მიხაილ როთი: „პერსონალური სანქციები მაგიდაზე დევს“

3 weeks ago 10

გიგა გელხვიიძე

2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შემდგომ საქართველოში მიმდინარე პროცესები კიდევ უფრო მეტი ყურადღების ცენტრში მოექცა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ დასავლელი პარტნიორები და ევროკავშირი ქვეყანას ლუპით აკვირდებიან და ხელი უჭირავთ იმ ქართველი ხალხის პულსაციაზე, რომელსაც სურს, რომ საქართველო დარჩეს ევროპულ გზაზე და არ მოექცეს რუსეთის მარწუხებში, ვისაც სურს თავისუფლება და არა მონობა, სამართალი და არა განუკითხაობა.

დღეს ქვეყანაში პროტესტია, რომელიც გამოიწვია „ქართული ოცნების“ მიერ მიტაცებულმა არჩევნებმა. ქართველი ხალხის ნებას სრულად უჭერს მხარს ევროპის ქვეყნები, აქტიურად განიხილება სხვადასხვა გზა, რომლითაც შეიძლება, საქართველო ჩვეულ პოლიტიკურ დღის წესრიგს დაუბრუნდეს, სადაც განსახილველი საკითხი იქნება ის, თუ რა უნდა გაკეთდეს ევროკავშირში გასაწევრიანებლად და არა ის, თუ როგორ მოხდეს ქვეყნის შიდა მტრისგან, „ქართული ოცნებისგან“, თავის დაცვა, რომელსაც უკვე უწოდებენ „რუსულ ოცნებას“. ის, რომ ქართველ ხალხს აქვს მაქსიმალური მხარდაჭერა ევროპელი და დასავლელი პარტნიორებისგან, ამას მოწმობს სხვადასხვა დროს სხვადასხვა პოლიტიკური აქტორის მიერ გაკეთებული განცხადება იმ პროცესების შესახებ, რომლებიც ახლა მიმდინარეობს ქვეყანაში.

პოლიტიკოსები ერთხმად საუბრობენ, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები სათანადოდ უნდა გამოიძიონ და პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ყველას, ვისაც ჰქონდა კავშირი შესაძლო გაყალბებასთან.

არც ისე დიდი ხნის წინ (11 ნოემბერს) მას შემდგომ, რაც დადასტურდა, რომ მელანმა გაჟონა, სხვა ადამიანების პირადობებით ხმა სრულიად სხვა პიროვნებამ მისცა, ზოგმაც, სულ მცირე, ხუთჯერ შეისეირნა სხვადასხვა საარჩევნო უბანზე და ისე მისცა ხმა, ზოგმაც ფრჩხილებზე მარკირების კვალი ე. წ. შილაკით წაშალა, თბილისში ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარის მიერ შემდგარი დელეგაცია ჩამოვიდა. ევროპელმა დიპლომატებმა შეხვედრები გამართეს სამოქალაქო სექტორთან, ოპოზიციასთან, მათ სურდათ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან შეხვედრაც, თუმცა ამ უკანასკნელმა განაცხადა, რომ არ შეხვდება მათ, ვინც კრიტიკის ქარცეცხლში ატარებს პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის და მის პოლიტიკურ გზასა და საპარლამენტო არჩევნებსაც ეჭვქვეშ აყენებსო.

ევროპელ დიპლომატებს მმართველმა პარტიამ უარი უთხრა, თუმცა მათ შეხვდა ხელისუფლების, ოპოზიციისა და სრულიად საქართველოს მმართველი, მისი უდიდებულესობა ქართველი ხალხი, რომელიც რუსთაველის გამზირზე შეიკრიბა და თავისი ერთობით განაცხადა: ჩვენ მოგვპარეს ხმა, მოგვპარეს ევროპული მომავალი და ცდილობენ საქართველო გადაუფორმონ რუსეთს. კიდევ ერთხელ მიმართეს დახმარებისთვის იმ ევროპული ოჯახის წარმომადგენლებს, რომელთა გვერდით ჯერ კიდევ არის საქართველოს ადგილი… თუმცა „ქართული ოცნების“ ხელში იმ თავისუფალი სავარძლის დაკავება მართლაც ოცნებად იქცა და არც თუ მარტივად ასახდენად.

„საქართველო და მისი ხალხი ძალიან ძვირფასია ჩვენთვის. ჩვენ ერთგული ვართ თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოსი ევროპის გულში. გაყალბებული არჩევნების შემდეგ ჩვენ შეშფოთებული ვართ მიმდინარე მოვლენებით“, – ეს სიტყვები დელეგაციის საქართველოში ჩამოსვლამდე სოციალური ქსელ X-ის ოფიციალურ გვერდზე დაწერა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთმა.

სწორედ მიხაილ როთთან ჩაწერა ექსკლუზიური ინტერვიუ „ქრონიკა+“-მა. მას დავუსვით ყველა ის მნიშვნელოვანი შეკითხვა, რომელიც ახლა განსაკუთრებით აწუხებს ქართველ ხალხს და პოლიტიკურ სპექტრს საქართველოში.

გერმანელმა დიპლომატმა „ქრონიკა+“-თან ჩვეული გულწრფელობითა და პირდაპირობით ისაუბრა ქართულ პოლიტიკურ ველზე ახლა განვითარებული პროცესების შესახებ. მან აქცენტები გააკეთა იმაზე, თუ საით მიჰყავს საქართველო „ქართულ ოცნებას“. ასევე ვისაუბრეთ ქვეყნის პოლიტიკური პრობლემების მოგვარების გზებზე:

_ ბატონო მიხაელ, როგორია უცხო თვალით დანახული საქართველო დღეს?

_ საქართველო დღეს გზაჯვარედინზეა: ან გააგრძელებს გზას ევროკავშირისკენ, ან გეოპოლიტიკურად იზოლირებული აღმოჩნდება და უფრო მეტად იქნება დამოკიდებული ავტორიტარულ ძალებზე, როგორიცაა რუსეთი და ჩინეთი. მაშინ, როდესაც ქართველების უმრავლესობას ევროპულ გზაზე დარჩენა სურს, მმართველი პარტია და მისი ლიდერები ქვეყანას იზოლაციისა და ავტორიტარიზმისკენ მიათრევენ. არჩევნების შედეგები და მისი სავარაუდო გაყალბება ხაზს უსვამს მმართველი ძალის („ქართული ოცნება“) ძალისხმევას თავიანთი მიზნების მისაღწევად.

_ რა ბედი ეწევა სახელისუფლებო პარტიას ევროპის ქვეყანაში, რომელიც შეეცდება არჩევნების მიტაცებას, ისე როგორც ეს საქართველოში ხდება?

_ სამწუხაროდ, ევროპაში არ არის უცხო საარჩევნო მანიპულირება. მაგალითად, სერბეთში მიმდინარე წლის დასაწყისში არჩევნების დროს იყო გავრცელებული მანიპულირების არაერთი ფაქტი. მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი დემოკრატიული სახელმწიფო არ არის დაზღვეული ასეთი რისკებისგან, მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი ინსტიტუტების არსებობა, რათა გამოიძიონ მსგავსი პრობლემური საკითხები. უმეტეს დემოკრატიულ ქვეყანაში, მანიპულაციის შემთხვევაში, სასამართლო ბათილად აცხადებს არჩევნებს და მოითხოვს მის ხელახალ ჩატარებას. მაგალითად, გერმანიაში, ბერლინის ბოლო ფედერალური არჩევნების დროს, ლოჯისტიკურმა საკითხებმა აიძულა სასამართლო, ნაწილობრივი ხელახალი კენჭისყრის ნებართვა გაეცა. თუმცა ევროპის მასშტაბით ჯერ კიდევ არ არსებობს ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც ამგვარ დარღვევებს გაუმკლავდება.

_ გაყალბებული არჩევნები, რუსული კანონები _ რამდენად შეუძლია საქართველოს გახდეს ევროკავშირის წევრი „ქართული ოცნების“ პირობებში?

_ ევროკავშირმა შეაჩერა გაწევრიანების პროცესი და მე ვერ ვხედავ გზებს, როგორ შეიძლება გახდეს საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყანა, „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში. გაწევრიანების პროცესის ხელახლა გასახსნელად საქართველოს მთავრობამ უნდა გააუქმოს რუსეთის აგენტების კანონი, ოფშორული კანონი და ანტი-LGBTQ+ (ელგებეტექიუ+) კანონი. ბრალდებები საარჩევნო მანიპულირების შესახებ კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობას არ სურს შეუერთდეს ევროკავშირის წევრობისთვის საჭირო ღირებულებებსა და ვალდებულებებს.

_ ძალიან ბევრი ქართველი აფარებს თავს გერმანიას. შესაძლებელია თუ არა, რომ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურმა პროცესებმა მათ ბედზე რაიმე ზეგავლენა იქონიოს?

_ ბევრი ქართველი ჩამოვიდა გერმანიაში სამუშაოდ ან სასწავლებლად, ვიზალიბერალიზაციის დახმარებით, რამაც გააძლიერა კავშირები ჩვენს ხალხებს შორის. თუმცა საქართველოში გაუარესებული პოლიტიკური ვითარება, სავარაუდოდ, უფრო მეტს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, უბიძგებს ქვეყნიდან წასვლისკენ. გერმანია დარჩება თავშესაფარი მათთვის, ვინც ეძებს უკეთესს შესაძლებლობებს, მაგრამ გადამწყვეტია, რომ ჩვენ აღმოვფხვრათ მიგრაციის ძირეულ მიზეზები, საქართველოს დემოკრატიული მისწრაფებების მხარდაჭერით.

_ თქვენ რამდენჯერმე იმყოფებოდით საქართველოში, შეხვდით არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ოპოზიციის ლიდერებს და აქტიური კონტაქტი გქონდათ რიგით მოქალაქეებთან _ რა სურთ მათ, როგორია მათი განწყობები?

_ ქართველებს სურთ, რომ მათი ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი. ისინი ისწრაფვიან დემოკრატიისკენ, სურთ ეკონომიკური შესაძლებლობების და უსაფრთხოების გაუმჯობესება, რაც ამჟამად „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში საფრთხეშია. ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების მოთხოვნები ნათელია: გაუქმდეს რუსული აგენტების კანონი და სხვა ანტიევროპული კანონები, ჩატარდეს დამოუკიდებელი გამოძიება არჩევნების გაყალბების თაობაზე და ჩაინიშნოს ხელახალი არჩევნები.

_ თუ დასავლეთმა არ განახორციელა საქართველოში ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმაცია, ასეთ შემთხვევაში დაიხურება თუ არა ევროპაში საქმიანი მოლაპარაკებების კარი საქართველოს არალეგიტიმური პარლამენტის წარმომადგენლებისთვის?

_ ევროკავშირმა უკვე გაყინა გაწევრიანების პროცესი და, სავარაუდოდ, საქართველოს მთავრობისთვის გამოყოფილ თანხებს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისკენ ან სხვა ქვეყნებისკენ მიმართავს. თუ ევროკავშირი გადაწყვეტს, არ აღიაროს საქართველოს არჩევნები, ეს, სავარაუდოდ, გამოიწვევს პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომ გაუარესებას. ამ პირობებში საქართველოსა და ევროკავშირს შორის ჩვეულებრივი ურთიერთობა ვერ გაგრძელდება.

_ ბოლოს, მინდა გკითხოთ პერსონალურ სანქციებსა და ვიზალიბერალიზაციის შეწყვეტის შესახებ _ რამდენად ახლოსაა საქართველო მრავალწლიანი შრომით მოპოვებული სიკეთეების დაკარგვასთან?

_ საქართველოს ხელისუფლება თხელ ყინულზე დგას. თუ ის გააგრძელებს ავტორიტარულ გზას და ვერ გაუმკლავდება არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებულ ბრალდებებს, ვიზალიბერალიზაცია შეიძლება შეჩერდეს, რაც ზიანს მიაყენებს რიგით ქართველებს. ამის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია გაყალბებული არჩევნების დამოუკიდებელი გამოძიება და ხელახალი არჩევნების ჩატარება, რათა აღდგეს ნდობა დემოკრატიული პროცესის მიმართ.

_ ელოდებით თუ არა პერსონალური სანქციების დაწესებას „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნების მისამართით?

_ პერსონალური სანქციები ნამდვილად არის მაგიდაზე და მე მათ სრულად ვუჭერ მხარს. ნებისმიერი, ვინც პასუხისმგებელია არჩევნების გაყალბებასა და ძალადობაზე ოპოზიციური პარტიების ან სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მიმართ, პასუხი უნდა აგოს. თუმცა ევროკავშირში ერთსულოვნების მიღწევა ასეთი ზომებისთვის რთული იქნება, განსაკუთრებით უნგრეთის მთავრობის გათვალისწინებით, რომელიც იცავს ავტორიტარული სახელმწიფოებისა და მთავრობების ინტერესებს მთელ მსოფლიოში.

***

აღნიშნული მასალის ბოლოს მკითხველს შევახსენებ, რომ ყველაფერ ზემოთ ხსენებულის მიუხედავად, დღეს, 25 ნოემბერს, „ქართული ოცნება“ მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას ატარებს, სადაც აპირებს მოახდინოს 150 დეპუტატის (ოპოზიციის ჩათვლით) უფლებამოსილების ცნობა და გაყალბებული არჩევნების მეშვეობით დაკომპლექტებული პარლამენტის ლეგიტიმურად ცნობა. აქვე დავამატებ, რომ აღნიშნული მასალის მომზადების დროს ოთხივე ოპოზიციური პარტიის ლიდერი აცხადებს, რომ არ მიანიჭებენ ლეგიტიმაციას მე-11 მოწვევის პარლამენტს, ხოლო სამი მათგანი („კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ და „ძლიერი საქართველო“) აცხადებს, რომ უარს ამბობენ სადეპუტატო მანდატებზე და პარლამენტს მათი გაუქმების მოთხოვნით მიმართავენ. ასევე მოხდება საპარლამენტო სიის სრულად ჩახსნა. რაც შეეხება კიდევ ერთ ოპოზიციურ ძალას, ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას პარტიას „გახარია საქართველოსთვის“, რომელმაც არსებული მონაცემებით მოსახლეობის მიერ მიღებული ხმებით პარლამენტში მოსახვედრად დაწესებული 5%-იანი ბარიერ გადალახა, თუმცა ყველაზე დაბალი ელექტორალური მხარდაჭერა აღმოაჩნდა, ჯერჯერობით არ აცხადებს გარკვევით, ჩახსნის თუ არა საპარლამენტო სიას ყველა საჭირო პროცედურის გავლის შემდგომ და უარს იტყვის თუ არა წერილობით საპარლამენტო მანდატებზე.

The post მიხაილ როთი: „პერსონალური სანქციები მაგიდაზე დევს“ appeared first on QronikaPlus.

სრულად წაკითხვა