მიჰკელსონი: ევროკავშირისკენ მიმავალი გზა ნამდვილად დაბლოკილია

1 month ago 14

“ქართული ოცნების” ლიდერობით და ასეთი პოლიტიკის პირობებში საქართველოს ევროკავშირის წევრობის შანსი არ აქვს - ამბობს ესტონეთის პარლამენტის წევრი. რუსეთის მეზობელი ნატოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ერთ-ერთია იმ 8 მაღალი რანგის პარლამენტარს შორის, ვინც საქართველოში ჩავიდა და არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოძიების აუცილებლობაზე ისაუბრა. ქვეყნის დემოკრატიული უკუსვლისა და ევროინტეგრაციაზე მისი გავლენის შესახებ ისაუბრეს ბრიუსელში საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე შეკრებილმა ევროკავშირის ქვეყნების პირველმა დიპლომატებმაც. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა თქვა, რომ ქვეყანაში ტექნიკური მისია გაიგზავნება, რომლის მიზანიც დარღვევების შესწავლა იქნება.

"ამერიკის ხმა" ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, მარკო მიჰკელსონს ესაუბრა. მარკო მიჰკელსონი ამბობს, რომ ეს მდგომარეობა ხელს მხოლოდ რუსეთს აძლევს და თუკი არჩეული მთავრობის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებულ კითხვებს პასუხი არ გაეცემა, ეს საქართველოს საერთაშორისო არენაზე არაერთ გამოწვევას შეუქმნის.

- ბატონო თავმჯდომარევ, სულ ახლახან დაბრუნდით თბილისიდან, სადაც ევროპელ კოლეგებთან ერთად ჩახვედით. რატომ გადაწყვიტეთ, რომ ეს აუცილებელი იყო, რისი თქმა ან ჩვენება გსურდათ და რატომ იყო ეს საჭირო ასეთი ფორმით?

მარკო მიჰკელსონი

მარკო მიჰკელსონი

- ჩვენი ვიზიტი მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო. ჩვენი უპირველესი მიზანი ქართველი ხალხისთვის მხარდაჭერისა და სოლიდარობის ჩვენება იყო. მათთვის, ვინც ამ ტრავმული გამოწვევის წინაშეა, როგორ უზრუნველყოს, რომ დაიცვას ხმა და არჩევანი, რომელიც 26 ოქტომბერს გააკეთა, დაიცვას არჩევნები, რომელიც მმართველმა პარტიამ გააყალბა, დაიცვას თავისი უფლება, გადაწყვიტოს საკუთარი ქვეყნის მომავალი.

ჩვენ საქართველოს პრეზიდენტმა მოგვიწვია და მას შევხვდით, გვქონდა დისკუსიები. ასევე ვესაუბრეთ ძალიან ბევრ ხალხს, არასამთავრობოებიდან, მედიიდან, სტუდენტებს, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, ასევე 300-ზე მეტ დამკვირვებელს. გვინდოდა შევხვედროდით მმართველი პარტიის წარმომადგენლებსაც, მაგრამ მათ ამაზე უარი გვითხრეს.

- საქართველოში წასვლამდეც მათ შორის იყავით, ვინც არჩევნების ოფიციალურ შედეგებზე კითხვებს სვამდა. ახლა ღიად ამბობთ, რომ ფიქრობთ,შედეგები გაყალბდა, შეხვდით სხვადასხვა მხარეს. გაგიმყარდათ ეს ეჭვები მათთან შეხვედრების შემდეგ? თუ რატომ ამბობთ დარწმუნებით, რომ არჩევნები გაყალბდა?

საქართველო ასეთი ტიპის მმართველობის ქვეშ და არადემოკრატიული პროცესებით, ევროკავშირის წევრად მიღებული ვერ იქნება".

- სამწუხაროდ ეს არ იყო ძალიან დიდი მოულოდნელობა, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის, რომ ამ არჩევნების შედეგები ასეთი დრამატული იქნებოდა. სინამდვილეში, ჩვენ ბოლო 12 წლის განმავლობაში უკვე გავხდით მოწმენი, თანდათანობით, მმართველი პარტიის მიერ ნაბიჯ-ნაბიჯ სახელმწიფოს მიტაცების, რაც პირდაპირაა მხარდაჭერილი იდეებითა და პოზიციებით რუსეთიდან.

ეს სიურპრიზი არ იყო. მაგრამ ბევრი ქართველისთვის, “ქართული ოცნება” – “რუსული ოცნებას” უდრის. რა მოხდა და, სამწუხაროდ, დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ დემოკრატია საქართველოში დასრულებულია. და საქართველო ხდება წმინდად ავტოკრატიული რეჟიმი.

უკანასკნელი ინსტიტუტი, რომელიც ჯერაც დამოუკიდებელია, საპრეზიდენტო ინსტიტუტია. მომავალ თვეში სალომე ზურაბიშვილის მანდატიც ამოიწურება და დარწმუნებული ვარ, რომ მმართველ პარტიას ენდომება ამ ინსტიტუტის გაკონტროლებაც.

ჩვენ ვნახეთ კენჭისყრის დღეს მასობრივი ფალსიფიკაციის უამრავი შემთხვევა, და შედეგების შეცვლის მცდელობა. სასამართლოები საქართველოში არაა დამოუკიდებელი და ისინი (მეტწილად) არ აკმაყოფილებენ საჩივრებს დამოუკიდებელი დამკვირვებლების სასარგებლოდ.

დიახ, საქართველოში წასვლამდეც ამ ფაქტებზე დაყრდნობით, რაც დამკვირვებლებისგან ვიცოდით, ვამბობდით, რომ საჭიროა არჩევნების შედეგების საერთაშორისო გამოძიება… რომ დამტკიცდეს, რომ ეს არჩევნები არ იყო სამართლიანი და თავისუფალი.

რატომააა ჩვენგან ასეთი მაღალი ინტერესი? იმიტომ, რომ საქართველო კვლავ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა. მსურს ძალიან მკაფიოდ ვთქვათ, რომ თუკი “ქართული ოცნება” გამოაცხადებს ამ არჩევნების ოფიციალურ შედეგებს, შემდეგ კი პარლამენტი ქართველი ხალხის ნების მოსმენის გარეშე შეიკრიბება, მაშინ საქართველოსთვის ეს გზა ევროკავშირისკენ ნამდვილად დასრულებულია. ამ ეტაპზე მე სხვა შედეგს ვერ ვხედავ.

[საქართველოში ვიზიტისას] ჩვენ მივიღეთ ძალიან ბევრი ფაქტი და შეფასება, 300-ზე მეტ დამკვირვებელს შევხვდით მთელი საქართველოდან. იმ ამბებით, რაც მათ გვიამბეს, რისი მოწმენიც ისინი 26 ოქტომბერს ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში გახდნენ, ეჭვი არ რჩება, რომ ხმის მიცემის ფარულობა დარღვეული იყო და არა მხოლოდ ეს. რეალურად ხდებოდა მასობრივი კენჭისყრა, რამდენჯერმე ხმის მიცემა, ამომრჩეველთა მოსყიდვა - სხვადასხვა ქმედება, რაც მმართველი პარტიის მხარდამჭერების მიერ ხდებოდა - ასევე, ფიზიკური თავდასხმებიც.

- პარლამენტის თავმჯდომარე არ შეგხვდათ. პრემიერმა კი თქვენი ვიზიტი საქართველოს სუვერენიტეტის უპატივცემულობად შეაფასა. მმართველი გუნდი ამბობს, რომ თქვენ ქართველი ხალხის არჩეული მთავრობის, ხალხის არჩევანის შეცვლას ცდილობთ, ოპოზიციის სასარგებლოდ. კრიტიკულად შეაფასეს საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტიც რამდენიმე თვის წინ. რას პასუხობთ ამ კრიტიკას და შიდა საქმეებში ჩარევის ბრალდებებს?

- თუკი საქართველოს პრეზიდენტის მიწვევას პასუხობ, ეს არ შეიძლება საქართველოს საქმეებში ჩარევად შეაფასო. უბრალოდ სასაცილოა ასეთი განცხადებების მოსმენა „ქართული ოცნების“ მხრიდან, ეს გვაჩვენებს, რომ ამ პოლიტიკოსებმა მართლაც არ იციან, რას ნიშნავს დემოკრატიული პროცესები და ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ურთიერთობები. არ მგონია, ახლო მომავალში რაიმე კარგი ცვლილებები ვიხილოთ, რადგან ისე ჩანს, რომ მმართველი პარტია საერთოდ არ აქცევს ყურადღებას ხალხის დემონსტრაციებს, რომლებიც ლამის ყოველდღე იმართება. ჩემი აზრით, ისინი ეცდებიან ამ გაყალბებული არჩევნების შედეგების ლეგიტიმაციას.

ევროკავშირი არ გაჩუმდება. ჩვენ ვხედავთ, რა ხდება საქართველოში. ჩვენ გვესმის, რომ ეს უფრო დიდი ბრძოლის ველია, რომელიც დემოკრატიული სამეზობლოს წინააღმდეგ რუსეთს აქვს გაჩაღებული".

მაგრამ, მათ უნდა ესმოდეთ, როცა თავის ხალხს ეუბნებიან, რომ საქართველო 2030 წლისთვის ევროკავშირის წევრი იქნება, რომ ყველაფერი რიგზეა, არანაირი პრობლემა არაა და ევროკავშირისთვის მისაღებია ის, თუ რა ხდება საქართველოში. ეს სრული სიცრუეა... ევროკავშირის გზავნილი ძალიან მკაფიო უნდა იყოს საქართველოს მთავრობისთვის:

საქართველო ასეთი ტიპის მმართველობის ქვეშ და არადემოკრატიული პროცესებით, ევროკავშირის წევრად მიღებული ვერ იქნება. პროცესი უნდა გაჩერდეს და ასევე სერიოზულად უნდა ვისაუბროთ იმ შესაძლებლობაზე, რომ შევცვალოთ თავისუფალი სავიზო რეჟიმი და შესაძლოა ჩვენს ხელთ არსებული სხვა ინსტრუმენტებიც ავამოქმედოთ, მათ შორის ინდივიდუალური სანქციებიც კონკრეტული პერსონებისთვის.

- ამ შემთხვევაშიც ისევე, როგორც ბევრი სხვა გადაწყვეტილების მისაღებად, კონსენსუსი იქნება საჭირო. ეს კი უნგრეთის პრემიერის თანხმობასაც გულისხმობს. ვიქტორ ორბანმა “ქართულ ოცნებას” გამარჯვება ოფიციალური შედეგების გამოცხადებამდეც კი მიულოცა. როგორ გგონიათ, შეძლებთ ამგვარი გადაწყვეტილების ერთხმად მიღებას?

- უნგრეთის პრემიერ-მინისტრი არ იყო ერთადერთი, ვინც „ქართულ ოცნებას“ მიულოცა. მათ ასევე მიულოცა ირანმა, რუსეთმა, ვენესუელამაც, ეს ბევრს გეუბნებათ იმაზე, ვინ არიან „ქართული ოცნების“ მეგობრები. მაგრამ მართალი ხართ, კონსენსუსის მიღწევა ევროკავშირში რთულია, არა მხოლოდ საქართველოსთან დაკავშირებით, არამედ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ უკრაინის დახმარებასთან დაკავშირებითაც. მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირი არ გაჩუმდება. ჩვენ ვხედავთ, რა ხდება საქართველოში. ჩვენ გვესმის, რომ ეს უფრო დიდი ბრძოლის ველია, რომელიც დემოკრატიული სამეზობლოს წინააღმდეგ რუსეთს აქვს გაჩაღებული. ვნახეთ, როგორ ჩაერია რუსეთი მოლდოვის არჩევნებში - საპრეზიდენტო არჩევნებსა და რეფერენდუმში. ვხედავთ, რომ რუსეთი იყენებს ჰიბრიდულ თავდასხმებს სხვადასხვა ევროპული ქვეყნის წინააღმდეგ და ერევა ასევე შიდა საქმეებში დასავლურ ქვეყნებშიც კი.

ასე რომ, აქ ნამდვილად უფრო ფართო კონტექსტია. სასწორზე არ დევს მხოლოდ თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოს მომავალი, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ დემოკრატია დაენგრია. მაგრამ ეს არის ევროპაში დემოკრატიისა და თავისუფლების მომავლის საკითხიც.

ამიტომ, წარმოუდგენლად მნიშვნელოვანია, რომ ახლა გვესმოდეს საქართველოში მიმდინარე პროცესების სერიოზულობა და ის, თუ როგორ შეიძლება ამან იმოქმედოს მომავალ მოვლენებზე. ასევე რუსეთის უფრო ფართო მცდელობაზე, რომ შეცვალოს მსოფლიო წესრიგი, რაც ვიცით, რომ მისი მიზანია.

- მოლდოვა რუსეთს არჩევნებზე გავლენის მოხდენაში ადანაშაულებს, რუსეთი ამბობდა, რომ საქართველოში ხელისუფლების შეცვლას ამერიკა გეგმავდა. რუსეთის რა როლს ხედავთ საქართველოში მიმდინარე პროცესებში და უშუალოდ ამ საარჩევნო პერიოდში?

- ეს პროცესები უკვე რამდენიმე წელია აშკარა იყო. ვიცით, რომ საქართველოსკენ სხვადასხვა არხით მიემართება ფული, რომელსაც ამ სიტუაციის შექმნაში წვლილი შეაქვს. და რა თქმა უნდა, გამორჩეულია თავად ბიძინა ივანიშვილის როლი, რაც ბევრ შემთხვევაში დავინახეთ.

საქართველოს მოსახლეობის 80 %-ს სურს ევროკავშირის წევრობა და მთავრობა ახლაც ამბობს, რომ აპირებს ქვეყანა ევროკავშირისკენ წაიყვანოს, მაგრამ ეს მხოლოდ იმაზეც არაა დამოკიდებული, რას აკეთებს ან არ აკეთებს საქართველო. რუსეთის ინტერესია რუსული იმპერიის ყოფილ ტერიტორიებზე ნატოს ან ევროკავშირის გაფართოება არ დაუშვას. ამიტომ ვიხილეთ, რა გააკეთა 2020 წელს ბელარუსში, რა გააკეთეს მოლდოვაში და რაც ყველაზე ბარბაროსულია, ვხედავთ, რასაც ახლა უკრაინაში აკეთებენ.

- მთავრობა ყველა ბრალდებას უარყოფს არჩევნების შედეგების გაყალბების, ან პროცესში ისეთი საარჩევნო დარღვევების შესახებ, რაც მის შედეგებზე გავლენას მაოხდენდა. თქვენ და ბევრი თქვენი კოლეგა აქტიურად საუბრობთ საერთაშორისო გამოძიების აუცილებლობაზე. რა მექანიზმით წარმოგიდგენიათ ამის გაკეთება, რა პრაქტიკა არსებობს, ან რამდენად რეალისტურია ეს საერთოდ, ქვეყნის ხელისუფლების თანხმობის გარეშე?

იმის თქმა, რომ დასავლეთი, საითკენ წასვლაც ქვეყანას სურს, გლობალური ომის პარტიაა - აბსოლუტურად უპასუხისმგებლო და არადემოკრატიული მანიპულაციაა".

- ვიმედოვნებ, რომ ახალი ევროკომისია, რომელიც 1-ლი დეკემბრიდან ამუშავდება, ძალიან მალე გაუსვამს ხაზს იმას, რა ხდება საქართველოში და ამაზე რეაგირება ექნება... ჩვენი მხრიდან და სხვა, ჩვენს მსგავსად განწყობილი ქვეყნებისგანაც წამოიწევა საქართველოში არსებული სიტუაციის საკითხი მტკიცედ და კრიტიკულად და ის, თუ როგორ უნდა ვუპასუხოთ ამას.

როგორც გითხარით, არის სხვადასხვა საკითხი, რომლის განხილვაც შეიძლება. მათ შორის უვიზო რეჟიმის თემა და სხვა. მაგრამ ეს [საქართველოს საკითხი] არ დარჩება უყურადღებოდ. თუკი ვინმეს თბილისში არასწორად ესმის და ფიქრობს, რომ ევროკავშირი ძველებურ ურთიერთობას დაუბრუნდება, იცოდეთ, რომ ეს არ მოხდება, სანამ ამ არჩევნების შედეგები არ გაუქმდება და ხალხის ნება არ იქნება შესმენილი.

- დემოკრატიული ქვეყნების ლიდერები მიუთითებენ საერთაშორისო დამკვირვებლების დასკვნაზე და იმაზე, რომ მათ არ შეუფასებიათ ეს არჩევნები როგორც თავისუფალი და სამართლიანი, მაგრამ ისინი არც იმას ამბობენ გადაჭრით და პირდაპირ, რომ ეს არჩევნები არ იყო სამართლიანი და დემოკრატიული. როგორ ფიქრობთ, რამ შეიძლება შეცვალოს ეს შეფასებები რომელიმე მიმართულებით - რამ უნდა მოიტანოს მეტი სიცხადე ან ცალსახა შეფასება იმისა, თუ რამდენად რეალურია ოფიციალური შედეგები?

- მგონია, რომ ჯერ კიდევ დინამიკური პროცესია უშუალოდ საქართველოში. და ეს ვიცით, ყველა პარტიის წევრებთან შეხვედრებიდან გამომდინარე. მე არ ვეძახი მათ ოპოზიციას, ისინი [კოლექტიურად] არიან ამ არჩევნებში გამარჯვებულები და მზად არიან, რომ კოალიცია შექმნან. ეს უნიკალურია საქართველოს პოლიტიკური ისტორიის ბოლო პერიოდისთვის. ეს არ ეხება მხოლოდ პოლიტიკას ან პოლიტიკოსებს, ეს ეხება ხალხს. ჩვენ შევხვდით არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებს, სტუდენტებს, მედიის წარმომადგენლებს. რომლებიც ამბობენ, რომ ძალიან ეშინიათ, რომ თუკი ამ არჩევნების შედეგები არ შეიცვლება, საქართველოს მომავალი შეიძლება ისეთივე იყოს, რაც ბელარუსში ვიხილეთ.

ეს იქნება საქართველოს უფრო ძლიერი იზოლაცია დასავლეთისგან, და ევროკავშირისკენ მიმავალი გზა ნამდვილად დაბლოკილია, იმ ქვეყნების მიერ, რომლებსაც შეუძლებლად მიაჩნიათ არადემოკრატიული ქვეყნების ევროკავშირში მიღება. ეს კი, რა თქმა უნდა, რუსეთის ინტერესებშია. მოსკოვი, ცხადია, ძალიან ბედნიერია, რომ მოქმედი რეჟიმი საქართველოში ქმნის ასეთ სიტუაციას, რომელზეც ევროკავშირმა მკაცრი რეაგირება უნდა მოახდინოს.

- რა ვითარებაშია ქვეყანა ახლა საერთაშორისო არენაზე? ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, რომელში ჩატარებული არჩევნების შედეგებსაც სამართლიანად არ მიიჩნევენ მისი პარტნიორები, როგორი იქნება მისი საერთაშორისო ურთიერთობები?

თუკი ვინმეს თბილისში არასწორად ესმის და ფიქრობს, რომ ევროკავშირი ძველებურ ურთიერთობას დაუბრუნდება, იცოდეთ, რომ ეს არ მოხდება, სანამ ხალხის ნება არ იქნება შესმენილი".

- საქართველოს და ქართველების მეგობრების თვალში, ტენდენცია უკვე ძალიან ნეგატიურია და ეს მოიცავს არა მხოლოდ იმას, რაც 26 ოქტომბერს მოხდა, არამედ იმასაც, რაც ბოლო წლების განმავლობაში ხდებოდა. საქართველოს იმიჯი პოლიტიკური პროცესის კუთხით, გაუარესდა.

ვიცით, რომ საქართველოში ამდენი თავისუფლებისმოყვარე ადამიანია, ვისაც მისი ქვეყნის წარმატებულ დემოკრატიად ხილვა სურს, ვინც წინ უდგება რუსულ იმპერიალიზმს და ძალიან რთულ სიტუაციაში იმყოფება. თუმცა, ეს ყველაფერი უპირველესად მაინც ქართველ ხალხზეა დამოკიდებული, რომელმაც უნდა აჩვენოს საკუთარი სიმტკიცე და მზაობა ამ ავტოკრატიული წნეხის წინააღმდეგ.

ამას გარდა, ჩვენ ვიცით, რომ ევროკავშირიდან დემოკრატიული სამყაროს პასუხი მკაფიო იქნება: ეს არ იქნება ნორმად მიღებული. ის, რაც საქართველოში ვიხილეთ, სრულებით მიუღებელია და არ შეესაბამება იმ კრიტერიუმებს, რაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყანას აქვს.

- ანუ ამბობთ, რომ თუ არჩევნების ოფიციალური შედეგები ისე დარჩა, როგორც ახლა ვხედავთ, ამ მმართველი გუნდის პოლიტიკის პირობებში საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება?

- არა, გამორიცხულია.

- “ქართული ოცნების” ბევრი მხარდამჭერი ამბობდა, რომ მმართველი გუნდის კიდევ ერთხელ არჩევით, ხმას მშვიდობის შენარჩუნებას აძლევდა. ეს პარტიის წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი უმთავრესი სლოგანი იყო. როგორ ფიქრობთ, რა როლი შეასრულა ომსა და მშვიდობაზე ამ კონტექსტში საუბარმა იმაზე, თუ რა მხარდაჭერა მიიღო “ქართულმა ოცნებამ” არჩევნებზე?

- ვფიქრობ, ამან საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. ყველას გვესმის, რამდენად მგრძნობიარეა ომის საკითხი. როცა საუბარი ომსა და მშვიდობაზეა, ქართველ ხალხს ახსოვს, რა გამოიარა 2008 წელს, რა გამოიარა 90-იანი წლების დასაწყისში და რა თქმა უნდა, ამან ითამაშა როლი. არავის სურს იმ დროში დაბრუნება. არც საქართველოს, არც სხვებს. ჩვენ გვესმის, რას ნიშნავს ომი და როგორი კატასტროფული შეიძლება იყოს ის ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა.

მაგრამ ის, თუ როგორ გამოიყენა “ქართულმა ოცნებამ” ეს თემა. იმის თქმა, რომ დასავლეთი, საითკენ წასვლაც ქვეყანას სურს, გლობალური ომის პარტიაა - აბსოლუტურად უპასუხისმგებლო და არადემოკრატიული მანიპულაციაა. არსებობს ერთადერთი გლობალური ომის პარტია და ის რუსეთია, რომელიც ძალიან ბედნიერია იმით, რაც საქართველოში ახლა ხდება. რუსეთს აქვს ქვეყნის 20% ოკუპირებული. უპასუხისმგებლო სიცრუეა ის, თითქოს დასავლეთის ქვეყნებს საქართველოსგან რუსეთისთვის ე.წ. მეორე ფრონტის გახსნა სურდათ. მაგრამ ვხედავთ, რომ ამ მანიპულაციამ ხალხის გარკვეულ ნაწილზე იმოქმედა და ამგვარი ნარატივები გასათვალისწინებელია.

- თქვენი ქვეყნის ყოფილი პრემიერი ევროკავშირში საგარეო პოლიტიკის კუთხით უმაღლესი წარმომადგენლის პოსტზეა წარდგენილი. უკრაინის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე მან უკვე ბევრი ისაუბრა, როგორ ფიქრობთ, იქნება საქართველო მისი ყურადღების საგანი?

- კაია კალასის გამოწვევების სია გრძელია და ვიცი, რომ ყველაფერი, რაც დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის ბრძოლასთანაა დაკავშირებული, მისთვის ძალიან ძვირფასია. ამაში ეჭვი არ უნდა შეგვეპაროს, რომ ის მტკიცედ დაიცავს უფრო ძლიერ ერთობას და კონსენსუსს ევროკავშირის წევრებს შორის. ჩვენ ვიცით, რა დევს სასწორზე, ვიცით, რომ რუსეთს ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის განადგურება სურს, მას ჩვენი დაყოფა უნდა, ჩვენი საზოგადოებების პოლარიზება.

თავდასხმა დაწყებულია და ბევრი რამ დიდწილად უკრაინაში მისი აგრესიის შედეგებზე იქნება დამოკიდებული. რა მომავალი ექნება თავად უკრაინას, მაგრამ ასევე საქართველოს, მოლდოვას, ასევე ბელარუსს. ვფიქრობ, მისთვის პრიორიტეტი ზოგადად რუსეთის აგრესიასთან გამკლავება იქნება. საქართველოს მომავალი, მისი დემოკრატიული მომავალი ნამდვილად იქნება მისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი.

ჩვენ საქართველოს ზურგს არ შევაქცევთ, ამიტომ იყო თბილისში ჩვენი ვიზიტი ასე სწრაფად დაორგანიზებული და მართლაც შესანიშნავი იყო, რომ სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტების წევრებს ერთიანი პოზიცია ჰქონდათ ამაზე. ჩვენ გვესმის, რა დევს სასწორზე. და ძალიან სასიამოვნო იყო ამდენი ქართველის ჩვენთან შეხვედრა და მათ მიერ დემოკრატიის და თავისუფლების მხარდაჭერა.

სრულად წაკითხვა