ზაფხულში მოთხილამურეთა უსაყვარლესი ადგილი, თაობების მიერ სლოვენიის ალპური მემკვიდრეობის სიმბოლოდ მიჩნეული, ქვეყნის ერთ-ერთი უკანასკნელი მყინვარი შემცირდა ყინულის რამდენიმე მცირე ლაქამდე, რომლებიც, მკვლევრების თქმით, შესაძლოა რამდენიმე დღეში გაქრეს.
მეცნიერები ტრიგლავის მყინვარს 1946 წლიდან ადევნებენ თვალს, როდესაც იგი დაახლოებით 14 ჰექტარზე იყო გადაჭიმული. ბოლო წლებში მან, როგორც მყინვარმა, ფაქტობრივად შეწყვიტა ფუნქციონირება, ახალი ყინული აღარ წარმოქმნილა.
„ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ყინულის სულ ბოლო ნარჩენები პირდაპირი მნიშვნელობით გაქრება ამ მომავალი დღეების განმავლობაში, – განაცხადა სლოვენიის მეცნიერებათა და ხელოვნების აკადემიის კვლევითი ცენტრის ანტონ მელიკის სახელობის გეოგრაფიული ინსტიტუტის თანამშრომელმა, მიჰა პავშეკმა.
„პირადად მე 30 წელია მას ვადევნებ თვალს, – თქვა პავშეკმა, – როგორც ჩანს, ეს დიდი ამოცანაა, ყოველ შემთხვევაში, ტრიგლავს რაც შეეხება, ის წელს სრულდება.“
კლიმატის ცვლილების დაჩქარებასთან ერთად, გასულ ზამთარს მყინვარზე საშუალოზე ნაკლები თოვლი მოვიდა, რომელიც უჩვეულოდ ადრე დადნა, რამაც დარჩენილი ყინული ზაფხულის სიცხის წინაშე უფრო დიდხანს დატოვა დაუცველი.
„დაცულმა, ჩრდილიანმა ადგილმდებარეობამაც კი ვეღარ იხსნა ამ ნამდვილი მყინვარების ნარჩენები,“ – განაცხადა პავშეკმა.
მთელ ევროპაში, სადაც ნებისმიერ სხვა კონტინენტთან შედარებით უფრო სწრაფად დნება მყინვარები, მათი რაოდენობა სწრაფად მცირდება.
პავშეკმა აღნიშნა, რომ მეზობელ ავსტრიაში მყინვარების გაქრობამ შესაძლოა საბოლოოდ შეამციროს წყლის ნაკადები დრავასა და მურას მდინარეთა აუზებში, რომლებიც სლოვენიაში სარწყავი წყლის მნიშვნელოვან წყაროებს წარმოადგენს.
„ეს გავლენას იქონიებს იმ ტერიტორიებზე, რომლებსაც ისინი რწყავენ, როგორიცაა დრავასა და პტუის ველები და მურას რეგიონის ნაწილები,“ – განაცხადა მან.
ცუდი დღე ადგას შვეიცარიის ალპების მყინვარებს: ბოლო ხუთი წლის განმავლობაში შვეიცარიამ მყინვარების დაახლოებით 20 პროცენტი დაკარგა, წერს The Guardian-ი შვეიცარიის მყინვარების მონიტორინგის ქსელისა და შვეიცარიის კრიოსფეროზე დაკვირვების კომისიის ანგარიშზე დაყრდნობით.
მკვლევრები თვიან, რომ გლობალური დათბობის ამჟამინდელი ტემპების პირობებში 2100 წლისთვის დედამიწაზე გაქრება მყინვარების 68%, უარეს შემთხვევაში - 83%, საუკეთესო შემთხვევაში კი - ნახევარზე ნაკლები.
ამის თაობაზე წერდა ჟურნალი Science-ი.
მეცნიერთა თანახმად, ამ საერთო მსოფლიო პროცესის ნაწილია საქართველოს მყინვარებიც.
radiotavisupleba ახალი ამბები