მოდერნიზაციის შემდეგ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი სრულფასოვნად ამოქმედდა

3 hours ago 4

საქართველოს, აზერბაიჯანის და თურქეთის ოფიციალურმა პირებმა 2 ივნისს ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის ოფიციალურ გახსნაში მიიღეს მონაწილეობა. სარკინიგზო ხაზი სრულფასოვნად ამოქმედდა, რაც რეგიონში ვაჭრობისა და სატვირთო გადაზიდვების მოცულობის ზრდას შეუწყობს ხელს.

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, რომელიც თავდაპირველად 2017 წელს გაიხსნა და, ოფიციალური პირების თქმით, დღემდე „სატესტო რეჟიმში“ მუშაობდა, დაახლოებით 850 კილომეტრს მოიცავს, საიდანაც 180 კილომეტრი საქართველოზე გადის. სრული დატვირთით ამოქმედების შემდეგ, მისი წლიური გამტარუნარიანობა 1 მილიონიდან 5 მილიონ ტონამდე გაიზრდება.

პროექტის სარეკლამო რგოლის თანახმად, საქართველოს მონაკვეთის (მარაბდა-კარწახის მონაკვეთი) ​​მოდერნიზაცია მოიცავდა 153 კილომეტრიანი რკინიგზის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას და 27 კილომეტრიანი ახალი სარკინიგზო მონაკვეთის მშენებლობას. პროექტი ასევე მოიცავს ოთხ ახალ და 15 რეაბილიტირებულ სარკინიგზო ხიდს, თანამედროვე სტანდარტებით აშენებულ 13 სადგურს, 34 ესტაკადას, თურქეთის დამაკავშირებელ სასაზღვრო-სარკინიგზო გვირაბს და ახალქალაქის საერთაშორისო რკინიგზის სადგურს.

სარკინიგზო ხაზის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრი რაშად ნაბიევი, თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი აბდულქადირ ურალოღლუ და სომხეთის ტერიტორიული ადმინისტრირებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავიდ ხუდათიანი ესწრებოდნენ.

ოფიციალურ ცერემოანიაზე სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი კობახიძეს პროექტს „ისტორიული მნიშვნელობის“ უწოდა და აღნიშნა, რომ ის „საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის სტრატეგიული პარტნიორობისა და სამაგალითო თანამშრომლობის კიდევ ერთი ნათელი მაგალითია“. მისი თქმით, ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის საქართველოს მონაკვეთი რეგიონში განხორციელებული „ერთ-ერთი უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტია“.

მან ასევე განაცხადა, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით, რომელიც 2017 წლიდან დღემდე სატესტო რეჟიმში ფუნქციონირებდა, საპილოტე რეჟიმში გადაიზიდა 1.8 მლნ ტონაზე მეტი ტვირთი, მათ შორის – 90 ათასამდე კონტეინერი. „ამ პერიოდის განმავლობაში მკაფიოდ გამოიკვეთა სატვირთო გადაზიდვების მზარდი დინამიკა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ამ სატრანსპორტო დერეფნის ეკონომიკურ და ლოგისტიკურ მნიშვნელობას“, – განაცხადა მან.

კობახიძემ სარკინიგზო ხაზს „შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილი“ უწოდა და განაცხადა, რომ „შუა დერეფანს ევროპისა და აზიის დაკავშირებადობაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება“. მისი თქმით, პროექტი კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს „გლობალური გამოწვევებისა და კრიზისების ფონზე, როდესაც საერთაშორისო სავაჭრო მარშრუტების დივერსიფიკაცია და უსაფრთხო სატრანსპორტო ქსელები ეკონომიკური განვითარების უმთავრესი წინაპირობებია“.

„ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი კიდევ უფრო აახლოებს ევროპასა და აზიას, აძლიერებს ჩვენი რეგიონის სტრატეგიულ მნიშვნელობას მსოფლიო სავაჭრო და ლოგისტიკურ ქსელში“, – აღნიშნა მან.

კობახიძის თქმით, მარშრუტის სრულად ამოქმედებით სარკინიგზო ხაზის გამტარუნარიანობა წელიწადში 5 მილიონ ტონას მიაღწევს, რაც „მნიშვნელოვნად ზრდის რეგიონის სატრანზიტო შესაძლებლობებს და კიდევ უფრო აძლიერებს შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობას“.

This post is also available in: English

სრულად წაკითხვა