მიტროპოლიტ მალხაზ სონღულაშვილის საშობაო ეპისტოლე 2024 – “მოდით თავი დავანებოთ იოლი გამოსავლის ძებნას და სწორი გამოსავალის ძებნა დავიწყოთ”

13 hours ago 2

საქართველოს ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის მიტროპოლიტის მალხაზ სონღულაშვილის საშობაო ეპისტოლე:

ლუკას სახარებაში მოთხრობილია ვადაგაუსვლელი ამბავი იესოს შობისა:

„იმ ხანებში მწყემსები იყვნენ მინდვრად და ღამით დარაჯობდნენ თავიანთ სამწყსოს. და აჰა, უფლის ანგელოზი წამოდგათ მათ თავზე და უფლის დიდება გამოუბრწყინდათ და შეშინდნენ დიდი შიშით.

და უთხრა მათ ანგელოზმა: ‘ნუ გეშინიათ. აჰა გახარებთ დიდ სიარულს, რომელიც ყველა ხალხისა იქნება. ვინაიდან დავითის ქალაქში თქვენთვის იშვა მაცხოვარი, რომელიც არის ქრისტე უფალი.”

საკვირველი ამ ამბავში ის არის, რომ იმედის სიტყვა პირველად ეხარათ მწყემსებს – უბრალო ხალხს, თანაც ისეთ დროში, როდესაც ქვეყანაში გამეფებული იყო პოლიტიკური, სოციალური, რელიგიური ბუნდოვანება და ჰეროდე დიდის ტირანული მმართველობა!

ეს იმედი რომელიც მწყემსებს მიეცათ არ უნდა აგვერიოს ოცნებაში. იმედი სხვაა და ოცნება – სხვა. იმედი რეალობაშია ფესვგადგმული, ოცნება კი აბსტრაქტულია და წარმოსახვითი.  როცა ადამიანს გწამს, რომ  შენი გარჯა და შრომა შედეგს გამოიღებს და სიკეთისაკენ წაგიძღვება – ეს იმედია. როდესაც ფანტაზიორობ, რომ ლატარიის ბილეთს მოიგებთ და მთელი  ცხოვრება უზრუნველად იცხოვრებთ – ეს ოცნებაა. ცხადია ეს უტრირებაა, მაგრამ სინამდვილეში ასეა.

ეს მწყემსები პირველები იყვნენ ვისაც ამ იმედის ამბავი ეუწყათ. ისინი უბრალო ადამიანები იყვნენ, არც დიდგვაროვნები არ ყოფილან და არც რაიმით გამორჩეულები და ცნობილები. არადა სწორეთ მათ ეუწყათ კაი ამბავი ღმერთის უსაზღვრო და უპირობო სიყვარულის შესახებ.

ამ მწყემსების მსგავსად ჩვენც ბუნდოვანებისა და გაურკვევლობის ეპოქაში გვიწევს ახლა ცხოვრება.  პოლარიზაცია, ძალადობა, შიში, ხიფათები ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილად იქცა,  განსაკუთრებით ამ შობის წინეებში.  ჩვენდა სანუგეშოდ კაი ამბავისთვის ადგილი ყოველთვის მოიძებნება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ირგვლივ სიბნელე, სიცრუე და უსამათლობა სუფევს.

ეს იმედი რომელიც მწყემსებს ეხარათ სამ მოწოდებას შეიცავს.

მოწოდება პირველი: მოქმედება

როგორც კი მწყემსებმა  კაი ამბავი გაიგეს, მაშინვე ამოქმედდნენ: მიატოვეს ტრამალი, სადაც იმყოფებოდნენ და ბეთლემში გაიქცნენ, რათა  კაი ამბავი სხვებისთვისაც  გაეგებინებინათ. აქედან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ იმედი პასიური და უმექმოედო არასდროს არის, ის აქტიურობს, ის მოქმედებს.  მოქმედების გარეშე იმედი გინდ ყოფილა და გინდ არა.

რაბი ჰილელ უფროსს ნათქვემი აქვს: “მე თუ არ დავდექი საკუთარი თავის მხარეზე, სხვა ვინ დადგება?! მე თუ  მარტო საკუთარი თავის მხარესა ვდგავარ, მე რა გამოვდივარ? და თუ ახლა არა, მაშ როდის?”  ამით ჰილელი თავის თანამედროვეებს მოუწოდებდა გაბედულად და უშიშრად ემოქმედათ საჭიროების ჟამს.

ჩვენც ასევე  მოწოდებული ვართ შობის იმედის მიერ, რომ ყოველთვის: სიტყვითა და საქმით, ჩვენი კრეატიული უნარებითა და მიგნენებებით,  ხელგაშლილობითა და თავდაუზოგავობით, გაბედულობითა და გამძლეობით ვიდგეთ სიმართლის, სამართლიანობისა და ნამდვილი მშვიდობის სადარაჯოზე, ყველაზე ბნელსა და სუსხიან გარემოშიც კი.

ერთ პაწაწინა კეთილ საქმესაც, ერთი ადამიანის დახმარებასა და შველასაც კი კოსმიური ხასიათი ენიჭება განსაცდელის ჟამს.

ყურანი ამიტომ ამბობს: “ვინც ერთი ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს, ეს იგივე იქნება როგორც მთელი სამყარო გადაგერჩენა.” ( “…აჰია ალ ნასა ჯამიყან” 5:32).

იმ მწყემსებისა არ იყოს შეიძლება ვფიქრობდეთ, ჩვენ ვინა ვართ, რა შეგვიძლია გავაკეთოთ, ამხელა ძალადობის მანქანას როგორ უნდა შევებათ, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველაზე დიდი ცვლილებების მოხდენა მხოლოდ იმედსა და ბეჯითობას შეუძლია.

ძალიან შორს რომ არ წავიდეთ,  ამის მაგალითად ისიც გამოდგება, რაც ამ ბოლო თვის განმავლობაში ვნახეთ თბილისში: პატარა გოგო-ბიჭები როგორ შეუპოვრად იდგნენ ძალადობრივი მანქანის წინაშე.  მე თვალიდან არ გადამდის იმ გამხდარი გოგონას სურათი, რომელიც სუსხიან ღამეში ყინულივით ცივი წყლის ჭავლის წინ იდგა და მოძალადის მხარეზე  ორი ხელით თითო-თითს აჩვენებდა ძალადობას, უსამართლობას, უგულობას, უყვარულობას, სისასტიკეს.

ის გოგონა ნამდვილი გამგრძელებელია ვაჟას სულიერი მემკვიდრეობისა:

“გულს ნუ გამიტეხ ტანჯვაში,
მამყოფე შეუდრკელადა,
ვიფხიზლო, მუდამ  მზად ვიყო,
დაჩაგრულების მცველადა,
ბალახი ვიყო სათიბი,
არა მწადიან ცელობა…”

ვაი, იმათ ვისაც ცელობა სწადია ამ ცისქვეშეთში. ასეთები ვერ გაიგებენ და ვერც ვერასდროს მიხვდებიან შობის იმედის საზრისს, ძალიანაც რომ მოიწადინონ, სანამ აზრს არ შეიცვლიან და არ დაგმობენ ძალადობისა და სიძულვილის გზას.

მოწოდება მეორე: გამძლეობა

ანგელოზის მწყემსებისთვის ნათქვამი სიტყვები, “ნუ გეშინიათო” არის იმისი შეხსენება, რომ რწმენა იძლევა გამძლეობას როდესაც გაურკვეველობით სავსე დროებაში გვიწევს ცხოვრება:  შიშმა შეიძლება კარზე მოგვიკაკუნოს, მაგრამ ადამიანმა უნდა გავუძლოს და  ის  გულში არ უნდა შეუშვას.

ცხოვრების გამოწვევების აღსაწერად ბუდისტური მოძღვრება ხშირად მიმართავს აბობოქრებილი უკეანის მეტაფორას.  ერთ გონიერ ბერს ნათქვამი აქვს: “შეიძლება შენ ქარიშხალი ვერ დააცხრო, მაგრამ საკუთარი თავის დაცხრობა ხომ შეგიძლია. ქარიშხალი გადაივლის.”  რწმენა ღუზასავით არის, რომლითაც ჩვენ საიმედოდა ვართ დაცული, და რომ ბობოქარი ტალღები ვერს წაგვლეკავს და ვერ დაგვძირავს.

მორწმუნე ადამიანისთვის ქრისტე ასეთივე ღუზაა. ის ჩვენ გვახსენებს, რომ როგორ არეულ დროებაშიაც არ უნდა ვცხოვრობდეთ ღმეთი ჩვენთან არის თავისი სიყვარულითა და სინათლით – ჩვენს გასამხნევებლად და ჩვენს სანუგეშებლად – განსაკუთრებით მაშინ როდესაც წინ გამოსავალი ჯერაც არ ჩანს. ღუზა ჯვართან და თევზთან ერთად ადრინდელი ქრისტიანობის სიმბოლო იყო დიდი ხნის განმავლობაში.

მოწოდება მესამე: სიხარულის შენარჩუნება

მწყემსებმა გაიხარეს არა იმით, რომ დიდ განძს რასმე მიაგნეს, არამედ იმით რომ ყრმა იესოს ამბავი  შეიტყვეს.  მათი სიხარული ეფუძნებოდა არა რაიმე წარმავალობას, არამედ ისეთ მარადიულობასა და ისეთ მშვენიერებას, რომელსაც ვერავითარი გარემოება ვერ გამოგლიჯავს ადამიანს ხელიდან.  რელიგიური პერსპექტივიდან სიხარულის შენარჩუნება იმპერატივია ადამიანის ცხოვრებაში.

ისლამურ ტრადიციაში წინასწარმეტყველ მუჰამედს ნათქვამი აქვს: “ღმერთის მორწმუნეები ვინცა ხართ ან სიკეთეზე ილაპარაკეთ და ან სულ ნურ ილაპარაკებთ. გარშემო მყოფ ხალხს მორწმუნეებმა სიხარული უნდა აჩუქონ.” სიხარულის გარეშე რწმენას ფასი არა აქვს. სიხარულის გაცემის სურვილის გარეშე, არც მორწმუნეობასა აქვს რაიმე აზრი. ჩვენთვის არავის დაუვალებია ვინმე დავაშინოთ,  დავამუნათოთ, გავკიცხოთ განსხვავებულობისა და განსხვავებული აზრის გამო –  ეს ფუნქცია ჩვენ არ გვეკუთვნის.

სიხარულის პოვნა კი ძნელი არ არის: ძნელია განა გაიხარო  მზის სითბოთი ყიამათ ზამთარში, მეგობრებთან გატარებული წუთებით, პურობით და ხალისიანი მასლაათით, პატარა ბალღის კისკისით, ცხოველ-ფრინველებისა ლაღობითა და თამაშით თუ ჩვენთან თუ ერთმანეთთან.

დასკვნისთვის 

არ ივარგებს თუ ამ სამ მოწოდებას ანგარიშში არ ჩავაგდებთ. ლუკას სახარების მოწოდებებს უნდა გამოვეპასუხოთ არა მხოლოდ მაშინ, როცა დალხინებულადა ვართ,არამედ მაშინაც როდესაც გაორკვევლობის, საფრთხეებისა და გამოწვევების წაინაშე ვდგავართ.

გასაგებია, რომ ცხოვრება საფრთხის გარეშე არ არსებობს და ამაში საკვირველი არაფერია. დღეს დილას მეგობარმა ერთი ანონიმური ციტატა გამიზიარა, რომელიც საგულისხმო უნდა იყოს ჩვენთვის.

“როდესაც ჩვენ  სიმართლეს ვამბობთ და გაბატონებულ სიცრუს ვუპირისპირდებით, ჩვენ ამით საფრთხეში ვიგრებთ თავს,  მაგრამ თუ ჩვენ ხმას არ ამოვიღებთ უფრო დიდ საფრთხეში ჩავაგდებთ ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებს.”

ეს ჩვენ იმას გვასწავლის, რომ გებედულობა უშიშრობას კი არ ნიშნავს, არამედ მოქმედებას ამ შიშის მიუხედავად. ცხოვრებს გამოწვევებსა და საფრთხეებს სჯობია
შევხედოთ როგორც შესაძლებლობებს, რომელიც გვეხმარება, რომ უფრო თამამად და უფრო ლამაზად ვიცხოვროთ.

სუფიური ტრადიციის თანახმად, ერთხელაც მოლა ნასრედინი მუხლებზე დგას და რაღაცას ეძებს ქუჩის გაბრდღვიალებული ლამპიონის ქვეშ.
– “მოლა რას ეძებ?” – ვიღაცა გამვლელმა  ჰკითხა.
– “სახლის გასაღები დავკარგე.” – მუგო მოლამ.
– “რაღა მაინც და მაინც აქ დაკარგე?” – არ მოეშვა გამვლელი.
– “არა, აქ არ დამიკარგავს, შინ დავკარგე, უბრალოდ აქ უკეთესი განათებაა და აქ ამიტომ ვეძებ.”

ნასრედინს ადვილი გამოსავლის ნახვა უნდოდა. საჭიროა არა ისეთი გამოსავლის ნახვა, რომელიც იოლია, არამედ ისეთისა, რომელიც შედეგს იძლევა.

მოდით თავი დავანებოთ იოლი გამოსავლის ძებნას და სწორი გამოსავალის ძებნა დავიწყოთ. მოდით დავტოვოთ შიშის, გაუბედავობისა და უიმედობის ტრამალი მწყემსებთან ერთად და ერთად დავიძახოთ იმედიანი საგალობელი: “დიდება მარალთა შინა ღმერთსა,  ქვეყანაზე მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება.”

ყველას გილოცავთ შობას ვინც 25 აღნიშნავთ შობას და იმათ, ვინც 7 იანვარს აღნიშნავთ, და იმათაც, ვინც მაინცდამაინც არც აღნიშნავთ შობას. შობის იმედი ხომ ყველასია, ყველა ხალხისაა და ყველა ადამიანისაა.
ქრისტე იშვა ბეთლემში, დიდება მაღალთა შინა.

მალხაზ სონღულაშვილი

შობა 2024
მშვიდობის კათედრალი, თბილისი

სრულად წაკითხვა