WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრი მაქსიმ რიჟენკოვი მინსკში ჩატარებული ქართულ-რუსული დიალოგის მოსკოვსა და თბილისში გაგრძელებას აანონსებს.

ამის შესახებ რიჟენკოვმა გომელში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მას ჰკითხეს, მინსკში გამართული შეხვედრა ერთჯერადი იყო თუ ტრადიციული ფორმატის ხასიათს მიიღებს.

რიჟენკოვმა თქვა, რომ ბელარუსული მხარის ქმედებები ამგვარი მოლაპარაკებების გამართვისთვის პირობების შესაქმნელად სრულად ჯდება დაძაბულობის მოხსნისა და რეგიონის ყველა სახელმწიფოს შორის ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობების ჩამოყალიბების თაობაზე პრეზიდენტ ლუკაშენკოს და საგარეო პოლიტიკური უწყების ინიციატივებში.

„რა თქმა უნდა, ისეთ ვითარებაში, როდესაც არსებობს გარკვეული დაძაბულობა, რომელიც გადაწყვეტას საჭიროებს საქართველოსა და რუსეთს, ჩვენს ძალიან ახლობელ ქვეყნებს შორის, ცხადია, არ შეგვიძლია ამას მშვიდად ვუყუროთ. ამიტომ მივიღეთ ყველაზე აქტიური მონაწილეობა ბელარუსულ მიწაზე ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების დონეზე მოლაპარაკებების გამართვისთვის პირობების შექმნაში, რათა განხილულიყო ამ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებში არსებული მრავალი დაძაბულობის მოსახსნელად შემდგომი მოლაპარაკებების ფორმატი. ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ საკმაოდ განგრძობითი და შინაარსიანი მოლაპარაკებების მსვლელობისას — და ამის შესახებ ინფორმაცია ორივე მხარის წარმომადგენლებისგან გვაქვს — მხარეებმა მნიშვნელოვნად წაიწიეს წინ ურთიერთნდობის განმტკიცებაში, რამაც შესაძლებელი გახადა შემდგომი მოლაპარაკებების გადატანა უკვე ორი ქვეყნის დედაქალაქებში“, — განაცხადა რიჟენკოვმა და დასძინა, რომ სწორედ ამას მიიჩნევს ბელარუსულ პლატფორმაზე გამართული მოლაპარაკებების უმთავრეს პოზიტიურ შედეგად.

„არაფერია იმაზე უკეთესი და უფრო საიმედო, ვიდრე მოლაპარაკებები უშუალოდ დედაქალაქებში, როდესაც მხარეები ურთიერთგაგების ისეთ დონეს აღწევენ, რომ შეუძლიათ ერთმანეთთან სტუმრად ჩავიდნენ და იმ პრობლემებზე იმსჯელონ, რომლებიც მათ აწუხებთ. ამიტომ, საქართველოსა და რუსეთს შორის შემდგომი მოლაპარაკებების თვალსაზრისით, ბელარუსულ პლატფორმას უკვე გაცილებით ნაკლები მნიშვნელობა აქვს, თუმცა მოლაპარაკებები გრძელდება და ეს ჩვენ არ გვწყინს, პირიქით, მხოლოდ გვახარებს, რადგან სწორედ ამაში ვხედავთ მინსკში გამართული კონსულტაციების იმ რაუნდის ყველაზე პოზიტიურ შედეგს“, — თქვა რიჟენკოვმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, თავის მხრივ, დასძინა, რომ მოსკოვი დაინტერესებულია საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებით.

„მე მივესალმები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ ახლახან გაკეთებულ განცხადებას იმის შესახებ, რომ არ არის საჭირო რუსეთის ფედერაციასთან კონტაქტების შიში. მიმაჩნია, რომ ეს პრაგმატული მიდგომაა, რომელიც როგორც ქართველი ხალხის, ისე საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობების ინტერესებს პასუხობს“, — განაცხადა ლავროვმა.

გიორგი ზურაბაშვილისა და მიხაილ გალუზინის შეხვედრის შესახებ მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ „უნდა დავძლიოთ საუბრის შიში. არ არის არაფერი საშიში ამაში, როდესაც ესაუბრები მას, ვისთანაც გაქვს პრობლემები“.

19 ნოემბერს მინსკში გაიმართა რუსეთ-საქართველოს განახლებული პირდაპირი დიალოგის პირველი შეხვედრა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალურ წარმომდგენელს, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილე გიორგი ზურაბაშვილსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინს შორის.

მოსკოვის ცნობით, მხარეებმა „სიღრმისეულად განიხილეს ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები“, მათ შორის უსაფრთხოების საკითხები, რაც მანამდე პირდაპირი დიალოგის განსახილველ საკითხთა შორის არ ყოფილა და ჟენევის დისკუსიების ფორმატს განეკუთვნებოდა.

გიორგი ზურაბაშვილისა და მიხაილ გალუზინის შეხვედრის შესახებ მაკა ბოჭორიშვილმა თქვა, რომ „უნდა დავძლიოთ საუბრის შიში. არ არის არაფერი საშიში ამაში, როდესაც ესაუბრები მას, ვისთანაც გაქვს პრობლემები“. სწორედ ეს განცხადება შეაქო ლავროვმა.

„ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის გადასამოწმებლად, გადავა თუ არა ზურაბაშვილი-გალუზინის შეხვედრები მოსკოვსა და თბილისში, თუმცა პასუხი არ მიუღია.