რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხაილ გალუზინმა განაცხადა, რომ მოსკოვი „ღიაა თბილისთან პრაგმატული ურთიერთობების შემდგომი გაფართოებისთვის“. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა მოსკოვის არაერთი მოწოდება ინტენსიური ჩართულობის შესახებ და ამასთან ხაზი გაუსვა საქართველოსთან ამჟამად „არარსებულ“ პოლიტიკურ კონტაქტებს.
„ჩვენ ღია ვართ თბილისთან პრაგმატული ურთიერთობების შემდგომი გაფართოებისთვის“, – განუცხადა გალუზინმა რუსულ სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ტასს“, 11 აგვისტოს გამოქვეყნებული ინტერვიუს თანახმად. „ნათელია, რომ საქართველოს წარმატებული განვითარების გასაღები არა კონფრონტაციაში, არამედ ჩვენს ქვეყანასთან თანამშრომლობაშია“.
გალუზინმა ეს კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც მას რუსეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი პოლიტიკური დიალოგის განახლების პერსპექტივების შესახებ ჰკითხეს. გალუზინმა ორმხრივი პოლიტიკური კონტაქტების არარსებობაზე მიუთითა.
„რაც შეეხება ორმხრივ პოლიტიკურ კონტაქტებს, ისინი დღეს არ არსებობს“, – განუცხადა მან „ტასს“. „მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ ქართული მხარე ასეთი დიალოგისთვის მზად არ არის. რა თქმა უნდა, ჩემთვის რთულია იმის შეფასება, თუ როგორ ეხმარება ეს საქართველოს ამა თუ იმ პრობლემის გადალახვაში, მაგრამ ეს მისი ხელისუფლების გადასაწყვეტია“.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები „საუკუნოვანი ისტორიული და კულტურული კავშირებით, საერთო სულიერი ფუნდამენტითაა გამყარებული“ და, „კარგად ცნობილი პოლიტიკური უთანხმოებების მიუხედავად“, მოსკოვი ცდილობს საქართველოსთან ურთიერთობები „ურთიერთპატივისცემაზე“ დააფუძნოს.
გალუზინმა რუსეთი და საქართველო „ერთმანეთის ბუნებრივ პარტნიორებად“ დაასახელა და აღნიშნა, რომ თბილისზე „უპრეცედენტო გარე ზეწოლამ“, რომ უარი ეთქვა რუსეთთან ურთიერთობაზე, ვერ გამოიღო ის შედეგი, რაც დასავლეთს უნდოდა.
გალუზინმა ბოლო წლებში ვაჭრობისა და ტურიზმის სფეროში „მნიშვნელოვან პროგრესზეც“ გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საქართველოში ყოველი ოთხი ტურისტიდან ერთი რუსეთიდანაა და რომ რუსეთის ბაზარი „საქართველოს ძირითადი საექსპორტო საქონლის მთავარი ბაზარია“.
„ჩვენ მივესალმებით ამას, რადგან ჩვენი ამოცანაა, შევქმნათ პირობები ჰუმანიტარული და ბიზნეს კავშირების გაფართოებისთვის, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ისეთი კავშირებისთვის, რომლებიც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნების მოქალაქეებისთვის“, – დასძინა მან.
This post is also available in:
civil ახალი ამბები