მოკლული ხარძიანის „კუს ტბის“ წილების საქმეზე უდესიანი დაუსწრებლად ცნეს დამნაშავედ

1 hour ago 2

საქართველოს პროკურატურა აცხადებს, რომ 2015 წელს მოკლული ბიზნესმენის, ბესარიონ (ბესიკ) ხარძიანის „წამებისა და ქონების გამოძალვის“ ბრალდებაში სასამართლომ დამნაშავედ ცნო „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროინდელი მაღალჩინოსნები, გიორგი უდესიანი და ალექსანდრე მუხაძე.

უდესიანი სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის ყოფილი მოადგილეა, ხოლო ალექსანდრე მუხაძე - სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულების ყოფილი დირექტორი.

თბილისის საქალაქო სასამართლომ უდესიანსა და მუხაძეს დაუსწრებლად მიუსაჯა 10.5-10.5 წლით პატიმრობა. მათთვის ეს არ არის პირველი განაჩენი.

ბრალდება უკავშირდება 2011 წლის ეპიზოდს „კუს ტბის“ წილების გადაფორმების გარემოებების შესახებ და არა ბიზნესმენის მკვლელობას.

უდესიანის ადვოკატები წარსულში აცხადებდნენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფი პოლიტიკური დევნის მსხვერპლია.

რა ბრალდებით გაასამართლეს უდესიანი

პროკურატურის ვერსიით, - რაც სასამართლომ გაიზიარა:

  • 2008 წელს უდესიანი (ასევე ბიზნესმენი) და ხარძიანი შპს „კუს ტბა კალასა“ და შპს „კუს ტბა პალასის“ პარტნიორები გახდნენ;
  • 2011 წელს, შსს-ის სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდ-ის) თანამშრომლებმა „ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს“ ბესიკ ხარძიანი;
  • იგი მოათავსეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულებაში;
  • ხარძიანისა და მისი ოჯახის საკუთრებაში არსებული კუს ტბის წილების „უკანონოდ დაუფლების და შესაბამის ქონებებზე სრული კონტროლის მოპოვების მიზნით“, უდესიანმა „შეიმუშავა და განახორციელა ძალადობრივი, დანაშაულებრივი გეგმა“.

რა ბრალდებით გაასამართლეს მუხაძე

სასამართლოს მიერ გაზიარებული ვერსიის თანახმადვე, უდესიანი დაუკავშირდა N8 დაწესებულების იმჟამინდელ დირექტორს, ალექსანდრე მუხაძეს, - თავის მეგობარს, - და დაავალა „საპატიმრო დაწესებულებაში ბიზნესმენისთვის იმგვარი პირობების შექმნა, რომ ბესარიონ ხარძიანი და მისი ოჯახის წევრები იძულებული გამხდარიყვნენ დაეთმოთ მათ საკუთრებაში არსებული კუს ტბის წილები“.

ამის შემდეგ, გამოძიების ვერსიითვე:

  • ბესარიონ ხარძიანის საკანში მოათავსეს ადმინისტრაციის ნდობით აღჭურვილი ორი პატიმარი;
  • მათ მუხაძისგან დავალებული ჰქონდათ, „ნებისმიერი მეთოდის გამოყენებით იძულებული გაეხადათ ბესარიონ ხარძიანი, დაეთმო კუს ტბის წილები“;
  • ეს ორი პირი „თითქმის ორი თვის განმავლობაში სისტემატურად ძალადობდა მასზე როგორც ფსიქოლოგიურად, ისე ფიზიკურად“;
  • „აიძულებდნენ, რომ ქონება გიორგი უდესიანის სასარგებლოდ დაეთმო“, - აცხადებს პროკურატურა;
  • „ასევე, ალექსანდრე მუხაძის დავალებით, ბესარიონ ხარძიანის მიმართ განხორციელებულ ძალადობას ხელს უწყობდნენ და უშუალოდ მონაწილეობდნენ N8 დაწესებულების თანამშრომლებიც“;
  • „ასევე, გიორგი უდესიანმა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა განახორციელა ბესარიონ ხარძიანის ძმაზე გიორგი ხარძიანზე“, - წერია ბრალდებაში.
  • „საბოლოოდ, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის შედეგად, პატიმარი ბესარიონ ხარძიანი და მისი ოჯახის წევრები იძულებული გახდნენ გიორგი უდესიანისთვის დაეთმოთ კუს ტბის (შპს „კუს ტბა კალა“ და შპს „კუს ტბა პალასი“) წილები“, - წერს პროკურატურა;
  • უწყების თანახმადვე, აღნიშნული ქონების ღირებულება დაახლოებით ოთხ მილიონ ლარს შეადგენდა.

კონტექსტი

ბესიკ ხარძიანი „კუს ტბის“ აქციების ერთ-ერთი მფლობელი იყო.

იგი 2011 წლის ტებერვალში ნარკოტიკების მოხმარებისა და რეალიზაციის ბრალდებით დააკავეს, თუმცა მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს ბიზნესმენი მტკიცედ უარყოფდა. მან საპატიმრო 2012 წლის დეკემბერში დატოვა.

პატიმრობის შემდეგ, ბესიკ ხარძიანი ჟურნალისტებთან ინტერვიუებში ამბობდა, რომ „კუს ტბის“ აქციები მას ციხეში ყოფნის დროს იძულებით დაათმობინეს.

ბიზნესმენის განმარტებით, მას „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა და სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ გიორგი უდესიანმა „კუს ტბის“ წილი მოსთხოვა, უარის მიღების შემდეგ კი ის დააკავეს.

ბესიკ ხარძიანმა „კუს ტბის“ ტერიტორიის უკან დაბრუნების მოთხოვნით ახალი ხელისუფლების პირობებში პროკურატურას მიმართა.

გამოძიების შემდეგ მას „კუს ტბის“ აქციები დაუბრუნდა. თუმცა „კუს ტბის“ წილთან დაკავშირებით სამართლებრივი დავა გაგრძელდა.

უდესიანი „პოლიტიკური დევნილია“ - ამბობდნენ ადვოკატები

2024 წელს გი­ორ­გი უდე­სი­ა­ნის ადვოკატი ბექა ბასილაია აცხადებდა, რომ გიორგი უდესიანი იყო „პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნი­ლი“:

„მო­გეხ­სე­ნე­ბათ, გი­ორ­გი უდე­სი­ა­ნი არის პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნი­ლი, რაც და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია ჩვე­ნი მე­გო­ბა­რი და­სავ­ლუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის და „ინ­ტერ­პო­ლის“ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბი­თაც, რო­მელ­მაც გია უდე­სი­ა­ნის ძებ­ნა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას უარი უთხრა“, - ამბობდა მაშინ ბექა ბასილაია.

უდესიანის კიდევ ერთი ადვოკატი, შოთა თუთბერიძე კი ამბობდა:

„გია უდესიანი გახლდათ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სამხედრო შენაერთის მეთაური [2008 წლის] აგვისტოს ომში. მას აქტიური მონაწილეობა აქვს მიღებული რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში. რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლებს რუსეთი უსწორდება, მათ შორის, საკუთარი სატელიტი მთავრობების დახმარებით. ამ ფაქტს ადასტურებს ისიც, რომ არცერთი ცივილიზებული, დასავლური სახელმწიფო არ აღიარებს საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნას უდესიანის ექსტრადიციასთან დაკავშირებით“.

ხარძიანის მკვლელობა 2015 წელს

რაც შეეხება ბიზნესმენის მკვლელობას - იგი 2015 წლის 28 მარტს საკუთარი სახლის სადარბაზოსთან ოთხჯერ გასროლის შედეგად მოკლეს. იგი 49 წლისა იყო.

ბესიკ ხარძიანმა სიკვდილამდე ორი კვირით ადრე ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა:

„მე ვიძლევი ცუდ გაფრთხილებას: თუ არ აღდგება სამართალი, 70-იანი წლების სიცილია მონაგონი გახდება საქართველოში. არავის არ ვაშინებ. პირიქით, ფრთხილად ვიყოთ საზოგადოება, წასული ხელისუფლებაც და ახალიც“.

მისი მკვლელობისთვის - „შეკვეთით განზრახ მკვლელობისა“ და ასევე სხვა რამდენიმე მუხლით - 2015 წლის აპრილიდან იძებნებოდა ფარიდ გურბანოვი, მათ შორის ინტერპოლის საერთაშორისო არხებით.

ბრალდების თანახმად, გურბანოვი საქართველოში იმყოფებოდა „ოლექსანდრ დამეტოვის სახელზე შედგენილი უკრაინის მოქალაქის ყალბი პასპორტით“.

საბოლოოდ გურბანოვი 2024 წელს თურქეთში დააკავეს და იმავე წლის 12 სექტემბერს საქართველოს გადმოსცეს. მას უვადო პატიმრობა აქვს მისჯილი.

დღემდე იძებნება „გურბანოვის თანამზრახველი“ - რუსეთის მოქალაქე ოლეგ დოევი.

სრულად წაკითხვა