მოლდოვის სასამართლომ გაგაუზიის პრო-რუსი გუბერნატორის წინააღმდეგ საქმის წარმოება დაიწყო

3 weeks ago 11

სამშაბათს, მოლდოვის სასამართლომ დაიწყო საქმე გაგაუზიის რეგიონის, კრემლის მომხრე გუბერნატორის წინააღმდეგ, რომელსაც ბრალად რუსული ფინანსების პრო-მოსკოვური პარტიის სასარგებლოდ გადარიცხვა ედება.

ადრე უცნობი ევგენია გუტული, რომელმაც გასულ წელს ადგილობრივ არჩევნებში გაიმარჯვა, ძლიერ პრო-რუსული შეხედულებებით გამოირჩევა და ეწინააღმდეგება მოლდოვის პრო-ევროპულ მთავრობას, რომელიც მოსკოვს ბრალს პოლიტიკურ ჩარევაში სდებს.

პროკურორების თანახმად, 2019-2022 წლებში, გუტული ჩართული იყო აღურიცხავი თანხების სისტემატურ გადარიცხვებში, რათა დაეფინანსებინა ამჟამად აკრძალული პრო-მოსკოვური „შორ“ პარტია, რომელიც ილან შორმა, მოლდოვაში თაღლითობისთვის მსჯავრდებულმა, გადასახლებაში მყოფმა პრო-რუსმა ბიზნესმენმა დააფუძნა.

დედაქალაქ კიშინიოვში, სასამართლოში გამოცხადებულმა გუტულმა თქვა, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია. მის „ტელეგრამის“ არხზე გაზიარებულ ვიდეოში ჩანს რამდენიმე ათეული ადამიანი, რომელიც სასამართლოს შესასვლელთან მის მხარდასაჭერად მივიდა.

გუტულმა „ტელეგრამზე“ გამოაქვეყნა: „დღეს ჩემს და „შორ“ პარტიიდან ჩემი კოლეგების წინააღმდეგ შეთითხნილ საქმეზე პირველი სასამართლო მოსმენა ჩატარდა. სასამართლო 27 მაისისთვის გადაიდო.“

მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ სასამართლო გადაიდო, რადგან საბრალდებო დასკვნა რუსულ ენაზე არ გადასცეს. მოლდოვის ოფიციალური ენა რუმინულია.

პროკურორებმა თქვეს, რომ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში გუტული შეიძლება 2-დან 7 წლამდე პატიმრობით დაისაჯოს და სამთავრობო თანამდებობების დაკავება აეკრძალოს. მას ასევე ბრალად ედება, რომ 2022 წელს, „შორ“ პარტიის მიერ ორგანიზებულ ანტი-სამთავრობო პროტესტებზე დასასწრებად ადამიანებს ფულს უხდიდა.

გუტული მოსკოვში მაღალი თანამდებობის პირებს შეხვდა და მარტში ვლადიმირ პუტინთან აუდიენცია ჰქონდა.

მოლდოვა იმედოვნებს, რომ 2030 წლისთვის ევროკავშირში შევა და მოსკოვის ორბიტას ჩამოცილდება.

გაგაუზია პატარა ავტონომიური რეგიონია, რომლის 140,000 -იანი მოსახლეობა მეტწილად ეთნიკური თურქია და 1991 წელს საბჭოთა ხელისუფლების დასრულების შემდეგ, ცენტრალურ ხელისუფლებასთან დაძაბული ურთიერთობა აქვს.

სრულად წაკითხვა