მიხეილ ყაველაშვილმა რეპრესიულ კანონმდებლობას ხელი მოაწერა

3 days ago 2

„ქართული ოცნების“ არჩეულმა პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა 29 დეკემბერს, ინაუგურაციის დღეს, ფიცის დადებიდან მალევე ხელი მოაწერა რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილებას. ცვლილებები „ქართული ოცნების“ პარლამენტმა მესამე მოსმენით 13 დეკემბერს დაჩქარებული წესით მიიღო. საკანონმდებლო ცვლილებებს მწვავე კრიტიკა მოჰყვა არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, რომლებიც აცხადებენ, რომ ცვლილებები ძირს უთხრის დემოკრატიულ პრინციპებს და აუქმებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან რეფორმებს. ცვლილებები ძალაში 30 დეკემბერს შევა.

ცვლილებები ეხება შემდეგ კანონებს:

ცვლილებები მოიცავს:

  • ცვლილებები საჯარო დაწესებულებების სტრუქტურაში – ცვლილებები ითვალისწინებს, რომ საჯარო დაწესებულებებში პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები და მისი მოადგილეები აღარ იქნებიან პროფესიონალი საჯარო მოხელეები. სანაცვლოდ, ისინი იქნებიან ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირები.
  • გამარტივებული რეორგანიზაციის პროცესი – ახალი რეგულაციები ამარტივებს რეორგანიზაციის პროცესს, რაც აადვილებს მის გამოყენებას პოლიტიკური წმენდის იარაღად. შესუსტებულია საჯარო მოხელეების დაცვა, მათ შორის სასამართლო მექანიზმებით უზრუნველყოფილი დაცვა.
  • საპროტესტო აქციები და მოძრაობის შეფერხებები – იმ შემთხვევაში, თუ მძღოლები საპროტესტო მსვლელობას შეუერთდებიან და პოლიცია დაადგენს, რომ მოძრაობა შეფერხებულია, მძღოლს 1 000 ლარის ოდენობით ჯარიმა და მართვის მოწმობის ერთი წლით შეჩერება ემუქრება.
  • საპროტესტო მასალების უნებართვოდ განთავსება – საპროტესტო სტენსილის, წარწერის ან პლაკატების განთავსება, რომლებიც აზიანებს ქალაქის იერსახეს, ნებართვის გარეშე ჯარიმდება 1 000 ლარით.
  • პრევენციული დაკავება – ახალი რეგულაციებით ნებადართულია ხდება პრევენციული დაკავება იმ ვარაუდით, რომ თუ პირს ადრე აქვს ჩადენილი სამართალდარღვევა, პოლიციამ შეიძლება ივარაუდოს, რომ კიდევ ჩაიდენს დარღვევას და ვარაუდის საფუძველზე დააკავოს. ამ ვარაუდით დაკავებული პირი შეიძლება 48 საათამდე იყოს დაკავებული. თუ მათ სურთ გაასაჩივრონ პატიმრობა, უნდა გაიარონ სასამართლოს სამივე ინსტანცია, რაც ხანგრძლივი პროცესია და შესაძლოა 150 ლარამდე კომპენსაციით დასრულდეს.
  • გზის გადაკეტვა: თუ აქციისას გზა გადაიკეტა, მაგრამ პოლიციამ ჩათვალა, რომ გზის გადასაკეტად საკმარისი ხალხი არ არის, ყველას დაჯარიმებას შეძლებს 5 000 ლარით. ხოლო ყველაზე აქტიური აქციის მონაწილე ორგანიზატორად თუ მიიჩნია, მისთვის დაკისრებული ჯარიმა 15 000 ლარი იქნება. ეს წესი ვრცელდება „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის გათვალისწინებული სხვა ნორმების დარღვევაზეც, მათ შორის, შენობების შესასვლელების ბლოკირებაზე. ასევე, ჯარიმის ნაცვლად შეიძლება გამოყენებული იყოს ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე.
  • აქციაზე პიროტექნიკით ყოფნა – აქციაზე პიროტექნიკით ყოფნა, მიუხედავად იმისა, მოხდა თუ არა მისი გამოყენება, გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარით, თუ ჩაითვალა, რომ ეს ორგანიზებული ფორმითაა გაკეთებული, მაშინ ორგანიზატორი 15 000 ლარით შეიძლება დაჯარიმდეს. ჯარიმის ნაცვლად შეიძლება გამოყენებული იყოს 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობაც.
  • ლაზერული მოწყობილობები – აქციაზე ლაზერული გამოსხივების ან/და მკვეთრი გამოსხივების მქონე ისეთი საშუალების ქონა, რომლის გამოყენებამ შეიძლება ხელი შეუშალოს სახელმწიფო უწყებების წარმომადგენელთა საქმიანობას ან/და მათ სარგებლობაში არსებულ ტექნიკურ საშუალებათა გამართულ ფუნქციონირებას – გამოიწვევს 2000 ლარიან ჯარიმას.
  • სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვა – გამოიწვევს 2000 ლარიან ჯარიმას.
  • არასრულწლოვნები აქციაზე – თუ არასრულწლოვანი აქციაზე 173-ე მუხლის (პოლიციის კანონიერი მოთოვნისადმი დაუმორჩილებლობა) ჩამდენად მიიჩნიეს, მის მშობელსაც დააჯარიმებენ შვილის კარგად ვერ აღზრდისთვის. ჯარიმა 100-დან 300 ლარამდე იქნება.

ცვლილებები საარჩევნო კოდექსში

მიღებული ცვლილებებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის კვლავ იზრდება საკრებულოებში მაჟორიტარული კომპონენტი და ის 2017 წლის ნიშნულს უბრუნდება. საიას შეფასებით, ეს ხდება იმ პირობებში, როდესაც 2024 წლის გაზაფხულზე ერთპარტიულად მიღებული ცვლილებით უკვე გაუქმდა საკრებულოს მაჟორიტარი წევრების ასარჩევად დაწესებული მინიმალური 40%-იანი საარჩევნო ბარიერი და მეორე ტურის დანიშვნის შესაძლებლობა.

საკრებულოს წევრად არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელმაც შესაბამის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ჩატარებულ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ყველაზე მეტ ნამდვილ ხმას მიიღებს. ამასთან,  გაიზარდა პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეულ წევრთა ბარიერი და 4%-ით განისაზღვრა (ნაცვლად 3%-სა და თბილისში 2.5%-სა).

სხვა ცვლილებები

გარდა ზემოაღნიშნული კანონმდებლობისა, „ქართული ოცნების“ პრეზიდენტმა სხვა ცვლილებებსაც მოაწერა ხელი, მათ შორის დებულებას, რომელიც საშუალებას აძლევს საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც მოქალაქეობა სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების გამო დაკარგეს, აღადგინონ ან შეინარჩუნონ საქართველოს მოქალაქეობა 2027 წლის 1 იანვრამდე. ყაველაშვილმა ასევე მოაწერა ხელი ცვლილებებს კანონში „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“, რომელიც უზრუნველყოფს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისაისა და პარლამენტის თავმჯდომარის პირად უსაფრთხოებას მათი უფლებამოსილების პერიოდში და თანამდებობის დატოვებიდან ერთი წლის განმავლობაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათი ქმედება არაკონსტიტუციურად ან დანაშაულებრივად მიიჩნევა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

სრულად წაკითხვა