ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოლდოველი პრორუსი ოლიგარქის, ილან შორის სარჩელი მისთვის დაწესებული სანქციების გაუქმების შესახებ.
ილან შორი ევროკავშირმა 2023 წელს დაასანქცირა მოლდოვაში დესტაბილიზაციისკენ მიმართული ქმედებებისთვის. ილან შორთან ერთად ევროკავშირის საქნციების ქვეშ მოექცნენ, მისი თანაპარტიელი მარტინა ტაუბერი, კიდევ ერთი ოლიგარქი ვლადიმირ პლახატნიუკი, მოლდოვის პოლიციის ყოფილი უფროსი გეორგი კავკალიუკი და რუსი ბიზნესმენი იგორ ჩაიკა.
მოლდოვაში დესტაბილიზაციისკენ მიმართული ქმედებებისთვის ევროკავშირმა აღნიშნულ პირებს ფინანსური და სამოგზაურო შეზღუდვები დაუწესათ, რაც მართლმსაჯულების ევროპულ სასამართლოში ილან შორმა და მარტინა ტაუბერმა გაასაჩივრეს.
შორი და ტაუბერი ითხოვდნენ ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოსგან მათთვის დაწესებული სანქციების გაუქმებასა და ფინანსური კომპენსაციის გადახდას „იმ არამატერიალური ზიანისთვის“, რომელიც მათი განცხადებით, სანქციების შედეგად მიადგათ.
მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ პრორუსი ოლიგარქის, ილან შორის ოპოზიციური პარტია „შორი“ ანტიკონსტიტუციურად გასული წლის ივნისში ცნო და მისი დაშლა ბრძანა, თუმცა მათ ახალი პარტია ჩამოაყალიბეს. თავად ილან შორი მოლდოვის საბანკო სისტემიდან მილიარდი დოლარის მოპარვის გახმაურებულ საქმეში ერთ-ერთი ფიგურანტია. მან 2019 წელს ქვეყანა დატოვა და ისრაელში გაიქცა. პრორუს ოლიგარქს 2023 წლის აპრილში ფულის გათეთრებისა და თაღლითობის გამო მოლდოვაში 15-წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯეს.
ილან შორს სანქციები აქვს დაწესებული აშშ-ის მიერაც.
შორის პარტია ორგანიზებას უწევდა, თავად კი აფინანსებდა მოლდოვაში მოქმედი პროევროპული ხელისუფლების საწინააღმდეგო პროტესტებს. მოლდოვის პოლიციის თანახმად, რუსული დაზვერვა შორის მოწყობილ აქციებს ქვეყნის დესტაბილიზაციისთვის იყენებდა.