„სარკე“, ავთო ჩიტიძე
14 წლის დავით გვარამიასთვის „ნიჭიერის“ სცენაზე გამოსვლა ბავშვობის ოცნების ახდენა იყო, თუმცა ალბათ თავადაც ვერ წარმოიდგენდა, რომ ფანდურით შესრულებული ნომერი იმდენად მოხიბლავდა ჟიურის, კახა გრიგალაშვილი ოქროს ღილაკს დააჭერდა და ახალგაზრდა მუსიკოსს პირდაპირ ფინალში გადასვლის შანსს მისცემდა.
ქუთაისელი მოზარდის მუსიკალური გზა 6 წლის ასაკში დაიწყო. ფანდურის სიყვარული ოჯახიდან ერგო. ბაბუისგან პირველი გაკვეთილები მიიღო, შემდეგ კი ბიძის, ირაკლი ახალაიას, ხელმძღვანელობით განაგრძო განვითარება. დღეს დათო ტრადიციულ ქართულ საკრავს განსხვავებულ ჟღერადობას სძენს და სურს, ფანდური თავის თანატოლებსაც შეაყვაროს.
დათოს წარმატება შემთხვევითი არ ყოფილა. ეს ნიჭის, შრომისა და ოჯახის მხარდაჭერის შედეგია. გაჩერებას არ აპირებს. ნახევარფინალში ჟიურის კიდევ ერთხელ გაოცება სურს, ხოლო მომავალში სხვა საკრავების შესწავლაზეც ოცნებობს.
როგორ შეხვდა მოულოდნელ წარმატებას, რა დაინახა მასში ბიძამ და რატომ გადაწყვიტა კახა გრიგალაშვილმა ოქროს ღილაკის გამოყენება? დავით გვარამია, მისი ბიძა და პედაგოგი _ ირაკლი ახალაია და „ნიჭიერის“ ჟიურის წევრი, კახა გრიგალაშვილი, დათოს მუსიკალურ გზასა და სამომავლო გეგმებზე გვესაუბრებიან.
_ დავით, დავიწყოთ ემოციებით. როგორი იყო ზოგადად „ნიჭიერში“ მონაწილეობა და ის კულმინაცია, როდესაც გრიგალამ ოქროს ღილაკს დააჭირა შენს შესრულებაზე?
_ პირველ რიგში, არ ველოდი, რომ ოქროს ღილაკს დააჭერდა გრიგალა და ძალიან გამიხარდა. ემოციები ვერ გამოვხატე იმ დროს, შოკში ვიყავი, ანუ წარმოუდგენელი რაღაც იყო ეს ყველაფერი. ჩემთვის ისიც დიდი ბედნიერება იყო, „ნიჭიერში“ რომ მოვხვდი. „ნიჭიერი“ ჩემი ბავშვობის პროექტია, სულ ვუყურებდი და ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე ამ სცენაზე დავდგებოდი. ეს ოცნებაც ამიხდა.
_ საერთოდ არ ნერვიულობდი, ასე ჩანდა.
_ ფსიქოლოგიურად კარგად ვიყავი მომზადებული და საკუთარ ძალებში ბოლომდე დარწმუნებული.
_ მაინც ყველაზე მეტად ვის შეფასებას ელოდებოდი, ვისი გეშინოდა ან პირიქით, ვისთვის უკრავდი?
_ შეფასებაზე დიდად არ ვფიქრობდი. ჩემთვის ჟიურის ყველა წევრი პატივსაცემია და ასე ვერ გამოვყოფდი.
_ როდის აიღე პირველად ეს ინსტრუმენტი და რატომ მაინცდამაინც ფანდური?
_ ფანდურის სიყვარული ოჯახისგან ტრადიციულად მერგო. ბაბუაჩემი, დედაჩემი, ბიძაჩემი, ბებიაჩემი _ ყველანი უკრავენ ფანდურზე. 6 წლის ვიყავი, როცა ფანდური პირველად ავიღე ხელში. ჯერ ბაბუამ მასწავლა, შემდეგ კი ბიძა გახდა ჩემი მასწავლებელი.
_ რა გაქვს მიზანში ამოღებული, რას გინდა, მიაღწიო?
_ მინდა, რომ ქართული საკრავი, ფანდური, ყველას შევაყვარო. მინდა, რომ ეს ინსტრუმენტი საქართველოში უფრო ცნობილი გავხადო ყველა ასაკში, ჩემს თანატოლებშიც და უმცროსებშიც.
_ გიტარაზეც უკრავ, მაგრამ გიტარა კონკურენციას ვერ უწევს ფანდურს სიყვარულში?
_ ვერა. სიმართლე გითხრათ, გიტარაც მიყვარს, მაგრამ ფანდური სულ სხვაა.
_ რომელი ინსტრუმენტზე დაკვრის შესწავლა გინდა კიდევ?
_ ქართული საკრავებიდან ასეთი არის ჭუნირი, რომელზეც, ძალიან მინდა, ვუკრავდე და უცხოური საკრავებიდან… ბევრი საკრავი, რომელსაც ვერ გამოვყოფ. ძალიან ბევრი საკრავის შესწავლა მინდა.
_ უკვე გახდი ხომ პოპულარული, რაც ეთერში „ნიჭიერი“ გავიდა?
_ დიახ, ასე გამოვიდა. ქუთაისში ვცხოვრობ და სკოლაში დიდი დახვედრა მომიწყვეს. ძალიან დიდი სითბო და სიყვარული ვიგრძენი ჩემი სკოლისგან და ჩემი ქალაქისგან.
_ სიმღერა არ გხიბლავს?
_ კი, როგორ არა. ზოგჯერ ვმღერი, უბრალოდ, ახლა გარდატეხის ასაკი მაქვს და ხმას ვუფრთხილდები. მომავალში ფანდურთან ერთად სიმღერასაც შევასრულებ.
_ რა იქნება ნახევარფინალში, რისთვის ემზადები?
_ ზუსტად არ ვიცი, რა იქნება, როგორი იქნება ჩემი ნომერი, მაგრამ ნახევარფინალში ძალიან მინდა, რომ ჟიურის წევრების გაოცება მეორედაც შევძლო და ფინალში გადასასვლელად ყველაფერი გავაკეთო. ვიბრძოლებ ბოლომდე.
…
„მის დაკვრაში წამში გამოდის 11 ნოტი, 11 ბგერა, რაც 14 წლის ბავშვისთვის ძალიან მაგარი შედეგია“, _ ამბობს ირაკლი ახალაია. ის დარწმუნებულია, რომ დავითი დიდ კვალს დატოვებს ამ სფეროში.
_ ირაკლი, თქვენ, როგორც დავითის ბიძამ და მთავარმა პედაგოგმა, როგორ აქციეთ ის ვირტუოზ შემსრულებლად, როგორ ამეცადინებდით?
_ მიუხედავად იმისა, რომ პედაგოგიურ საქმიანობას ვეწევი უკვე წლებია, რატომღაც დათუნაზე არასოდეს მიფიქრია, რომ ფანდურს სერიოზულად მოჰკიდებდა ხელს. პირველი შეხება ბავშვს ინსტრუმენტთან ბაბუას მხრიდან ჰქონდა. მერე ჩემს ვიდეოებს უყურებდა და, როგორც ამბობს, ეს გახდა მისთვის დიდი მოტივაცია. ცდილობდა, ჩემნაირი ჟესტებითაც კი დაეკრა. ჩემს ყურებაში სწრაფად განავითარა დაკვრის ტექნიკა, ძალიან სწრაფად გაიზარდა.
მე ბევრი მოსწავლე მყავს. არიან ბავშვები, რომლებიც შრომობენ და უყვართ ეს ინსტრუმენტი, მაგრამ დათუნას რაღაც განსაკუთრებული მიჯაჭვულობა ჰქონდა ფანდურზე, რაღაც საოცარი ტემპით გაიზარდა და განვითარდა. პირადად ჩემთვის, როგორც პედაგოგისთვის, ყველანაირი სტერეოტიპი დაამსხვრია.
_ ფანდურზე დაკვრის ასეთი სწრაფი ტექნიკა რისი შედეგია?
_ უცხოელ მუსიკოსებთან რომ მაქვს შეხება, აღნიშნავენ, რომ ფანდური არის ძალიან კომფორტული ინსტრუმენტი. მასზე ნებისმიერი ჟანრის მელოდიის შესრულება შესაძლებელია ძალიან მარტივად და ამაში დათუნა ძალიან კარგად მომყვა.
დაახლოებით ერთი წლის წინ ჩემი სტუდიის ბავშვების ვიდეო პირველად ავტვირთეთ სოციალურ ქსელში და ძალიან კარგი გამოხმაურება ჰქონდა. ეს კი ბავშვებისთვისაც და დათუნასთვისაც დიდი სტიმული აღმოჩნდა. აქედან დაიწყო დათუნამ უფრო მეტი მუშაობა ინსტრუმენტზე.
შემდეგ „ნიჭიერიდან“ იყო შემოთავაზება, ავუხსენი დათუნას, რომ ეს უკვე სხვა სცენაა, ამას უფრო სერიოზული და აკადემიური მიდგომა სჭირდებოდა. ჩემდა გასაკვირად, ზრდასრული, პროფესიონალი ადამიანივით მიუდგა საქმეს. მის დაკვრაში წამში გამოდის 11 ნოტი, 11 ბგერა, რაც 14 წლის ბავშვისთვის ძალიან მაგარი შედეგია. „ნიჭიერში“ წარმატების შემდეგ ვატყობ, რომ კიდევ უფრო მეტად „მოიწამლა“ ფანდურით. თუ ამ ტემპს შეინარჩუნებს, ვფიქრობ, რომ ძალიან დიდ კვალს დატოვებს ამ საქმეში.
_ როგორ ამზადებდით „ნიჭიერში“ გამოსვლისთვის?
_ გამომდინარე იქიდან, რომ ამ საქმეში ვარ მთელი ცხოვრება, წინასწარ ვიცოდი, რა სირთულის ნომერი იყო და რა ემოციებს გამოიწვევდა, მაგრამ ამას დათუნას არ ვუმხელდი. ამიტომაც თვითონ ბავშვს არ ჰქონდა მოლოდინი, რომ ასეთი გამოხმაურება ექნებოდა. მესმის, რომ ფანდური ტრადიციული საკრავია, მაგრამ იმდენად მრავალფეროვანია, რომ მასზე კლასიკური ნაწარმოების დაკვრაც შეიძლება და კლუბური ჟღერადობაც შეგიძლია მისცე.
დათუნას ერთადერთი მოლოდინი ის იყო, რომ ჟიურისგან ყოფილიყო დადებითი ემოცია და მისთვის ოქროს ღილაკი იყო აბსოლუტურად მოულოდნელი. მე სადღაც გულის სიღრმეში მჯეროდა, რომ კომპეტენტური ადამიანები ამას გააკეთებდნენ და ვთვლი, რომ ბატონმა კახა გრიგალაშვილმა სწორად შეაფასა ნომრის სირთულე.
…
თუ რა მომავალი დაინახა 14 წლის ვირტუოზში კახა გრიგალაშვილმა, ამის შესახებ მან „სარკესთან“ ისაუბრა.

_ ბატონო კახა, პირველ რიგში, მომიყევით თქვენი, როგორც „ნიჭიერის“ ჟიურის წევრის, შთაბეჭდილებები და ემოციები.
_ კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ ძალიან ნიჭიერი ხალხი ცხოვრობს საქართველოში. ნიჭიერები ვართ ყველა მხრივ და ამ პროექტის მიზანიც ეს არის, რომ წარმოაჩინოს განსაკუთრებულები და ნიჭიერები. ჩემი მთავარი ინტერესი მაინც მუსიკა და სიმღერაა და ამ ჟანრში უფრო კომპეტენტურად ვაფასებ გამომსვლელებს. დავით გვარამიამ სცენაზე მაქსიმუმი დადო. იმდენად საინტერესო და პროფესიონალი იყო, რომ მივეცი შანსი, ეგრევე ფინალში გადასულიყო. ამ გადაწყვეტილებით ძალიან ვამაყობ. ასეთი მოზარდების შემხედვარე მომავლის იმედის მიმძაფრდება, რომ არიან ბიჭები, რომლებიც ასე ქართულად აზროვნებენ მუსიკაში და ამდიდრებენ ქართულ ხელოვნებას.
_ რა მომავალი დაინახეთ მასში, რას უწინასწარმეტყველებთ?
_ ძალიან ნიჭიერი და წარმატებული ინსტრუმენტალისტია. მერწმუნეთ, რომ დათო არ დასჯერდება ფანდურს, სხვა ინსტრუმენტებსაც ნელ-ნელა დაეუფლება და იქაც ვირტუოზი იქნება. ნებისმიერ ანსამბლში გზა ხსნილი ექნება, როგორც ინსტრუმენტალისტს. ჩემი აზრით, ბევრი მუსიკის გაფორმება შეიძლება უკვე მაგ ბიჭის, ასე ვთქვათ, ინსტრუმენტული შესრულების ტალანტით. დიდი პერსპექტივა აქვს, დიდი მომავალი და, თუ რამე შემეძლება, მის გვერდით ვარ ყველანაირად.
_ თქვენთვის რა არის ნიჭის მთავარი განმსაზღვრელი, რა შემთხვევაში ამბობთ ადამიანზე, ნიჭიერიაო?
_ განსაკუთრებულობა და თავისებურება. ყველა ხელოვანს ვაფასებ, რომელიც ინდივიდუალია შემოქმედებაში, რომელიც ცდილობს, თავისებურად წარმოაჩინოს საკუთარი ნიჭი. ეგ არის ყველაზე საინტერესო და კარგი სანახავი, ჩემი აზრით.
_ ყოველთვის მნიშვნელოვანია, ადამიანს როგორ მიაწვდი საკუთარ აზრს, თუნდაც შექებას, თუნდაც კრიტიკას. თქვენ თუ გახსოვთ, თუნდაც ბავშვობაში ან რომელიმე ეტაპზე ვინმესგან შეფასება, რომელიც მთელი ცხოვრება გემახსოვრებათ, ან კარგი, ან ცუდი?
_ დარწმუნებული ვარ, დათოს ჩემი შეფასება და ეს ოქროს ღილაკიც არ დაავიწყდება არასდროს. ვფიქრობ, ეს ნაბიჯი ჩემგან არ იყო მხოლოდ ემოცია, ჩემი მხრიდან ეს ძალიან ადეკვატური ნაბიჯი იყო. რაც შემეხება მე, უფრო მკაცრი შეფასებებით ვიზრდებოდი. მამაჩემი იყო ცოტა მკაცრი, იშვიათად თუ გეტყოდა რამეზე კარგს ან სულ არაფერს გეტყოდა. ასევე ჩემი მაესტროს, თემურ ქევხიშვილის, შეფასებები. ძირითადად ამ ორი ადამიანის შეფასებები იყო ჩემთვის მნიშვნელოვანი და მადლობელი ვარ მათი.
sarkenews ახალი ამბები