14 დეკემბერს პარლამენტის სხდომათა დარბაზში საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები გაიმართა, სადაც „ქართული ოცნების“ დეპუტატებისა და საკრებულოს წევრებისგან შემდგარმა საარჩევნო კოლეგიამ 224 ხმით მხარი დაუჭირა ყოფილი ფეხბურთელის მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურას. სხდომა პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციების ფონზე გაიმართა, სადაც აქციის მონაწილეებმა პროცესი შეაფასეს როგორც „არალეგიტიმური“ და „ფარსი“.
ყაველაშვილი ერთადერთი კანდიდატი იყო ამ პოსტზე და იგი 27 ნოემბერს მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა. ყაველაშვილის წარდგენას მწვავე კამათი მოყვა. კრიტიკოსებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ყაველაშვილს არ აქვს არც უმაღლესი განათლების დიპლომი და არც არანაირი კვალიფიკაცია. თუმცა, ივანიშვილმა მაშინ განაცხადა, რომ ყაველაშვილი „არის ქართველი კაცის საუკეთესო განსახიერება“.
ფრაქცია „ხალხის ძალის“ თანადამფუძნებელი მიხეილ ყაველაშვილი თავისი ანტი-დასავლური და განსაკუთრებით ანტი-ამერიკული რიტორიკითაა ცნობილი.
ყაველაშვილის კანდიდატურას ოპონენტებიც გამოუჩნდა. აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ადა მარშანიამ გადაწყვეტილება ღიად გააკრიტიკა და განაცხადა, რომ „უკეთესი კანდიდატის“ მოფიქრებაც შეიძლებოდა. მარშანიამ აღნიშნა, რომ ყაველაშვილის წარდგენამ დააზიანა როგორც მმართველი პარტია, ასევე ქვეყანა.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ერთი დღით ადრე განაცხადა, რომ ახალი პრეზიდენტის „არალეგიტიმური, არაკონსტიტუციური“ არჩევნები არის „პაროდია“, რომელსაც „პოლიტიკურ პროცესთან კავშირი არა აქვს“. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ეს არის ქართული ტრადიციების, ისტორიისა და კულტურის შეურაცხყოფა და ეს არის „მიუღებელი“. მან განაცხადა, რომ დარჩება ქვეყანაში, როგორც „ერთადერთი [დარჩენილი] ლეგიტიმური ინსტიტუტი“.
პროცესი ასევე დაგმეს ოპოზიციამ და საერთაშორისო დამკვირვებლებმა. ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ მარკო მიჰკელსონმა 12 დეკემბერს კიდევ ერთხელ დაადასტურა ზურაბიშვილის როგორც საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური ლიდერის.პოზიცია.
ოპოზიციამ მკაცრად დაგმო ყაველაშვილის დაგეგმილი არჩევა და „ქართული ოცნება“ ივანიშვილის ბრძანებით „კონსტიტუციური გადატრიალების“ მოწყობის ორგანიზებაში დაადანაშაულა. ოპოზიციის ლიდერები ამტკიცებენ, რომ მმართველი პარტიის ქმედებები საქართველოს კიდევ უფრო აშორებს ევროინტეგრაციას, რაც მთავარი ეროვნული მისწრაფებაა. ოპოზიციურმა ძალებმა 12 დეკემბერს განაცხადეს, რომ სალომე ზურაბიშვილი რჩება საქართველოს პრეზიდენტად, უმაღლეს მთავარსარდლად და ქვეყნის უმაღლეს წარმომადგენელად საგარეო ურთიერთობებში.
This post is also available in: English (ინგლისური)