1
შვედეთის პარლამენტისა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრმა, გუსტავ გეტბერგმა საქართველოში მწვავე გზავნილები ჩამოიტანა – როგორც ევროპელმა პოლიტიკოსმა “პირველებთან” განაცხადა, ახლა სანქციების დაწესება ძალიან მნიშვნელოვანია.
გუსტავ გეტბერგის შეფასებით, საქართველოში დემოკრატიის უკან დახევასა და ადამიანის უფლებების დარღვევაში ბრალდებული პირების შავ სიაში შეყვანაზე მეტად, “ქართული ოცნების” ხელისუფლების არ აღიარებაა პრიორიტეტული.
ჩვენ სანქციებზე ვმუშაობთ და ვფიქრობ, ახლა სანქციების დაწესება ძალიან მნიშვნელოვანია. ევროკავშირი ამ საკითხზე გადაწყვეტილებას უახლოეს დროში მიიღებს. მაგალითად, შვედეთის მთავრობისთვის სანქციები ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ სანქციებთან ერთად დაფინანსების შეწყვეტაა მნიშვნელოვანი. ასევე ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ არ ვაღიაროთ “ქართული ოცნების” მთავრობა.
სანქციების გარდა, ჩვენ ძალიან ბევრი ბერკეტი გვაქვს და ძალიან ბევრის გაკეთება შეგვიძლია. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე მსჯელობაც და მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტისთვის უსაფრთხოების მხარდაჭერა”, – ამბობს შვედი დეპუტატი.
შვედეთის პარლამენტისა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი მთავარ მესიჯებს აჟღერებს – “ჩვენ არ უნდა ვაღიაროთ არჩევნების შედეგები, “ოცნებამ” პატივი უნდა სცენ კანონის უზენაესობას, საერთაშორისო სამართალს და დემოკრატიას. მათ უნდა შეწყვიტონ ქუჩაში ხალხის ცემა“.
ამასთან, გუსტავ გეტბერგი მიიჩნევს, რომ საჭიროა, EU-მ ქართველ ხალხს მკაფიო სიგნალი გაუგზავნოს – “ევროპა კარს არ ხურავს, მაგრამ კარს “ოცნება” ხურავს“.
აუცილებელია, ქართველ ხალხს გავუგზავნოთ მკაფიო სიგნალი, რომ ევროპა აქ არის, ჩვენ არ ვხურავთ კარს, მაგრამ კარს “ქართული ოცნება” ხურავს. რაც შეეხება საერთაშორისო ორგანიზაციებს, მაგალითად ევროპის საბჭოს, საპარლამენტო ასამბლეას, ჩვენ უნდა უარვყოთ “ოცნების” ლეგიტიმაცია და ეს უნდა მოხდეს იანვარში, საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე.
ჩვენ არ უნდა ვაღიაროთ არჩევნების შედეგები, მათ პატივი უნდა სცენ კანონის უზენაესობას, საერთაშორისო სამართალს და დემოკრატიას. მათ უნდა შეწყვიტონ ქუჩაში ხალხის ცემა. ეს არის ჩვენი მკაფიო მესიჯები”, – ამბობს გუსტავ გეტბერგი.
ამ წუთებში შვედეთის პარლამენტისა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი, გუსტავ გეტბერგი მესამე სექტორთან შეხვედრას მართავს.