წაკითხვა: 2
“მოვუწოდებ ჩემს არჩეულ ხელისუფლებას, რომლის გამოც ამდენი ნაცი მლანძღავს, გამოიძიოს და დასაჯოს ყველა ასეთი შემთხვევის შემოქმედნი!”- წერს სოციალურ ქსელში დირიჟორი სვიმონ ჯანგულაშვილი და ეხმიანება საპროტესტო აქციების მონაწილეებისა და მედიის წარმომადგენლების ცემის შემთხვევებს.
ჯანგულაშვილი ასევე ეხმიანება კულტურის სფეროს წარმომადგენლების გაფიცვას და პროტესტს.
“მე აპრიორი არ მჯერა ნაცებისა და მათი საინფორმაციო კანალიზაციების მიერ გავრცელებული არანაირი ინფორმაციის. ეს არის ანტი-ქართული პროპაგანდა, რომლის ერთადერთი მიზანიც არის სააკაშვილის და მისი ბანდიტების გამეფება საქართველოში. მაგრამ, უკვე ძალიან ბევრი ადამიანი წერს, რომ დაკავებულებს სცემენ და აწამებენ.
ეს არის სასტიკი დანაშაული და ზღვარი.
ყველა ასეთი შემთხვევა გამოძიებული, მხილებული უნდა იყოს და ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს. ვიმეორებ, ვუშვებ, რომ ეს ნაცების კამპანიის “ქოცები ჩვენნაირები და ჩვენზე უარესები არიან” ნაწილია. ისინი ქმნიან კოლექტიურ ისტერიასა და სიგიჟეს. ბრბოდ გადააქციეს საუკეთესო ადამიანები.
მაგრამ, ამაში სიმართლის ნატამალიც რომ იყოს, ეს ძალიან საშიშია და აუცილებელია ყველა ასეთ შემთხვევაში დამნაშავეთა დასჯა! ყველანაირი ძალადობა მიუღებელია!
ყველანაირი მშვიდობიანი პროტესტი საჭირო და სასარგებლოა! არჩევნები არ გაყალბებულა! საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი!
ნაცები ამჯერადაც დამარცხდებით და უკვე საბოლოოდ! ხოლო ისინი, ვინც მათ მორიგ ფასადად იქეცით, გაწბილდებით და შერცხვებით!
პირადად ჩემს ლანძღვასა და ბულინგს გპატიობთ. მათაც, ვინც მკიდიხართ, გპატიობთ და მათაც ვინც ძალიან მიყვარხართ.
სამოქალაქო ომის ზღვარზე ვართ და უნდა შევჩერდეთ!
რაც გოგი მარგველაშვილთან მოხდა, ეს იყო სიმპტომატური. ისტერიკული და აგრესიული ზეწოლა, რომ ადამიანს მათთვის მისაღები “ფორმულებით” გამოეხატა მხოლოდ მათთვის მისაღები მოსაზრებები, თუ არა, ის მოღალატეა.
არადა, შეუშვა თეატრში, დაუთმო, უმასპინძლა, სოლიდარობაც გამოხატა, დაკავებულთა გათავისუფლებისათვის ღწვაც აღუთქვა. მაგრამ არა. ის მაინც კონფორმისტად და მოღალატედ გამოცხადდა, რახან ვიღაცა ციკოლიას და რაღაცა გაბუნიას ფრაზეოლოგიით არ ისაუბრა. აი ესეც არის ძალადობა და წამება! რომელიც თქვენ დასაშვებად მიგაჩნიათ.
და როცა თქვენ სხვისი წამება დასაშვებად მიგაჩნიათ (მაღალი იდეალების სახელით) და მწამებლების გვერდით და წინ დგახართ, მერე თქვენთანაც მოდის ძალადობა. ეს სამყაროს კანონზომიერებაა. მე არ მიმაჩნია ძალადობა და წამება მისაღებად და დასაშვებად! ვგმობ! ვუპირისპირდები! ვემიჯნები!”- წერს სვიმონ ჯანგულაშვილი.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს