირთა წინააღმდეგ კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებში მიღებული იქნება ყველა ზომა, რათა „კანონდარღვევა, ძალადობა და მუქარა არ დარჩეს სახელმწიფოს თუ საზოგადოების რეაგირების გარეშე“.

სრულად წაკითხვა