მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მისაქციელის საჯარო სკოლას გაამაგრებენ, რათა შესაძლებელი გახდეს სასწავლო წლის ამავე შენობაში გაგრძელება. სამუშაოები ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით უნდა შესრულდეს.
„საჭირო უსაფრთხოების ღონისძიებების დროულად განუხორციელებლობამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მისაქციელის საჯარო სკოლის შენობის უსაფრთხო დროებით ექსპლუატაციას და სკოლის ფუნქციონირების სათანადო პირობებში უზრუნველყოფას. ამასთან, შესაძლოა შეიქმნას მოსწავლეთა, მასწავლებელთა და სკოლის სხვა თანამშრომელთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი გარემოებები“, - წერს ფონდი შესყიდვების სააგენტოს.
სამუშაოები, რომლის ღირებულებაც 1 096 494 ლარია, კომპანია შპს „ინსმა“ 4 თვის განმავლობაში უნდა ჩაატაროს.
საქართველოს მუნიციპალური ფონდის დაკვეთით სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიურომ მისაქციელის სკოლაზე 26-გვერდიანი დასკვნა მიმდინარე წლის 2 მარტს მოამზადა:
„ამჟამინდელი ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია და სეისმურ ნორმებთან შეუსაბამო. ხანდაზმულობიდან გამომდინარე მთლიანობაში შენობის კონსტრუქციებს განცდილი აქვს ასაკობრივი ფიზიკური ცვეთა... მიზანშეწონილად მიგვაჩნია, განხორციელდეს მისი დემონტაჟი და აშენდეს ახალი...“
განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ კოლეგა მინისტრს, რევაზ სოხაძეს 24 სექტემბერს მიმართა და ითხოვა „ვინაიდან 2026-2027 სასწავლო წელი უკვე აქტიურ ფაზაშია, აუცილებელია შენობაზე დროულად იქნას მიღებული გადაწყვეტილება“.
იმავე დღეს უწყების პრესსამსახურმა საზოგადოებას აცნობა, რომ კომისიამ იმსჯელა მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მისაქციელში მდებარე საჯარო სკოლაზეც: „არსებული დაზიანებების პირობებში სასწავლო პროცესი ვერ გაგრძელდება. შესაბამისად, მისაქციელში მუნიციპალური განვითარების ფონდი ახალი სკოლის მშენებლობას დაიწყებს“.
რადიო თავისუფლების ცნობით, სასწავლო წლის დასაწყისში სულ მცირე 14 საჯარო სკოლა იყო, რომელშიც სწავლა 15 სექტემბერს, ჩვეულებრივად დაიწყო, ორ დღეში - ექსპერტიზის დასკვნების საფუძველზე - დაიკეტა.
radiotavisupleba ახალი ამბები