2
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოს მონიტორინგის თანამომხსენებლები, ედიტე ესტრელა და საბინა კუდიჩი ღრმა შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოში განსხვავებული პოლიტიკური აზრის მქონე ადამიანების წინააღმდეგ მიმდინარე რეპრესიების, მათ შორის რეპრესიული კანონმდებლობის მიღებისა და ოპოზიციის წევრების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო აქტივისტების მიმართ სამართლებრივი მექანიზმების ბოროტად გამოყენების გამო.
თანამომხსენებლები გმობენ სოციალურ ქსელში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სავარაუდო “შეურაცხყოფის” საბაბით ჟურნალისტებისა და პოლიტიკური აქტივისტის სასამართლოში დაბარების ფაქტს და ასევე დაუსაბუთებელი და არაპროპორციული სამართლებრივი ზომების გამოყენებას.
ამასთან, ედიტე ესტრელა და საბინა კუდიჩი გმობენ “ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაკავებებს, რომლებიც უარს ამბობენ “წინა რეჟიმის მიერ ჩადენილი ქმედებების” შემსწავლელ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაში გამოცხადებაზე, რომელზეც არაერთხელ განაცხადეს, რომ მისი მიზანი ქვეყანაში პოლიტიკური ოპოზიციის აკრძალვაა”.
მიმდინარე რეპრესიები მხოლოდ ამწვავებს სოციალურ და პოლიტიკურ კრიზისს საქართველოში და ქვეყანას კიდევ უფრო აშორებს ევროპის საბჭოს წევრის სტატუსით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისგან. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეწყვიტოს ქართული საზოგადოების განსხვავებული აზრის არადემოკრატიული ფორმით ჩახშობა და შეაჩეროს ქვეყნის სწრაფი დემოკრატიული უკუსვლა.
ჩვენ კვლავ მზად ვართ, შევინარჩუნოთ ღია და კონსტრუქციული დიალოგი ხელისუფლებასთან და ყველა პოლიტიკურ ძალასთან, რათა დავეხმაროთ ქვეყანას ევროპის საბჭოს წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებაში”. – წერია განცხადებაში.