მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ყოფილმა ხელმძღვანელმა ქრისტოფ ჰოისგენმა, ღაზის სექტორში ადამიანების ტანჯვის გათვალისწინებით, გერმანიის მთავრობას პალესტინელთა სახელმწიფოს აღიარებისკენ მოუწოდა.
22 აგვისტოს RND მედია ჯგუფის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში ჰოისგენი აცხადებს, რომ გერმანიის, როგორც ისრაელის ერთგული მეგობრის რეპუტაციის გათვალისწინებით, ასეთი ნაბიჯი მსოფლიო მასშტაბით „განსაკუთრებით ძლიერ ჟესტად“ იქნება აღქმული.
გერმანიის ყოფილი კანცლერის, ანგელა მერკელის დიდი ხნის მრჩეველი თვლის, რომ მიუხედავად იმისა, რომ აღიარება მოკლევადიან პერსპექტივაში ადგილზე არსებულ სიტუაციას არ შეცვლის, გერმანიის შეერთება იმ სახელმწიფოების უმრავლესობასთან, რომლებიც უკვე აღიარებენ პალესტინას, იქნებოდა პალესტინელი ხალხის მიმართ სოლიდარობის ძლიერ სიგნალი.
რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის საფრანგეთმა, კანადამ და ავსტრალიამ, სექტემბერში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოაცხადეს პალესტინის სახელმწიფოს აღიარების გეგმები.
ისრაელის ამჟამინდელი ხელისუფლება პალესტინელთა სახელმწიფოს შექმნის იდეას არ იზიარებს და კრიტიკულია ყველას მიმართ, ვინც ამას ემხრობა.
თუმცა გერმანიის მთავრობამ არაერთხელ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ამას არ აპირებს. ივლისის ბოლოს, მთავრობის წარმომადგენელმა შტეფან კორნელიუსმა თქვა, რომ აღიარება კონფლიქტის ორი სახელმწიფოს შექმნით მოგვარების გზაზე „ერთ-ერთ საბოლოო ნაბიჯად“ აღიქმებოდა. ამგვარი გზა ისრაელის გვერდით პალესტინელთა დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშვიდობიან თანაარსებობას გულისხმობს.
AFP-ის მონაცემებით, გაეროს 193 წევრიდან, სულ მცირე, 145-მა უკვე აღიარა ან გეგმავს პალესტინელთა სახელმწიფოს აღიარებას.