1
პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე:
“ქართული ოცნების” პროპაგანდისტული მედია მონდომებით ციტირებს პარტია “ალტერნატივა გერმანიისთვის” ერთ-ერთ ლიდერს ბეატრიქს ფონ შტორხს!
უბრალოდ, მინდა იცოდეთ, ვინ არის ეს ქალი ანუ როგორი მოკავშირეები ჰყავს ივანიშვილის გუნდს.
ჯერ ერთი, ის ძალიან გავლენიანი ნაცისტური ოჯახის შთამომავალია. ბაბუამისი 13 წელი მსახურობდა ჰიტლერის ფინანსთა მინისტრად. ოჯახი გერმანელთა უდიდესი უმრავლესობის მსგავსად კრიტიკული არ არის მესამე რაიხის მიმართ. სენტიმენტები აქვთ.
თავის ქმართან ერთად დაარსებული აქვს რამდენიმე მსხვილი, გავლენიანი კონსერვატიული ქსელი. ცოლ-ქმარი ქსელების საშუალებით ღიად ეწევა სარფიან ლობისტურ საქმიანობას. მოკლედ, მედია მათ პირდაპირ, უხერხულობის გარეშე მოიხსენიებს ლობისტებად ანუ მოგების სანაცვლოდ საქმის გამჩარხველებად.
გერმანული მედია სავსეა ცნობებით, რომლებიც შტორხის მიერ კონსერვატიულ ფონდებში მობილიზებული თანხების პირადი მიზნებისთვის გამოყენებაზე მოგვითხრობს. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ფული შესწირეთ კავშირს, რომლის მიზანია ეკლესიის მშენებლობა და ვიღაც ამ თანხით აბუდაბიში მოგზაურობს (უხეში მაგალითი).
2016 წელს ბერლინის პარტიული ორგანიზაციის თავმჯდომარედ აირჩიეს. ამ არჩევნებზე ერთი და იმავე პირის მიერ ორჯერ ხმის მიცემის შემთხვევები გამოვლინდა (ჰო, კარუსელი დატრიალდა). გერმანიაში ყველა პარტიას თავისი დავების გადაწყვეტის სტრუქტურა (სასამართლოსავით) აქვს და მერე იქ უწევდა სირბილი, ორ ინსტანციაში.
ეს ქალი ისლამსა და ბარბაროსობას ერთმანეთთან აიგივებს, გერმანელის მიერ მოწყობილ ამოკს (მკვლელობა, რომელსაც მანიით შეპყრობილი ჩადის) წინასწარ აბრალებდა მიგრანტებს, მუსლიმებს, “შავებს”…
ბუნდესტაგის სხდომებზე უსაქციელობისთვის, ყვირილისა და შეურაცხმყოფელი შეძახილების გამო მრავალჯერ არის დაჯარიმებული, საჯარიმო თანხა აქვს გადახდილი.
სჯერა და ავრცელებს შეთქმულების თეორიებს. მაგალითად, მისი აზრით, არსებობს საიდუმლო გეგმა, რომლის მიზანია დედამიწაზე აღარ დარჩეს არცერთი თეთრკანიანი, ჩაანაცვლდეს ტრადიციული ევროპული მოსახლეობა.
მთავარი ჯერ არ მითქვამს: გასულ ათწლეულში შტორხი მხარს უჭერდა იარაღის გამოყენებას საზღვრის უკანონოდ გადმომლახველთა წინააღმდეგ. ბავშვებსა და ქალებსაც უნდა ვესროლოთო, ჰკითხეს მას “ტვიტერზე”. შტორხმა მშრალად უპასუხა: “დიახ”.
აი, “ქართული ოცნების” ევროპა – ნაციზმის შთამომავლობა, ლობიზმი და მექრთამეობა, არჩევნების გაყალბება, ცილისწამება, განსხვავებულთა ბარბაროსებად გამოცხადება, ლანძღვა-გინება, შეთქმულების თეორიები და ბავშვებისთვის ნასროლი ტყვია…
პრაშუ ლიუბიც ი ჟალოვაც, ბეატრიქს ფონ შტორხ…
P.S. “რეალის” ფანები ღადაობენ, ჩვენ გვიყვარს, ლუკა მოდრიჩს გვაგონებსო.