ქართველმა მებრძოლმა სოფო ბაღიშვილმა Octagon – 67 MMA-ზე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა – მან რუსი მეტოქე მარინა შუტოვა, რომელიც ევრაზიის კონტინენტზე P4P ტოპ-15 ქალ მებრძოლს შორისაა, მეორე რაუნდში ხელის მტკივნეული ილეთით დაამარცხა.
ბრძოლის დასრულების შემდეგ სპორტსმენმა თქვა, რომ გამარჯვება საქართველოს და თავის „მეორე სამშობლოს“ – უკრაინას მიუძღვნა. თბილისში მიმდინარე მოვლენების გამო კი სინანული გამოთქვა.
„ალბათ ყველამ იცის, რაც ხდება ამ წუთებში ჩემს ქვეყანაში, მიტინგები და დაპირისპირებაა, მინდა, ჩემი დღევანდელი გამარჯვება ჩემს ქვეყანას მივუძღვნა, რომელიც ძალიან მიყვარს და, ასევე, უკრაინას, რომელიც ჩემი მეორე სამშობლოა“.
უკრაინაში დაბადებული სოფიო ბაღიშვილის დედა და ძმა ამჟამად ხარკოვში იმყოფებიან, რუსული აგრესიის პირისპირ.
სოფო ბაღიშვილი წარმატებული ქართველი სპორტსმენია, რომელმაც სპორტული კარიერა უკრაინაში მნიშვნელოვანი წარმატებებით დაიწყო და ბოლო რამდენიმე წელია, საქართველოში აგრძელებს. სოფო 8 წლიდან ვარჯიშობდა სამბოში და ძიუდოში. არის მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი, უკრაინის მრავალგზის ჩემპიონი.
მანანა ბანძელაძე