თბილისში დაანონსებულ დიდ პროტესტს სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებიც უერთდებიან – რეჟიმის ტყვეების მშობლები “პირველებთან” ამბობენ, რომ მომავალი ახალგაზრდებისაა, ამიტომ მათივე განმარტებით, ახლა აუცილებელია, რომ სტუდენტების გვერდით თითოეული ის მოქალაქე იდგეს, რომელთაც საქართველოს ბედზე გული შესტკივათ.
ოთხ კედელში გამოკეტილი ახალგაზრდების მშობლები ქართულ საზოგადოებას მოუწოდებენ, რომ ქუჩაში გამოვიდნენ და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ქაშვეთში შეხვდნენ. მათივე თქმით, ქვეყანას რეჟიმისგან გათავისუფლება სჭირდება, რაც მხოლოდ ერთობით მიიღწევა.
ჩვენ ყველა ვუერთდებით, ასევე უერთდებიან ყველა სფეროს წარმომადგენლები. ჩემი თხოვნა იქნება, რომ ავდგეთ და შევუერთდეთ ახალგაზრდებს, რადგან მომავალი მათია. საქართველოს ვინც გადაარჩენს და ვინც ბრძოლაში ყოველთვის მოგებული რჩებოდა, სტუდენტები, ახალგაზრდები და მომავალი თაობა იყვნენ”. – განაცხადა ელენე ახობაძემ.
პატიმრების მშობლები, ოჯახის წევრები ვალდებულები ვართ, რომ მათ გვერდით ვიდგეთ, დავიცვათ ჩვენი შვილებიც და სრულიად საქართველო. ხალხს მოვუწოდებთ, რომ გამოვიდნენ, გამოფხიზლდნენ და მიხვდნენ, სად მიდის ქვეყანა. ჩვენი უდანაშაულო პატიმრების რისთვის ისჯებიან? სამშობლოს სიყვარულისთვის?!”. – განაცხადა მარინა ტერიშვილმა.
ერთად უნდა შევხვდეთ აღდგომას რუსთაველზე. მოვუწოდებ ყველას, მოდით ქაშვეთში. აუცილებელია საქართველოსთვის, ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც დღეს იტანჯება რეჟიმისგან. ქვეყანას სჭირდება გათავისუფლება და მხოლოდ ერთობით მოხდება ეს”. – განაცხადა ქეთი დანელიამ.
დიდი ერთობის დღე საქართველოში – ქვეყანაში საპროტესტო შეკრებისთვის ემზადებიან. ამ საღამოს, 19:00 საათიდან ყურადღების ცენტრში რუსთაველის გამზირი იქნება.
პროევროპულად განწყობილი მოქალაქეები გეგმავენ, რომ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ცენტრალურ გამზირზე ერთად შეხვდნენ. მარშრუტი კი ასეთია. თავდაპირველად, ახალგაზრდები საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბებიან, სადაც იქნება სიტყვით გამოსვლები. მათ შორის, საზოგადოებას რეჟიმის ტყვეების მშობლებიც მიმართავენ.
შემდეგ პროტესტის რეჟიმში გადასული მოქალაქეები მსვლელობით გმირთა მოედანზე გადაინაცვლებენ, სადაც ასევე სიტყვით ვეტერანები და დაღუპული გმირების შვილები გამოვლენ. ახალგაზრდები ასევე სიმბოლურად ფიცის დადებასაც აპირებენ, ფიცის ტექსტს კი სინდისის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის მამა წაიკითხავს.
საბოლოოდ კი თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანები გმირთა მემორიალიდან მსვლელობით რუსთაველზე გადაინაცვლებენ და სანთლებით ხელში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს შეხვდებიან.